18 თებერვალს ბიზნესმენისა და მეცენატის, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. იგი 70 წლის გახდა.
ბიძინა ივანიშვილმა უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილები მიიღო. მას გამორჩეულად ულოცავენ მმართველი გუნდის წევრები, გთავაზობთ რამდენიმე მათგანის მილოცვას:
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე:
„ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ 70 წლის იუბილეს! ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მისი როლი შეუცვლელია. საქართველოსთვის გამორჩეულად რთულ დროს, როდესაც ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის ღირსება, ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლება, მედიის თავისუფლება და სხვა უზენაესი ღირებულებები, როდესაც გარედან მართული ხელისუფლება ქვეყნის უშიშროებას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა, ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა გარდატეხა ქვეყნის და სახელმწიფოს ცხოვრებაში. საქართველოში დამკვიდრდა დემოკრატია და სამართლის უზენაესობა; აღდგა ბიზნესის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი; ქვეყნის სათავეში მოვიდა პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია; ოთხჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი; საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი.
2012 წელს დანაშაულებრივი რეჟიმის პირობებში უდიდესი პიროვნული რისკის ფასად ქვეყნის ცხოვრებაში გარდატეხა შეიტანა ადამიანმა, რომელსაც ძალიან ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი. მან გვერდზე გადადო საკუთარი პირადი უსაფრთხოება და კეთილდღეობა და პირდაპირი მნიშვნელობით თავი გადადო უცხოური აგენტურის კრიმინალური მმართველობისგან საქართველოს დასახსნელად. ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ საკუთარ სამშობლოზე განსაკუთრებულად შეყვარებულ ადამიანს შეეძლო.
პატრიოტიზმთან ერთად, გარედან მხარდაჭერილი დანაშაულებრივი რეჟიმის შეცვლას სჭირდებოდა განსაკუთრებული სიბრძნე და ინტელექტი. 2011 წელს არავის სჯეროდა, რომ დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის სრული ხელყოფის პირობებში, არჩევნების გზით რეჟიმის შეცვლა შესაძლებელი იყო. თუმცა, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა, ის ბიძინა ივანიშვილმა გროსმაისტერული გათვლებით და სვლებით გახადა შესაძლებელი.
ზუსტად ასეთივე გამორჩეულ ქვეყნის სიყვარულს და სიბრძნეს მოითხოვდა 2022 წლის შემდეგ საქართველოს გადარჩენა მოვლენების იმგვარი განვითარებისგან, რომელმაც უკრაინას ეგზისტენციალური პრობლემები შეუქმნა. ამ შემთხვევაშიც, იმ უმძიმეს ზეწოლასთან და შანტაჟთან დაპირისპირება, რომელიც ჩვენი ქვეყნის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხორციელდებოდა, მოითხოვდა, ერთი მხრივ, სამშობლოს განსაკუთრებულ სიყვარულს და მისთვის თავდადებას, ხოლო, მეორე მხრივ, გამორჩეულ სიბრძნეს და ინტელექტს. ის, რომ ურთულეს პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და პრინციპულად განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში მოთმინებით საქმის კეთების კულტურა, რომლის ნაკლებობამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყანას უამრავი შეცდომა დააშვებინა. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით მმართველი გუნდი საქართველოს საკეთილდღეოდ მომავალშიც დიდ წარმატებებს მიაღწევს.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს, ვუსურვებ დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას!“, - წერს კობახიძე.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
„ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ გარანტს ვულოცავ დაბადების დღეს“, - წერს ლევან მაჭავარიანი.
თბილისის მერი კახა კალაძე:
„დაბადების დღეს ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის როლიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაში უდიდესია.
„ქართული ოცნების“ დაფუძნებით და პოლიტიკაში მოსვლით მან საფუძველი დაუდო საქართველოს გამარჯვების ისტორიას, რომლის შემოქმედიც არის ქართველი ხალხი.
ბიძინა ივანიშვილი იყო პირველი, ვინც ნიღაბი ჩამოხსნა ფსევდოლიბერალებს და ხმამაღლა ისაუბრა იმ უდიდეს გამოწვევაზე, რასაც „დიფ სთეითი“ წარმოადგენს.
უცხოური აგენტურის ხელით ქვეყნის აყირავების მცდელობებმა, დასავლეთის მხრიდან წამოსულმა ზეწოლამ და მუქარამ, რომელიც დღემდე გრძელდება ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ თვალხილული გახადა მიმდინარე პროცესები.
შედეგად, დღეს საქართველო არის ბევრად უფრო ძლიერი, მეტად განვითარებული და, რაც მთავარია, სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომლის ბედსაც წყვეტს ამ ქვეყნის მოსახლეობა - ამაში კი ბიძინა ივანიშვილის როლი არის გარდამტეხი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ლიდერს დაბადების დღეს, ვუსურვებ მას ბევრ გამარჯვებას საქართველოს საკეთილდღეოდ!“, - წერს კახა კალაძე.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უმცროსი ვაჟი გიორგი გამსახურდია:
„დღეს, ძალიან კარგი კაცის, ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული, დიდი პატრიოტის და საუკუნის მეცენატის დაბადების დღეა. გამჩენმა სიკეთე და ჯანი მისცეს ბიძინა ივანიშვილს და მის მონაგარს. დანარჩენს, ისტორია დაალაგებს და კარგ კაცს, ღირსეულ ადგილს მიუჩენს“, - წერს გამსახურდია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება - დეტალები
⭕„არასასიკეთოა მკურნალობის დაწყება ან ავადმყოფების მონახულება“ - 18 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
🎥 გაჭირვებული ოჯახი, ფარული სიკეთეები და ქორწილის უცნობი დეტალები - ბიძინა ივანიშვილი იუბილარია