Digest Logo

🎥 გაჭირვებული ოჯახი, ფარული სიკეთეები და ქორწილის უცნობი დეტალები - ბიძინა ივანიშვილი იუბილარია

1708248101
ბიძინა ივანიშვილი Digest.ge

18 თებერვალს ბიზნესმენისა და მეცენატის, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. იგი 68 წლის გახდა.

ბიძინა ივანიშვილი, საჩხერის რაიონში, სოფელ ჭორვილაში დაიბადა. მის სახელს საქართველოში არაერთი კეთილი საქმე უკავშირდება.

დღეს „დაიჯესტი“ ბიძინა ივანიშვილზე გიამბობთ:

ოჯახი

მამა „ჭიათურმანგანუმის“ კომბინატის მაღაროელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა“.

მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ჯერ არმირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი კომპიუტერებით ვაჭრობდა. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ამ დაკვეთის შედეგად მას სოლიდური თანხა დაუგროვდა, რითაც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა.

1988 წელს ივანიშვილმა დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა. გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები. ამის შემდეგ მათ ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს ჰონკონგში. 1990 წლისთვის ივანიშვილი ელექტროტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იყო რუსეთში. დაგროვებული კაპიტალით ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ბანკი „როსკრედიტი“.

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ქორწილის უცნობი დეტალები და სკოლა

ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი გაჭირვებულ ოჯახში იზრდებოდაო. მისი სიდუხჭირის შესახებ ლეგენდებიც დადის. თავადაც ხშირად უსაუბრია ამ თემაზე. ამბობდა, რომ გამდიდრებამდე ბევრი დაბრკოლება გაიარა და სხვადასხვა დროს სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდა.

„დაიჯესტი“ ბიძინას თანაკლასელის ინტერვიუზე დაყრდნობით მის ბავშვობაზე, სკოლაში განვლილ დროსა და ქორწილის შესახებ მოგითხრობთ

ბიძინა ივანიშვილი ცნობილი საოპერო მომღერლის, ნუგზარ-ვალერიანო (გამგებლის) თანაკლასელი იყო. მომღერლის და თინათიან გამგებელი, ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბიზნესმენს ბავშვობაში მეგობრებთან.

„გაჭირვებული ოჯახიდან მოვდივართ, თუმცა ღარიბები არ გვეთქმოდა, რადგან რომ ავმღერდებოდით, მეზობლები ჩვენ გარშემო იკრიბებოდნენ და მეტი სიმდიდრე რაღა გვინდოდა?! მამა პედაგოგი გახლდათ, ექვსი და-ძმა ვიყავით და გვიჭირდა, მაგრამ მამამ მუსიკის დიდი ნიჭი თავიდანვე შეამჩნია ნუგზარს და პიანინო უყიდა. მეზობლები დაგვცინოდნენ, რა დროს პიანინო იყო, სახლი თავზე ექცევათო...

სკოლა თუ დავამთავრე, სულ ბიძინას ხარჯზე. ძალიან სუსტი გახლდით მათემატიკაში. პედაგოგი ანა სადუნიშვილი კი ძალიან მკაცრი იყო. ახლაც ცოცხალია, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს! ბიძინა ყოველთვის ან ჩემ წინ იჯდა, ან უკან. მათემატიკის საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა, თვითონ კი გადამეფარებოდა, მასწავლებელს რომ არ დაენახა... ანა სადუნიშვილმა იცოდა, ბიძინასგან გადაწერილი რომ მქონდა, მაგრამ ოთხიანს ან სამიანს მაინც მიწერდა. ბიძინას ხუთიანზე ნაკლები არასოდეს მიუღია. ბრწყინვალედ სწავლობდა ჰუმანიტარულ საგნებსაც“, - ჰყვებოდა თინათინ გამგებელი.

„ბიძინა ძალიან დინჯი იყო. შვიდი გოგო ვიყავით კლასში და ყველას ერთნაირად გვექცეოდა. დღესაც ისეთივე პატივს გვცემს შვიდივეს... მეუღლე რომ გარდამეცვალა, საქართველოდან შორს იყო, მაგრამ გვერდით დამიდგა. მისი ქველმოქმედების შესახებ ლეგენდებს რომ ჰყვებიან, ყველაფერი სიმართლეა. ბანკეტი რომ გადავიხადეთ, მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ვერ დაესწრო, მაგრამ ბიჭებს მანქანები გამოუგზავნა, გოგოები კი სხვა მხრივ დაგვაჯილდოვა...

მეც ძალიან მადლიერი ვარ და ჩემი კლასელებიც. ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ჩუმად ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა, მე ნერწყვი მომდიოდა. მერე გოგოები დავესეოდით, გაკვეთილის მოყოლას რატომ არ გვაცლი-თქო. მე ძალიან ცელქი ვიყავი და როცა მეტისმეტი მომდიოდა, ბიძინას გვერდით დამსვამდნენ, მას მიჰბაძეო... ჭორვილაში რვაწლიანი სკოლა გვქონდა და სწავლის გასაგრძელებლად საირხის სკოლაში რომ გადავედით, ვიღაც უფროსი ბიჭი გადამეკიდა. ბიძინა მისგან მიცავდა, რამდენჯერ შინ მივუცილებივარ. ჩემი დის გაბედნიერებაში კი გადამწყვეტი როლი შეასრულა. რომ გაიპარა, ბიძინას სთხოვა, ჩემოდანი საჩხერემდე ჩამატანინეო...“ - ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილის თანაკლასელი.

თინათინ გამგებელი თანაკლასელის ქორწილის დეტალებსაც იხსენებს:

„მთელ ჭორვილას მოედო ამბავი, ქორწილში ბიძინას ცოლის „შლეიფი“ შვიდ ქალს მიჰქონდაო. მეწყინა, ქორწილს რომ ვერ დავესწარით, მაგრამ მისი მაინც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ჩემი პატარა ოჯახი თუ არსებობს და მომავლის იმედი აქვს, ეს მისი დამსახურებაა. ნახევარი საქართველო მისი წყალობით სულდგმულობს დღესაც. ყოველთვის ძალიან თავშეკავებული იყო, ბავშვობაშიც ბევრ სიკეთეს გვიკეთებდა, მაგრამ გვთხოვდა, არ გამამხილოთო...“

ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს 4 შვილი ჰყავთ.

ქველმოქმედება

1995 წელს ივანიშვილმა მეუღლე ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დააარსა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ რომლის ერთადერთი დონორი ივანიშვილის ოჯახია. ფონდის მეშვეობით მან განახორციელა მრავალი პროექტი, კერძოდ, ხელოვნების დარგში – კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა თბილისის შოთა რუსთაველის, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის[13], კ. მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა, ა. გრიბოედოვის, ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა და რ. გაბრიაძის სახ. მარიონეტების თეატრებს, თბილისის საკონცერტო დარბაზისა და ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს.

მიმდინარეობს ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის და თბილისის სომხური თეატრების რეაბილიტაცია.

აღდგა ს. ჯანაშიას სახ. ეროვნული მუზეუმი, გ. ბააზოვის სახ. ებრაელთა მუზეუმი, ა. წერეთლის, ი. ჭავჭავაძის, ვ. მაიაკოვსკის სახ. მუზეუმები. წლების განმავლობაში ფონდი ახორციელებს ზემოხსენებული თეატრებისა და მუზეუმების პერსონალის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამას.

საერთაშორისო აუქციონებზე ფონდმა შეიძინა ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოები და საჩუქრად გადასცა ეროვნულ მუზეუმს.

დაარსების დღიდან ფონდი „ქართუ“ მატერერიალურ დახმარებას უწევს საქართველოს ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დარგში – ქვეყნის მასშტაბით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 700-ზე მეტ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ეტაპობრივად ხორციელდება „ქართუს“ მიერ დაგეგმილი ყველა ისტორიულ-კულტურული ძეგლის აღდგენა. მისივე სახსრებით თბილისში აშენდა სამების საკათედრო ტაძარი. 

პოლიტიკური მოღვაწეობა

2012 წლის 21 აპრილს ივანიშვილმა დააფუძნა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“, სათავეში ჩაუდგა თავისსავე შექმნილ ოპოზიციურ პარტიათა კოალიციას, რომელმაც 2012 საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

2012 წლის 25 ოქტომბერს იგი აირჩიეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ამ პერიოდში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა (უფასო გახდა გადაუდებელი ოპერაციები და მშობიარობა), დაიწყო თვითმმართველობის სისტემის რეფორმა და შემუშავდა სოფლის გადარჩენის პროექტი. პრიორიტეტებად დაისახა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების აღდგენა და დამკვიდრება. ბიზნესის გათავისუფლება სახელმწიფო წნეხისაგან. დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობის გაძლიერება და ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის გატარება. 2013 წლის 20 ნოემბერს ივანიშვილმა წინასწარ გაკეთებული განცხადების საფუძველზე საკუთარი სურვილით დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი და სამოქალაქო სექტორს დაუბრუნდა, რითაც უნიკალური პოლიტიკური პრეცედენტი შეიქმნა.

2018 დაბრუნდა პოლიტიკაში და აირჩიეს პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ. 2021 წელს განაცხადა ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

2024 წელს ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა არაერთ სიკეთესთან ერთად ქართველ ხალხს შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკი აჩუქა, სადაც მცენარეთა უნიკალური კოლექცია, მსოფლიოს კონტინენტებიდან 52-ზე მეტი სახეობის ეგზოტიკური ფრინველისგან გაშენებული ტყე-პარკია მოწყობილი.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ

⭕„ქართველი მებრძოლები, სიამაყე და აღიარება პატარა, მაგრამ გამძლე ერისთვის“ - რაზე ოცნებობს მერაბ დვალიშვილი, ემოციური ინტერვიუ ბიჭთან, რომელმაც ერს შესანიშნავი დღე გვაჩუქა

⭕„მარკ ცუკერბერგი ჩემი გულშემატკივარია, დღეს ჩემი ჩხუბის სანახავად მოვიდა…“- როგორ მიულოცა ცუკერბერგმა ქართველს გამარჯვება, რომელიც ჩხუბს ესწრებოდა?