Digest Logo

„ბიქტოტა ტკბილი, თბილი სიტყვით მოლაპარაკე კაცი იყო...“ - ზურა შევარდნაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1751354794
ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან. ზურა შევარდნაძის ბაღი სახელწოდებით „გარდენია“, თბილისთან ახლოს მდებარეობს და იქ ზურა თავის ოჯახთან ერთად ყვავილებსა და მცენარეებს უვლის. ამასთან იგი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც ყვავილებისა და ბუნებაში მცენარეების მნიშვნელობაზე საუბრობს. მის ბაღში მუდამ სტუმრიანობა არის და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს გვიზიარებს, სადაც გურიაში, მისი სოფლის ერთ-ერთ მკვიდრზე ემოციურად წერს:

„ბიქტორა ჩავლეშვილი ჩვენი სოფლის მეწისქვილე იყო, ასკანის თემში, სახერხთან ორი თვალი წისქვილი საათივით ჰქონდა გამართული.

დიდვანიდან ურმით ჩამოტანილი ორი მომსხო დოლაბი დღეც ტრიალებდა და ღამეც, არ ჩერდებოდა.

ბიქტოტა ტკბილი, თბილი სიტყვით მოლაპარაკე კაცი იყო, ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ. ჩვენი სოფელი რა გარეშემო სოფლებიდანაც მოჰქონდათ საფქვავი. წესიერი კაცი იყო ბიქტორა, ფქვილს გულს არ გამუართუმდა, აურევდა და ისე აიღებდა მინდს ნამუსიანად.

რა უნდა ყოფილიყო, რომ ბიქტორას ხელს ვერ გაეკეთებინა. წისქვილის თვალის დევნებასთან ერთად კალათს, გოდორს, ან გიდელს ქსოვდა, ან ხერხავდა, ან წუღას კერავდა ან ასალაშინებდა, ჭედავდა რამეს.

განსაკუთრებით ძველებური ენიანი რაგვების კეთება იცოდა და გამოსდიოდა მშვენივრად. არც შინაურს და ახლობელს ეტყოდა უარს, არც შორიდან მოსულს. რაგვს ზევიდან მძიმე, თხემლის ბოლკოს დაადებდა, დაჯორგავდა. არ იქნებოდა შიგ თაგვი ჩასულიყო და არ გაელესა.

გამოგიდგამდა გარეთ, წისქვილის წინ და ამაყობით გეტყოდა:

- დუჭირავს დეიჭირავს იცოდე, ყველაზე გამოცთილსაც მუატყუებს იმფერია. გამოკიდებით ვერ გამიეკიდება თაგვს თვარა ახლო თუ ჩუუარა ცოცხალს არ გუუშობს იცოდე, აააა შეხედე რაფერ ბზიალობს?!

დასტურ მართალს ჩიოდა, ყველამ იცოდა ბიქტორას ძველებური, ენიანი, დაჯორგილი რაგვების ამბავი.

ძმაი ჰყავდა ბიქტორას ბათუმში მასზე კიდევ უფრო ხელგამოსული, ბევრი რამის გამოგონება და მოფიქრება შეეძლო ამ თანუკას. ერთ ზამთარს მასთან იყო ბიქტორა და იქიდან დაბრუნებულმა ახალი ლოგინის ბადეებიანი რაგვების კეთება დაიწყო, იქ უნახავს ქალაქში.

რაგვი მსუბუქი იყო და მოხერხებული, ისიც უტყუარი, გალიას ჰგავდა.

ღორის ვიჩინის ტყავს ნაკვერჩხალზე შეაწითლებდენ და სინით მიამაგრებდენ ენაზე, ისეთ სუნს გაუშვებდა თაგვს კი არა ადამიანს წასცდებოდა ხელი.

გაიღვიძებდი დილას და აუცილებლად დაგხვდებოდა რაგვში თაგვი, ხან რამდენიმე ერთად. თაგვს კი იჭერდა მარა რა გინდა ახლა რომ უქნა ამ ცოცხალ თაგვს?

რამდენჯერ შევსწრებივარ რაფერ უტრიალებდა ბებია ამ გალიას, რაგვში შეშინებული და დაბნეული თაგვი იჯდა. არ იცოდა რა ექნა ბებიას, ხან ხელში აიღებდა ამ გალიას თვალებთან ახლო მიიტანდა და დააკვირდებოდა კარგად, ხან გალიას გადაატრალებდა ხან გადმოატრიაებდა.

თაგვი გალიის კუთხეში იჯდა საწყლად და დიდვან თვალებს აბრიალებდა. ვერ კლავდა ბებია ამ თაგვებს. უტრიალებდა, უტრიალებდა და წყევლიდა ბიქტორას ხელაბყრობილი.

- მეისპე ბიქტორა ააააა, რაფერც შენ საქმე და საფიქრალი გამიჩინე აააა. წაწყდი შენ ჩემი ცოდვით აი ფოლორციქობა თვარ მოგეგონებია ჩემდა გასამწარებლათ აააა.

თაგვს ენა რომ ჰქონოდა აუცილებლად ეტყოდა ბებიას:

- ამ ერთი გზობა დამინდე და გამიშვი მეიკო ბიცოლა და ვფიცავარ ჩემს შვიდივე ხირხილას, მომძრეს აი ჩემი გასახმობი კბილები შენს ნაოფლარს თუ გევეკარო აწი.

უტრიალებდა ერთ ხანს ბებია, გულს მოიოხებდა წყევლით და მერე დამარცხებული სახით გამუაღებდა რაგვის ვიწრო კარებს.

- არ შეგარგოს გამჩენმა შენ და შენს ხირხილებს ჩემი ნაკვტავ ნაშრომი და ნაოფლარი აააა...
გამოვარდებოდა დაბნეული თაგვი და საღვინის კედელში, ბუხრის ქვეშ ვიწრო სოროში დურთებდა თავს.

ჩვენ ავჟივლდებოდოთ სიხარულით, ბებია გადმოგვხედავდა ნაწყენივით.

- ბაღნები, რუმ თაგვების მხარეს იქნებიენ და არა საკუთარი ბებიეს იგენისგან აფერი არ გამუა იცოდეთ მაინც..
ასე გაგრძელდა კაი ხანს სანამ თაგვები ისე არ გამრავლდენ, ხულა ნალია და ბეღელი გეიდუენ მხარზე, გარეთ გამოზიდეს და მშიერი არ დაგვტოვეს.

რაღა გაეწყობოდა, დაიწყო ბიქტორამ ისევ ძველი ენიანი, დაჯორგილი რაგვების კეთება“, - წერს ზურა შევარდნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ახალმა აღთქმამ კი ყველაფერი ნათლად გვიჩვენა - ვინ არის ერთადერთი ღმერთი და რაც იხსნის კაცობრიობას!“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ანტარქტიდისა და ჰიპერბორეის საიდუმლოებებზე

⭕ ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს სათავეში ქართველი მებრძოლი ჩაუდგა - ილია თოფურია პირველ ადგილზეა

⭕ „ულამაზესი ოჯახი...“ - ბუდუ ზივზივაძის მეუღლე ქალიშვილის დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს გვიზიარებს