
ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ჩვენ ვერ ვირჩევთ დაბადების ვერც დროს, ვერც ადგილს და ვერც მიზანშეწონილობას, მაგრამ ზნეობრივი არჩევანის შესაძლებლობა და მოვალეობა ყოველთვის გვაქვს:
„კაცობრიობის „განვითარების“ საქმე იქით მიდის, რომ, თუ აზროვნებისა და ქცევის ტენდენცია არ შეიცვალა, ერთ მშვენიერ დღეს წესიერ, განათლებულ, სიკეთის, სიმართლისა და სილამაზის გამომხატველ ადამიანს ცხოვრების დასასრული მხსნელად მოევლინება.
არ შეიძლება, ღვთის ხატად და მსგავსად დაბადებული კაცი თავისი ნამდვილი ადამიანური ბუნების დაკარგვას არ მისტიროდეს.
ჩვენ ვერ ვირჩევთ დაბადების ვერც დროს, ვერც ადგილს და ვერც მიზანშეწონილობას, მაგრამ ზნეობრივი არჩევანის შესაძლებლობა და მოვალეობა ყოველთვის გვაქვს.
თუ „განვითარება“ სახის დაკარგვაა, მაშინ წესიერ ადამიანს ერთადერთი არჩევანი აქვს:
იბრძოლოს თავისი ნამდვილი ბუნებისა და დანიშნულების შენარჩუნებისთვის, გაიმარჯვოს ან შეეწიროს ამ ბრძოლას შეგუების გარეშე.
მესამე გზა არ არსებობს - ვინმემ რომ სცადოს კიდეც, მორჩილი შემგუებლობა სიცოცხლის ღირსი არ არის.
მხოლოდ სიკეთის განვითარებაა სრულყოფა.
ბოროტების „განვითარება“, პროგრესის სახელით უზნეობის, უსამართლობის, უპრინციპობისა და ყალბი გემოვნების დამკვიდრება სამყაროს დასასრულია.
დასასრულზე ღმერთიც ლაპარაკობს სახარებაში, მაგრამ, იმედია - არა ასეთზე.
სამყაროს დასასრული სრულყოფილების კართან ჩნდება და არა ბოროტებისა და უზნეობის ქაოსთან.
ცხოვრება მაინც შესაძლებლობაა და არა სასჯელი“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ: