
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„დრო ძალიან ცოტა გვაქვს.
ცოტა ხანში, ჩვენი სახელები არქივის საკუთრება გახდება, ხორცი, რომელიც ასე მოგვწონს და ყოველდღე ვეფერებით - მიწის საკუთრება გახდება.
ერთადერთი რაც დარჩება - ეს არის შენი შინაგანი სამყარო და შინაგანი სამყარო როგორია, ჩემზე უკეთ შენ უნდა იცოდე...
ქრისტიანობა კი გეუბნება, დაჟინებით, რომ ცუდია შენი შინაგანი სამყარო - ძალიან ცუდია, იგი ჯოჯოხეთს ატარებს,
ჯოჯოხეთის შემოქმედია და ერთადერთი გამოსავალი არსებობს ის, რომ ვინც მოვიდა შენს გადასარჩენად
- და მოვიდა თავად ღმერთი, ვინც სისხლი დაღვარა შენს გამოსახსნელად ამ ჯოჯოხეთისაგან და დაღვარა თავად ღმერთმა, მას მოუხმო, როგორც მხსნელს, აი, ამ ჯოჯოხეთისაგან განთავისუფლებისათვის, ოღონდ ეს ჯოჯოხეთი უნდა დაინახო, რომ შენი სიტყვები ჰაერში გასროლილი „უფალო შემიწყალე“ არ იყოს, თავხედურად და ამაოდ მოხსენიება რომ არ იყოს ეს უფლის სახელისა, არამედ იყოს ნამდვილი „უფალო შემიწყალე“ და გული ამოაყოლო ამ სიტყვებს, რადგან გრძნობ შენს ჯოჯოხეთს, საკუთარ თავში...
ლოცვა არ მიაფუჩეჩო, იმიტომ, რომ შეიძლება ეს ლოცვა ბოლო იყოს შენთვის და მეტი ვეღარ შეძლო...
წარსული აღარ არსებობს, მომავალი არ არსებობს, ჯერ არსებობს მხოლოდ - „დღეს“ და როცა დაგიდგება ის დღე, როცა შესაწყნარებლად გექნება საქმე, უფალი გეუბნება - “ჟამსა შეწყნარებისასა ვისმინე შენი”,
როცა დაგიდგება ჟამი შეწყნარებისა და გადარჩენისა, უფალი გეუბნება - „მე მოვისმენ შენსას", იმ ჟამს, შენ უნდა უთხრა, რომ მან მოისმინოს შენი და აი, მაშინ შეგეწევა.
- და როდის იქნება ეს “ჟამსა შეწყნარებისასა?!”
- ჩვენი უკანასკნელი დღე;
- და როდის არის ეს?!
- არ ვიცით;
და ზუსტად დღეს - ხომ შეიძლება იყოს?!
რომელი ჩვენგანი იტყვის, რომ დღეს არ არის ეს დღე?!
და როცა იქნება, ზუსტად ასეთი დღე იქნება, როგორც დღეს არის...“, - ამბობს თეოდორე გიგნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: