მთარგმნელი და ჟურნალისტი თეა გვასალია ბუჩის ტრაგედიას ეხმიანება და წერს, რომ ომი გენოციდს, მხეცურ წამებას და ძალადობას, საერთო საფლავში ჩაყრილ, დაუნდობლად დახვრეტილ მშვიდობიან მოსახლეობას, დაღუპულ ჟურნალისტებს და ექიმებს, მიწასთან გასწორებულ ქალაქებს და სოფლებს ნიშნავს.
„ბუჩამდე იყო ოსვენციმი, მილიონ-ნახევარი დახოცილი ბავშვით, კოსოვო, დღეს 13 000 მშვიდობიანი მოსახლეობით ნაკლები რომ ჰყავს და აგერ, მთლად გუშინ - დამასკო, 100 000 მსხვერპლიდან 5000 რომ ქალი იყო და 3000 ბავშვი, აღარაფერს ვამბობ ჩვენ საკუთარ ტკივილზე - აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე.
ომი არ უნდა დაიწყოს, თორემ რომელ ომში გინახავთ მოწინააღმდეგის დანდობა და კეთილშობილური ჟესტები. ომს გეოგრაფიული დასახელებები და დაწყება-დამთავრების თარიღები აქვს განსხვავებული, თორემ ყველგან გენოციდს, მხეცურ წამებას და ძალადობას, საერთო საფლავში ჩაყრილ, დაუნდობლად დახვრეტილ მშვიდობიან მოსახლეობას, დაღუპულ ჟურნალისტებს და ექიმებს, მიწასთან გასწორებულ ქალაქებს და სოფლებს ნიშნავს.
მთელი მსოფლიო ხომ უკრაინის მხარესაა, ხომ უგზავნიან დახმარებას, იარაღსაც, გულში იხუტებენ მათ ლტოლვილებს, შუა თითს აჩვენებენ პუტინს ჰოლივუდიდან, სანქციებს სანქციებზე უწესებენ რუსებს, იკრიბებიან რუსეთის საელჩოსთან, სამ ასოზე აგზავნიან რუსეთის ფლოტს, მაგრამ ომში ჩაბმას არავინ აპირებს, რადგან მშვენივრად ესმით, რომ გამწარებული, დაჭრილი დათვის გაღიზიანებით შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და თავზე დაენგრეთ აწყობილი ცხოვრება.
ამ კაციჭამია, უსისხლო მონსტრთან პირისპირ დარჩენილი უკრაინელების ვაჟკაცობა ცალკე თემაა და პოსტი კი არა, რომანი ეკუთვნის, მაგრამ გლობუსზე 145 მილიონიან რუსეთს და 45 მილიონიან უკრაინას რომ ვუყურებ და მერე ჩვენს მოცუცქნულ ქვეყანაზე გადმომაქვს მზერა, ყველაზე მეტად მშვიდობას ვნატრობ და ძალიან გთხოვთ, უხორცოებივით უშიშები ნუ შემომიხტებით აქ აბჯრების ჟღარუნით, კლავიატურის წკაპუნით და გულზე მჯიღის ცემით.
P.s. ეს აბზაცი წაიკითხონ მხოლოდ დისლექსიით დაავადებულებმა, ანუ მათ ვისაც ნაწერიდან აზრის გამოტანა უჭირს. არ ვეხები პოლიტიკას, არც ქოცებს და ნაცებს, არსად მიხსენებია რუსეთის გაღიზიანება-არ გაღიზიანების და მისთვის სანქციების დაწესების თემა, არ ვარ საკმარისად კომპეტენტური იმისთვის, რომ „ბრძნული“ რჩევები მივცე მთავრობას, როგორ უნდა იქცეოდეს რუსეთთან მიმართებაში, მხოლოდ მშვიდობას ვნატრობ ჩემი სამი და თქვენი ბევრი შვილისთვის“, - წერს თეა გვასალია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵აპრილის თვის სილამაზის კალენდარი
🔵„მოერიდეთ სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას“ - ცაგარელის დღის რჩევა