Digest Logo

ჭარბი წონის არაცნობიერი ფსიქოლოგიური მიზეზები, რა შინაგან როლს ასრულებს სიმსუქნე ადამიანის ცხოვრებაში?

1795522637
მარიამ მგალობლიშვილი

სიმსუქნის ფსიქოდინამიკა: იცოდით, რომ ჭარბი წონა და სიმსუქნე მხოლოდ კალორიების, დიეტების ან ჰორმონების თემა არ არის? ზოგჯერ სხეული სიტყვებით ვერ გადმოცემულს ან ვერ გააზრებულს „საუბრობს”, რაც დაფუძნებულია შინაგან ისტორიებზე, შიშებზე, საჭიროებებსა და კონფლიქტებზე, რომლებიც წლების განმავლობაში სხეულში გროვდებოდა.

რა შეიძლება იყოს ჭარბი წონის არაცნობიერი ფსიქოლოგიური მიზეზები და რა შინაგან როლს ასრულებს სიმსუქნე ადამიანის ცხოვრებაში?

1. ბავშვობის სითბოსა და ზრუნვის „განმეორება“: ბავშვობაში ჭამა პირდაპირ უკავშირდებოდა მზრუნველი მშობლის სიახლოვეს, სითბოს და სიმშვიდეს. თუ ადამიანს ზრდასრულ ასაკში აკლია ეს სითბო, მხარდაჭერა ან შინაგანი სიმშვიდე, შეიძლება არაცნობიერად საკვებით ცდილობდეს ამ დანაკლისის კომპენსაციას. თითქოს ისე „იმშვიდებს” თავს ახლა თვითონ, როგორც ბავშვობაში მშობელი ამშვიდებდა.

2. სივრცის დაკავების გაუცნობიერებელი სურვილი: ზოგჯერ ადამიანებს ეშინიათ „პატარად“, „უხილავად“ ან „უმნიშვნელოდ“ ყოფნის. „დიდი“ ან „მძიმე“ სხეული არაცნობიერად შეიძლება დაუკავშირდეს, სივრცის დაკავების, წონადობის, ძალის ან სიმწიფის განცდის სურვილს. თითქოს სხეული ამბობს: „მე ვარსებობ, ადგილს ვიკავებ და მნიშვნელოვანი ვარ”.

3. ადამიანის გაუცნობიერებელი სურვილი, არ იყოს მიმზიდველი: ზოგჯერ წონის მატება მუშაობს როგორც ერთგვარი „დამცავი ფარი“ მიმზიდველობის თავიდან ასარიდებლად. თუ ადამიანს სექსუალობის, ფლირტის, ზედმეტი ყურადღების ან მიმზიდველობის გაუცნობიერებელი შიში ან ამ თემებთან დაკავშირებული მძიმე გამოცდილებები აქვს, არაცნობიერად შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ „ნაკლებად მიმზიდველი“ ან „ნაკლებად შესამჩნევი“ გახდეს, რადგან ასე თავს უფრო უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნობს.

4. „ჯავშანი“ და უსაფრთხოება (საზღვრების დაცვა): თუ წარსულში იყო ტკივილი, ზეწოლა ან პირადი საზღვრების დარღვევა, სხეულის მოცულობამ შეიძლება იმუშაოს როგორც დამცავმა ფენამ: თითქოს უფრო „მყარია“ ადამიანი და გარედან ადვილად ვერ მისწვდებიან ან ვერ ატკენენ, თითქოს სხეულის მასა არის ბარიერი, სხვა ადამიანებსა და მის შინაგან სამყაროს შორის.

5. „გადაყლაპული“ წყენა ან ბრაზი: წლების განმავლობაში მოთმენილი, „გადაყლაპული“ ბრაზი, წყენა ან უსამართლობა, შეიძლება ადამიანს სხეულებრივ დონეზე სიმსუქნის სახით გამოუვლინდეს, თითქოს გამოუთქმელი ემოცია და დაძაბულობა სხეულში „დაგროვდა“ და წონაში აისახა.

6. ზედმეტი პასუხისმგებლობის „ტარება“: ზოგჯერ ადამიანი ცხოვრებაში იმაზე მეტ პასუხისმგებლობას და ტვირთს იღებს თავის თავზე, ვიდრე შეუძლია ატაროს, მაგალითად: სხვების გადარჩენა ან სხვისი ემოციების ტარება. ეს შინაგანი „სიმძიმე“ ხშირად სხეულში, წონის მატებით ვლინდება.

7. მუდმივი კონტროლი და „ხელმისაწვდომი“ განტვირთვა: ყველაფრის კონტროლის გადამეტებული სურვილიდან გამოწვეული მუდმივი შფოთვა და დაძაბულობაც შეიძლება აღმოჩნდეს წონის მატების ერთ ერთი გაუცნობიერებელი ფსიქოლოგიური მიზეზი. ასეთ დროს ჭამა ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი, განტვირთვის და სიამოვნების მომტანი საშუალებაა. “ერთადერთი ადგილი, სადაც შემიძლია თავი არ ვაკონტროლო და უბრალოდ სიამოვნება მივიღო..”

🧠ცხადია, ფსიქოდინამიკური ხედვა არ ნიშნავს სიმსუქნის მხოლოდ ფსიქოლოგიაზე დაყვანას. ის უბრალოდ გვეხმარება დავინახოთ, რა შინაგანი ლოგიკა და მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს წონას და ჭამას კონკრეტული ადამიანის ისტორიაში, იმისთვის, რომ ცვლილება ძალადობრივი აკრძალვების ნაცვლად შინაგანი გაგებისა და ახალი საყრდენების შექმნით დაიწყოს.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი ლაშა რამიშვილი 46 წლის გახდა

🎥 „24 ნოემბერს, ღამის 12 საათამდე უნდა მოასწროთ...“ - ცუდი აზრებისგან გაწმენდის რიტუალი მარიამ შუკაკიძისგან

⭕„20 წელი იყო დიდი ოჯახის წევრი, განუზომელია ტკივილი...“ - „ავერსი ფარმა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

✕