Digest Logo

„ჩემო თამაზ! ამ სტრიქონებს სულში ჩაღვრილი ცრემლით ვწერ... მზარავს სამეგობროში გაჩენილი სიცარიელე“ - ტარიელ ხარხელაური

1648532255
ტარიელ ხალხელაური და თამაზ მეჭიაური

პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის მეგობარი, ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პირველ აპრილს ზურა ქაფიანიძის და თამაზ მეჭიაურის დაბადების დღეა.

როგორც ტარიელი წერს, მას „სამეგობროში გაჩენილი სიცარიელე ზარავს, რადგან არ იცის იცინოს თუ იტიროს. საამისო ძალა ჩამოღვენთილ სანთელს დაემგვანა…“

„ჩემო თამაზ!
ამ სტრიქონებს სულში ჩაღვრილი ცრემლით ვწერ…

არ გაგიკვირდება, რადგან ვინ, თუ არა შენ, შეიძლება იცოდეს, რომ დიდი ხანია ასეთი ცრემლი ჩემი წუთისოფლის საგზალია… ნურავინ დააბრალებს ცრემლებს გულჩვილობას, რადგან გულჩვილობის შესაფასებლად არ გამოდგება და მით უმეტეს, არც გასამართლებლად. გულჩვილობას სხვანაირი ცრემლი აქვს, მსუბუქი და ლირიკულიც კი. მძაფრი ტკივილით მომდინარე ცრემლი მეხთა ტეხვას ჰგავს, რომელიც მარტოდ დარჩენილი კაცის გულგატეხილობაზე საუბრობს… მძიმედ, კანტი კუნტად მოსწვეთავენ ღაწვებზე და არც მარილიან კვალს ტოვებენ. არაფერზე გესაუბრებიან და სხვათა დასანახად არ ჟონავენ გულის კედლებიდან…
ჩემო თამაზ!

პირველ აპრილს ჩვენი ზურა ქაფიანიძის დაბადების დღეა, არა მხოლოდ ჩვენი დიდი მეგობრის, სრულიად საქართველოს მეგობრის. როგორ მიმძიმს და მეუხერხულება უშენოდ ზურას საფლავთან დგომა. მარტოობის განცდა მაკრთობს, მაშინებს… მეგობრული მარტოობის სიცარიელე არ მიყვარს და მით უმეტეს, მზარავს სამეგობროში გაჩენილი სიცარიელე. ახლა დიდი ილიასი არ იყოს, რა ვქნა, ვიცინო თუ ვიტირო, ვერც ერთს მოვაბამ თავს, ვერც მეორეს, რადგან საამისო ძალა ჩამოღვენთილ სანთელს დაემგვანა… და მაინც…

როგორ იმგზავრე, ლომო!..

დღენი ყვითლობენ, დამოკლდნენ,

ვერ შეძლეს არე მოჩრდილონ,
არ მოსტყდე მუხავ! არ მოსტყდე –
ქარებს არ დაემორჩილო.
თუ გაგაბეზრონ ხეთქებით.
თვალები მოგიწყლიანონ,
არ გააცინო ღმერთები –
ლოცვად არ დასდგე ტიალო…

(ძველი რვეულიდან)

ამ რწმენით ტარიელ ხარხელაური“, – წერს ტარიელ ხარხელაური.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵 VIDEO: „ვხვდებოდი, რომ სიცოცხლე აღარ მიხაროდა... ეს იყო კოშმარი. არაფერი არ მინდოდა“ - ნოდიკო ტატიშვილი რთულ პერიოდზე

🔵„უკრაინა რუსეთთან წაგებულ ომში რომ შევიდა, ამაში უკვე ეჭვი აღარავის ეპარება. რუსეთის ეკონომიკური მოგუდვის მცდელობით, თავად ამოჰყვეს თავი ყულფში“ - ნუკა არველაძე

🔵„ბავშვებმა და დედამ ისე გამომაცილეს, თითქოს ბოლოს მხედავდნენ, რადგან არ ვიცოდი სად მივდიოდიო“ - რას წერს თამუნა ყურაშვილი