
შაბან მამედოვი 24 წლის მომღერალია მარნეულიდან, რომელმაც ბოლო დროს სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისი ნამღერით, თუმცა შაბანს არაერთი პროექტი აქვს მოგებული და თინეიჯერობიდან სარგებლობს პოპულარობით.
შაბან მამედოვი პროექტის „ხალხური“ მონაწილე იყო, რომელიც 8 ივნისს, ნახევარფინალის შემდეგ პროექტს გამოეთიშა.
მომღერალმა სოციალურ ქსელში სამადლობელი წერილი გაავრცელა:
„გუშინ, 8 ივნისს, ნახევარფინალით დავემშვიდობე პროექტს „ხალხური“. პროექტს, რომელიც ჩემი უდიდესი წარმატების საწინდარი გახდა. ვიცი, „მადლობა“ ძალიან ცოტაა იმისთვის, რაც მე შემიძლია თქვენს მიმართ ვთქვა ან გამოვხატო, მაგრამ უზომოდ და უსასრულოდ მადლიერი ვარ თითოეული თქვენგანის ამხელა მხარდაჭერისთვის, სითბოსთვის, თითოეული თბილი შეტყობინებისთვის თუ კომენტარისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, სიყვარულისთვის. იმ სიყვარულისთვის, რომელიც არაფრის ფასად არ იყიდება.
ამას ან მოიპოვებ, ან ვერ მოიპოვებ და, მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ თქვენი სიყვარული მუდამ თან მდევს. ეს კონკურსია, ვიღაც გავა, ვიღაც დარჩება, მაგრამ მთავარი გამარჯვება არასოდეს ყოფილა ჩემთვის. მთავარი ის სიყვარულია, რომელიც თქვენი მხრიდან მოვიპოვე.
უღრმესი მადლობა „პირველი არხის“ შემოქმედებით გუნდს ამ უნიკალური პროექტისთვის.
გმადლობთ თანადგომისთვის, დახმარებისთვის“, - წერს შაბან მამედოვი.
ასევე დაგაინტერესებთ: