სამწუხაროდ, დღეს ემიგრაციის გზას სხვადასხვა პროფესიის, რეალიზებული და რესურსის მქონე ადამიანები უერთდებიან. მათ შორის ჩვენი კოლეგებიც.
რადიკალურად შეცვლილი ყოფა და გასხვისებული ცხოვრების წესი, ახალბედა ემიგრანტს აიძულებს საკუთარ თავში ყველაზე მყარი საყრდენი იპოვოს და თვალდახუჭული მიჰყვეს ახალ გზას, რომლის ბოლო სამშობლოსთან მანძილს ამცირებს.
ჩვენს მკითხველს, ემიგრანტი ჟურნალისტის ნათია კოპალიანის ფეისბუკ პოსტს ვუზიარებთ, რომელიც ემიგრაციაში დაბადების დღეს პირველად აღნიშნავს.
„დღეს, ჩემი უცნაური დაბადების დღეა. საბოლოოდ დავრჩით მარტო - ღმერთი, მე და ჩემი ქარიშხლები სულ მარტო. ყველა იმ ადამიანისგან შორს ყოფნა ვინც მიყვარს, ძალიან გამიჭირდა, უფრო სწორად ახლაც მიჭირს. ბედისწერის ცხოვრებაში პირველად დავიჯერე, დავიჯერე, რომ წარსულს შეუძლია მარტო ცხოვრება კი არა მომავალიც წაგართვას.
ამიტომ, მოვკვდი და თავიდან დავიბადე, ეს ჩემი მეორე „ნიახურივით” ცხოვრების პირველი დაბადების დღეა.
ახალი სახელიც მაქვს, თავს ვაჯერებ რომ იტალიელი ვარ, უბრალოდ იტალიური ცუდად ვიცი. რამდენჯერ დავფიქრდი, იმდენჯერ შემეშინდა, მაგრამ რაც აქ ვარ სახლიდან შორს მთელს ძალისხმევას საკუთარი სისუსტეებთან და შიშებთან ბრძოლაში ვხარჯავ. აქ აღმოვაჩინე, რომ უკიდურესად მეშინია მარტოობის, ამიტომ ხან წარმოუდგენლად უბედურად ვგრძნობ თავს, ხან გასაოცრად ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ჩემი მეგობრები მამშვიდებენ, რომ ეს მალე გადამივლის და დროებითია.
მეც ველოდები, როდის შევძლებ საკუთარ თავზე გავიმარჯვო და მივიღო ყველაფერი რასაც ცხოვრება მთავაზობს. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო თავო და ისე როგორც ყოველ დღე დღესაც გეტყვი : „ცოცხალი ხარ გოგო, იარე!”, - წერს ნათია კოპალიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵პასკა თუ პასქა? - საიდან იღებს სათავეს და რა ჰქვია მას ქართულად
🎥 როგორ მოვამზადოთ ხაჭოს პასქა - რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან
წყარო: exclusivetv.ge