Digest Logo

„დედისერთა ყოფილა უბედური.. 16 წლის იყო, გაიყვანეს და დახვრიტეს, ომსაც აქვს თავისი კანონები, ტყვე ხელშეუხებელია…” - რას ჰყვება ირინა გოგოსაშვილი

1650358262
ირინა გოგოსაშვილი

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც 16 წლის ბიჭის ისტორიას ჰყვება.

მისი თქმით, ომსაც აქვს თავისი წესები და კანონები და ტყვე ხელშეუხებელია. 

„ოჩამჩირის რაიონში, სოფელ მერკულაში ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ რამდენიმე ტყვე აიყვანეს ჩვენებმა...

მათ შორის 16 წლის ბიჭი, რომელმაც ავტომატი იქვე მდინარეში გადააგდო და ხელაწეული ჩაბარდა მოწინააღმდეგეს..

ამ ბრძოლაში როგორც ჩვენი, ისე მეორე მხარის მეომრებიც დაიღუპნენ და დღეს არ დავწერ ტყვედ 16 წლის ბიჭი რომელ სამხედრო დაჯგუფებას ჩაბარდა..

შტაბში რომ მოიყვანეს, თავი მთლიანად დაბინტული ჰქონდა და მარჯვენა ყურთან სისხლის დიდ რაოდენობას გამოეჟონა.. ფეხში ტყვია ჰქონდა ჩაჭედილი, მაგრამ ორმაგი ტკივილის მიუხედავად - კრინტს არ ძრავდა, გაფითრებული სახით შემომყურებდა და თვალებით შველას ითხოვდა...

გენერალ ზაურ უჩაძის კაბინეტში ჰყავდათ მოყვანილი და არ დამავიწყდება ექთანი, ახალგაზრდა გოგოს სიტყვები „ამაზე როგორ დავხარჯო გამაყუჩებელი“? წამიერი სიჩუმე ჩამოდგა.....

„დახარჯავ“! - ჩავუსისინე გაოგნებულმა და გამწარებულმა...

- „ნე ნუჟნო,სპასიბო,პუსტ ბუდეტ პულია, ნე ბოლნო, გოლოვა ბოლიტ სილნო,,-შემომხედა და თითქოს გამიღიმა კიდეც...

- რას სჭირს , თავი რატომ სტკივა, სისხლსაც გამოუჟონავს -ვეკითხები უჩაძეს.....

- მგონი ყური აქვს მოჭრილი...თავი არ აუწევია, ისე მიპასუხა გაბრაზებულმა.

გავგიჟდი, გავმწარდი, ვეცი ექთანს - ახლავე ამოიღე შენი ინსტრუმენტები, წამალი და ამ ბავშვს მიხედე, თორემ ისე დაგსჯის ღმერთი, მერე გამიხსენებ -მეთქი. ეტყობა სახე წაშლილი მქონდა, ბოლო ხმაზე ვყვიროდი, მივიდა და ამ დამპალმა ქალმა მაინც გამაყუჩებლის გარეშე არ ამოუღო ტყვია ფეხიდან?

კრინტი არ დაუძრავს იმ ბიჭს, ერთი არ ამოუკვნესია და აი მაშინ მივხვდი -კაცად რომ მოგავლენს უფალი, 16 წლისაც კაცი ხარ, 5 წლისაც და 100 წლისაც!

ზაური უჩაძის კაბინეტის გვერდით ოთახში გავიყვანე ეს ბავშვი, საწოლზე დავსვი-აქ იყავი, მე მალე მოვალ, წამლებს მოგიტან -მეთქი ... უჩაძე გავაფრთხილე, ამ ბიჭთან არავინ შეუშვა, ახლავე მოვალ შტაბში გადავირბენ, ცოდოა გამაყუჩებლებს მოვუტან - მეთქი...15 წუთში დავბრუნდი,საცოდავს უკვე მაღალი სიცხე ჰქონდა, ყურის მხარეს გავარვარებული ჰქონდა კანი,დიდი წვალებით გადაყლაპა რამდენიმე აბი და ,,არ წახვიდეთო“ - მთხოვა...

„ტყვარჩელიდან ვარ, ასტამურ აჟიბა, მადლობა თქვენ, ვიცი პრობლემებს შეგიქმნიან ჩემს გამო და ძალიან გთხოვთ, არ ღირს... ამოილუღლუღა ვაი ვაგლახით...

„შენზე პატარა შვილი მყავს,ისიც აქ არის ოჩამჩირეში,ჩემზე არ იდარდო, დამიჯერე, წამლები დალიე , გამოჯანმრთელდები და მერე როცა ტყვეების გაცვლა იქნება,პირველი შენ გადახვალ შენებთან სიტყვას გაძლევ“- დავპირდი! ის ღამე სკამზე ჩამომჯდარმა გავათენე, 2 ჯერ სიცხის დამწევი ნემსი გავუკეთე,სხვა არაფერი შემეძლო...

მეორე დილით, უჩაძესთან მოტანილი საუზმეც შევუტანე, ცხონებულმა ზაურიმ გაუყო - „იქნებ შეჭამოს ცოდოა, ამ ყურების დაჭრა რა ისწავლეს ზოგიერთებმა , მასე ჩეჩნები ასახიჩრებენ ჩვენ ტყვეებს და ასეთების გაცვლა დიდი პრობლემა გახდაო“.

ცოტა ჩაი მოსვა, პურს არც მიეკარა, ვერ დავღეჭავო... ასე გაგრძელდა 3 დღე....შვილივით ვუვლიდი და მეშინოდა სადმე არ გადაეყვანათ....ისიც მომეჩვია, იცოდა იქვე ვიყავი და მშვიდად იწვა, ან ეძინა ხოლმე.....გადავიღე კიდეც, მისი მოკლე ინტერვიუ და „საღამო მშვიდობისა“ -  ეს ჩანაწერი ეთერშიც გაუშვა..

მე4 დღეს სიცხემ დაუკლო, ცოტა ჭამა კიდეც ჩაიში ჩალბობილი პური, მომიბოდიშა მეასეჯერ და დავიძინებო, მორიდებით მითხრა. გამოვედი ოთახიდან, კიდევ ერთხელ შევევედრე გენერალს - ჩემს დაბრუნებამდე მიხედე,მალე მოვალ -მეთქი..

ალბათ 3-4 საათში დავბრუნდი და ეგრევე მისი ოთახისკენ წავედი......არ დამხვდა!გულმა ბაგაბუგი დამიწყო, ავის მომასწავებელი თვალებით შემომყურებდა ყველა ...

„ბავშვი სად არის?“ - ვიყვირე...

„ომია ირინა, ყველაფერს მე ნუ მომთხოვ, მოვიდნენ და წაიყვანეს, მე მათი უფროსი არ ვარ“... მიპასუხა უჩაძემ...

მითხრა - ვინც წაიყვანა და რამდენიმე წუთში იქ გავჩნდი სადაც „ისინი“ ცხოვრობდნენ...

ზუსტად იქ დაუხვრეტიათ ასტამური, სადაც მათი (ჩვენი)თანამებრძოლი მოკლა მტრის ტყვიამ, მაგრამ არ მგონია ეს მსხვერპლშეწირვა გამართლებული ყოფილიყო...

„წამიყვანეთ იქ, სანთელი უნდა დავუნთო, თქვენც დაუნთებთ,იქნებ გაპატიოთ ღმერთმა“ - მეთქი...

წამიყვანეს. გავიდა წლები და ის, ვინც ასტამური დახვრიტა, თავად ჩაცხრილეს მანქანაში რაღაც ფულთან დაკავშირებული საქმის გამო! ხომ კარგად ვიცნობდი იმ ბიჭს, მაგრამ - ცრემლი არ გადმომვარდნია, ისე მივიღე, როგორც უფლის სასჯელი მის მიმართ!!!

ამ შემზარავი ისტორიიდან 30 წელი გავიდა და ყოველი წუთი, ყოველი სიტყვა და ქმედება დღემდე ცხადად მახსოვს!

ომსაც აქვს თავისი კანონები - ტყვე ხელშეუხებელია, ხელ-შეუ-ხე-ბე-ლიიი!!

ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს..

P.S. ასტამურის დახვრეტას და რამდენიმე წლის შემდგომ,აფხაზების მხრიდან გამოხმაურების ისტორიას სხვა დროს მოგიყვებით...

დედისერთა ყოფილა უბედური...“, - წერს ირინა გოგოსაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ვინც ამ ომზე ხელი მოითბო, ვინც ეს სისაძაგლე დაგეგმა წლების მანძილზე, მოამზადა, ფული დახარჯა, ის ვინც ეს შეასრულა და ასრულებს!“ - რას წერს ნუკა არველაძე

🔵ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს - მცენარეული ალერგიები, რომლებიც 24 აპრილამდე ვრცელდება

🔵„ეს არის ჩემი პირადი ჯოჯოხეთი“ - ნიკა ქავთარაძის აღიარება