საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება და მის შესახებ ემოციურ ამბებს იხსენებენ. მათ შორის არის ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი:
„იყო პერიოდი როდესაც დიდი განსაცდელის წინაშე ვიდექი, სასოწარკვეთილებამ შემიპყრო, გამოსავალს ვეძებდი, უდიდესი სურვილი მქონდა შევხვედროდი პატრიარქს, ჩამეხედა მისთვის თვალებში და თუნდაც ორი წინადადება გამეგო მისგან, თავზე ხელი შეეხო და დაველოცე...
თუმცა შეუძლებლად მიმაჩნდა და მასთან დაახლოებული პირების ძებნა დავიწყე... ერთ დღეს, რაღაც ძალამ მიბიძგა და აი ასე, ჩემით, მარტო გავუყევი საპატრიარქოს გზას, დაცვამ გამაჩერა, ავუხსენი რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პატრიარქის ნახვა... ვუთხარი ვინც ვიყავი და ისიც დავამატე, რომ მამა გაბრიელის კალთაზე გავიზარდე და მისი პატარა ტაძრის პატარა „თანამშრომელი„ ვიყავი ბავშვობაში, რომ ის ხშირად იყო ჩვენი ოჯახის სტუმარი...
დაბნეულმა დაცვის წევრმა დაჟინებული მზერით შემომხედა, ალბათ დაინახა დიდი სევდა ჩემს თვალებში და წინ გამიძღვა შენობის კარამდე, იქ ორ ქალბატონთან გავისაუბრე, ერთი დედაო იყო, რომელიც ცოტა ხნით გავიდა და რომ შემობრუნდა მთხოვეს დავლოდებოდი ერის მოძღვარს.
სულ ვკანკალებდი, ვცდილობდი აზრები დამელაგებინა, მაგრამ შფოთვის დროს ეს შეუძლებელია... დაახლოებით ერთ საათში უსათნოესი დედაო მომიახლოვდა და შემიძღვა ოთახში სადაც პატრიარქი ბრძანდებოდა, ჩემდა უნებურად დავემხვე მის წინაშე მუხლებზე, თავზე შემეხო და რამდენიმე წუთს გააჩერა ხელი, უცებ ვიგრძენი სულიერი სიმშვიდე, წამოვდექი, მადლობა გადავუხადე და გასასვლელი კარისკენ წავედი, მან შემაჩერა, ჩამოჯდომა მთხოვა და პრობლემის შესახებ მკითხა, ძალიან მოკლედ ვუამბე ჩემი ერთდროულად თავსდამტყდარი რამდენიმე განსაცდელის შესახებ... დამამშვიდა...
განსაცდელს უფალი უგზავნის იმას ვინც უყვარსო, დაღმართს აღმართი მოჰყვება, უფალს შესთხოვე ყოველდღე გულით და გაგაძლიერებსო!!! კუთხეში ლარნაკი იდგა წითელი სურნელოვანი ვარდებით, რამდენიმე ვარდის ფურცელი დაბლა ეგდო, რამდენიმეჯერ თვალი გამექცა ამ სილამაზისკენ, რაც პატრიარქის მახვილ თვალს არ გამორჩენია, მოუხმო დედაოს, შეაფუთინა ეს ვარდები და გადმომცა თვითონ... მე ხელზე ვეამბორე და წამოვედი, კანკალი მომეხსნა, ფიქრებმა სადღაც წამიღო... დიდხანს, დიდხანს ვუვლიდი ვარდებს, შემდეგ ვინახავდი გამომშრალ ფურცლებს, ბალიშის ქვეშაც მედო, თითქოს შვებას მგვრიდა!!! არასოდეს დამავიწყდება ერთი ჩვეულებრივი მოკვდავის ასეთი თბილი მიღება ჩვენი დიდი მოძღვრის მიერ
რატომღაც მომინდა გამეზიარებინა თქვენთვის... ნათელში იყოს მისი სული, თითქოს მასთან ერთად ეპოქა დამთავრდა“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.
ცნობისთვის, 18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ ილია მეორეს
⭕„თქვენი სიტყვა, სითბო და სულიერი ძალა მუდამ გვემახსოვრება...“ - თაკო ჩხეიძე ილია მეორეზე