
დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ მაჭავარიანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საოპერო მომღერალი თამარ ივერი გამოეხმაურა და ემოციური პოსტი გაავრცელა:
„ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. დაგვტოვა ჩვენმა საყვარელმა ვატომ.
ჩემი პირველი, წარმატებული გამოსვლა ჯ.ვერდის „ოტელოში“ პაატა ბურჭულაძის „ბრავოს“ ფესტივალზე მას უკავშირდება და მას მერე ის მუდამ ჩემს დიდ მეგობრად და გულშემატკივრად დარჩა. მას შემდეგ კვლავაც ბევრჯერ ვითანამშრომლეთ კონცერტებზე და მისი უზადო ერუდიცია, გარეგნული და შინაგანი სილამაზე, არისტოკრატულობა და დახვეწილობა მართლაც განუმეორებელი იყო.
ძალიან დამაკლდები მაესტრო. ვერც ვიჯერებ, რომ თქვენზე უკვე წარსულში უნდა ვისაუბრო. მუდამ განსაკუთრებული სითბოთი დამამახსოვრებით. გენიოსი მამის ღირსეული შვილი ნათელში იყოს თქვენი სული“, - წერს თამარ ივერი.
ცნობისთვის, ვახტანგ მაჭავარიანმა 1973-1977 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო და სადირიჟორო ფაკულტეტები. 1984-1990 წლებში თანამშრომლობდა სანკტ-პეტერბურგის მარინის თეატრთან და იყო ბალეტ „ვეფხისტყაოსნის“ დამდგმელი დირიჟორი. ამავე პერიოდში თანამშრომლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან და ევროპის საოპერო დასებთან.
1996 წლიდან იყო ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 2017 წელს კი მას მიენიჭა მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორის წოდება.
2018 წლიდან იყო ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალის, „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი. მის რეპერტუარშია ქართული და უცხოური სიმფონიური მუსიკა. ეკუთვნის არაერთი თხზულება: სიმფონიური პოემა „ნაცარქექია“, ათი სონეტი შექსპირის მიხედვით, კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოს, სიმებიანი ორკესტრისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის, „მარში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრისთვის, სიმფონიური სურათი „მარიუპოლი“, რომელიც მიუძღვნა 2022 წელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. გამოცემულია მისი სადირიჟორო რეპერტუარის და მის მიერ შესრულებული საფორტეპიანო კომპოზიციების ფირფიტები, კომპაქტდისკები. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მოწვეული დირიჟორი.
2011 წელს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.
ასევე დაგაინტერესებთ: