სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ პროფესიულ და საზოგადოებრივ პოზიციას აფიქსირებს.
ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში დასადგენია, ტრავმასთან მიზეზობრივი კავშირი, საჭიროების შემთხვევაში დასადგენი იქნება ჩატარებული დიაგნოსტირების და მკურნალობის სისრულე და ადექვატურობა. ექსპერტის თქმით, დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს.
ამასთან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მეორდება.
„ძალიან ვწუხვარ ახალგაზრდა ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ მის ოჯახს და კოლეგებს.
ემოციების გარეშე ვიტყვი, როგორც პროფესიონალი: გარდაცვალების მიზეზი დასადგენია, ტრავმასთან მიზეზობრივი კავშირი დასადგენია, შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში დასადგენი იქნება ჩატარებული დიაგნოსტირების და მკურნალობის სისრულე და ადექვატურობა. დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს!
ყველა ნაადრევი დასკვნა ფანტაზია და/ან სპეკულაციაა.
რაც შეეხება პოლიტიკურ-ემოციურ მდგენელს-ანნუშკამ უკვე დაღვარა ზეთი! (მიხეილ ბუგაკოვი.); სცენარი მოქმედებაშია, სცენარი, რომელიც მეორდება და აფრიკული ქვეყნების გამათავისუფლებელი მოძრაობებიდან დაწყებული, დღემდე უცვლელია. როგორ მინდოდა, ჩვენი ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად მისულიყო. . . .“ - წერს მაია ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა „სირცხვილიას“ ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. მასზე ძალადობაში ბრალდებული მხოლოდ 5 პირია დაკავებული - ერთი გარდაცვალების შემდეგ დააკავეს.
შსს-ს მიერ ნაწარმოები გამოძიების შუალედური დასკვნის მიხედვით ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკული ნივთიერების ზედოზირებამ გამოიწვია.
5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამოსული მოძალადე ჯგუფების მიერ თბილისის სხვადასხვა ნაწილში განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია.
მედიამენეჯერების ორგანიზებით მედიის სოლიდარობის აქციები დედაქალაქში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, 11 ივლისიდან იმართება. აქციების მთავარი მოთხოვნებია მთავრობის გადადგომა და მოძალადეების დასჯა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
პროტესტი გრძელდება! 4 ტელეკომპანია მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს