
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.
ბრძოლის პირველ ორ რაუნდში ნურმაგომედოვი უკეთ გამოიყურებოდა, მერაბ დვალიშვილმა კი ტემპს მესამე რაუნდიდან მოუმატა და მეტოქეს შედარებით გაუჭირდა.
მეოთხე რაუნდში დვალიშვილი კიდევ უფრო გააქტიურდა და ნურმაგომედოვი ვერაფრის გაკეთებას ვეღარ ახერხებდა, იგივე გაგრძელდა მეხუთე რაუნდშიც და საბოლოოდ, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ქართველი გამოცხადდა.
ასევე, მერაბ დვალიშვილმა მოახერხა ჯორჯ სენტ პიერის რეკორდის მოხსნა, მას UFC-ის ისტორიაში მეტოქე მიწაზე ყველაზე მეტჯერ, 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი.
ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 23 შეხვედრის შემდეგ 19 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-12 იყო.
კალიფორნიაში ბრძოლას ესწრებოდა ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე, რომელიც ადგილიდან ემოციურ კადრებს აქვეყნებს.
„გილოცავთ... რა სახეებით სხედან უმარას ფანები უკან“, - წერს სოსო ნებიერიძე.
ცნობისთვის,ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა. სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 69 ქვეყანა, ამჯერად იგი აშშ-ში მოგზაურობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მართლმადიდებელი სამყარო 19 იანვარს ნათლისღებას აღნიშნავს
⭕„ჩემთვის ასაკი მხოლოდ რიცხვია...არ მზღუდავს...“ - ნინა ცქიტიშვილი 46 წლის გახდა
⭕„ჩემო ძმაო გამარჯვების დღეა...“ - ილია თოფურია ბრძოლის წინ მერაბ დვალიშვილს ამხნევებს