
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთ მოსწავლეზე წერს:
„ახლა გიორგიზე უნდა გელაპარაკოთ - თბილისის 221-ე საჯარო სკოლიდან.
მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ვწერ თავისუფალ თემას“ და საუკეთესოთა შორის მოხვდა - მათი თხზულებები სპეციალურ კრებულში დაიბეჭდება.
ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენზე“ საუბრობდა და ასე დაწერა:
„მარტინმა ერთი დიდი შეცდომა დაუშვა, რომელიც უფროსკლასელმა მკითხველმა უნდა დაინახოს - წინსვლა არა საკუთარი თავისათვის, არამედ სხვისათვის დაიწყო.
ეს ეგოისტურად გამოიყურება, მაგრამ მართებული ნამდვილად არ არის იმიტომ, რომ ცხოვრებაში ერთადერთი დაპირებული ჩვენი და სიკვდილის შეხვედრაა - ვერაფერსა და ვერავის ვაიძულებთ, რომ სიკვდილამდე ჩვენთან დარჩნენ ან იმის იქით გამოგვყვნენ.
ჩვენ უნდა ჩვენთვისვე შევიცვალოთ, ჩვენში მცხოვრები ღმერთისათვის და არა - სხვისთვის, რადგან, სამწუხაროდ, ადვილი შესაძლებელია, რომ იმედები გაგვიცრუვდეს“.
ხედავთ, რა ღრმა აზრია? - ადამიანი განვითარებასა და სრულყოფას სხვა ადამიანის "მოსაპოვებლად" არ უნდა ცდილობდეს.
ის სხვა (ამ შემთხვევაში - რუთი) შეიძლება შთაგონება იყოს, მაგრამ მიზანი ვერ იქნება.
ვერავის დავავალდებულებთ, ჩვენი ცხოვრების მთავარ კითხვას ჩვენთან ერთად მარადისობამდე გამოჰყვეს - "ადამიანი მარტო კვდება“.
სამყაროს წინაშე პასუხისმგებლობა პერსონალურია.
ერთადერთი, ვინც „ბოლომდე“ გამოგვყვება, სიკვდილია - ამ კონტექსტში ის მტრად კი არა, მოყვრად, იდუმალის გაცნობიერების მიჯნად და ახალი სიცოცხლის გზად მოჩანს.
ადამიანი კი მასში დაბადებიდან მცხოვრები ღმერთისთვის ირჯება, რათა მის ხატებასა და მსგავსებას მიაღწიოს.
ეს ძალიან ინდივიდუალური და პიროვნულად განუმეორებელი მიზანი და ამოცანაა - მათზე, როგორც ითქვა, პასუხისმგებლობას ორნი არ და ვერ იღებენ.
და თუ ვინმე სიცოცხლის საზრისის შეცნობისას „წყვილის გზაზე“ დადგომას მოინდომებს, შეიძლება მარტინ იდენივით იმედგაცრუებული დარჩეს. გიორგი მოვიდა, დაწერა და წავიდა.
სამაგიეროდ, მისი ნაწერი არსად არ მიდის - დარჩა და გვაფიქრებს ღმერთზე, წუთისოფელსა და ადამიანზე“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ალბათობაა შტორმული სიტუაციის განვითარების... იყავით ფრთხილად! “- რას წერს კობა ფარტენაძე
🎥 პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა