
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ბატონებით დაავადებული ადამიანების მკურნალობის სხვადასხვა შემთხვევას სოციალურ ქსელში იხსენებს და ჰყვება, თუ როგორ დაინტერესდა უცხოელი ჟურნალისტი საქართველოში არსებული „ბატონების“ მკურნალობის ხალხური ტრადიციით.
„ისტორია, არც ისე შორეული წარსულიდან
ერთი სახალისო და ცოტა სევდიანი ამბავი მინდა მოგითხროთ, 2015- 2016 წლებია, მაგ პერიოდში ინფექციურ საავადმყოფოში ბოქსირებულ განყოფილებაში ვმუშაობდი, სადაც თავს იყრიდა მთელი ქვეყნიდან საკმაოდ საინტერესო პაციენტები, „ბატონებიც“ ხშირად გვსტუმრობდნენ ხოლმე, სამწუხაროდ მათ შორის ბევრი იყო გართულებული შემთხვევა (წითელა, ჩუტყვავილა), აქ არ ჩამოვთვლი თუ რამდენი პრობლემა შეიძლება შეუქმნას როგორც, ბავშვის ასევე ზრდასრულის ჯანმრთელობას ამ ინფექციებმა, უფრო სხვა მხარეზე გავამახვილებ მკითხველის ყურადღებას, ორ ფრონტზე გვიწევდა მედპერსონალს ბრძოლა, ერთის მხრივ პაციენტის გამოჯანმრთელებაზე უნდა გვეზრუნა და მეორეს მხრივ, ბატონები უნდა „დაგვემარცხებინა“ არცთუ იშვიათად გვიხდებოდა ახსნა რომ ნემსის ჩხვლეტაზე ბატონები არ განრისხდებოდნენ, ან მედიკამენტის მიღება უფრო საჭირო იყო ვიდრე ბევრი წითელი ბუშტი პალატაში, რამდემე ისეთი შემთხვევაც მახსოვს, როდესაც უმძიმესი ბავშვი პაციენტი ოჯახის წევრს მიჰყავდა სახლში, ბატონები განარისხეთ, თქვენი ბრალიაა და მე ვიცი როგორ მივხედოო, საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევაში ვახერხებდით ხოლმე გადარწმუნებას, ძირითადად დედები გვიჯერებდნენ ხოლმე (დედის ინსტინქტი მაინც სხვაა) მოკლედ საკმაოდ შრომატევადი და მრავალფეროვანი მიდგომა იყო საჭირო რომ „ბატონებიანი“ პაციენტი გამოგვეჯანმრთელებინა. ზუსტად ამ პერიოდში ერთი სახალისო, მაგრამ ჩემი აზრით დამაფიქრებელი ამბავი შემემთხვა; მორიგეობის საათები ახალი დაწყებულია და ამ დროს ექთანი მეძახის და მეუბნება ალექსანდრე ექიმო ახალგაზრდა უცხოელი გოგონა გკითხულობსო, ვიფიქრე ალბათ პაციენტია ვთხოვე შემოეყვანა, რას ვხედავ შემოდის 20-25 წლამდე გოგონა ფრიად მომხიბვლელი, ღიმილიანი სახით, ავადმყოფს ნამდვილად არ ჰგავს ცოტა დავიბენი თუმცა ვკითხე თუ რით შემეძლო დავხმარებოდი, პასუხმა ნამდვილად გამაკვირვა, დაიწყო რომ როტერდამიდან ჩამოვიდა სადაც სტუდენტია, ჟურნალისტიკის თუ სოციოლოგიის (ზუსტად არ მახსოვს) და საქართველოში ჩამოვიდა რათა „ბატონების“ შესახებ აინტერესებდა, და აპირებდა კვლევის ჩატარებას, აღვნიშნავ რომ ჩვენი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და სიტყვა ბატონები რომ გავიგე ცოტა დავიბენი, ცალი თვალით და ხელით გუგლში დავიწყე ძებნა არ შევრცხვე იქნებ რაიმე ახალი დაავადებაა და როგორც ბატონები ისე გამოითქმის ინგლისურადთქო, დარცხვენით ვუთხარი ინგლისურს კარგად არ ვფლობ და იქნებ გამიმეოროთ რა გნებავთქო, საკმაოდ ჭკვიანი გოგონა აღმოჩნდა თან ჩემ გაკვირვებულ სახეზე მიხვდა რომ ძალიან დაბნეული ვიყავი და ამიხსნა, კვლევას ვაკეთებ ინფექციებზე რომლებსაც საქართველოში „ბატონებს“ ეძახით, ქართველი კოლეგისგან გაუგია ამ ფენომენის შესახებ, დაინტერესებულა და ამ საბაბით ეწვია ინფექციურ განყოფილებას რათა უფრო მეტი გაეგო თვითონ პაციენტებისგან თუ ამის საშუალება ექნებოდა, ასე სცენარის განვითარებას ნამდვილად არ ველოდი და ჩემი გაკვირვების ინდექსმა კიდევ მოიმატა, ისევ ინგლისურის კარგად არ ცოდნა მოვიშველიე და გავამეორებინე თუ რა სურდა, ამასობაში მოვიფიქრეე თუ რა უნდა მეპასუხა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადე რათა ჩვენი ქვეყნით და მისი ამ ფრიად საინტერესო ტრადიციით ( აწ უკვე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით ) დაინტერესდა, თან ჩემთვის გავიფიქრე ნეტა ჩვენ თუ ვიცხოვრებთ ოდესმე ასეთ ქვეყანაში სადაც სტუდენტს და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება კვლევის ჩასატარებლად სხვა ქვეყანას ეწიოს უპრობლემოდ და დიდი ხელშეწყობით-თქო. ამ ფიქრებიდან ისევ ჩემი სტუმრის ღიმილმა გამომაფხიზლა, რომელიც მოთმინებით ელოდა ჩემს საბოლოო პასუხს, მეც დავიწყე რაც შემეძლო დამაჯერებლად, რომ კი ეს ტრადიციები, მითები „ბატონების“ შესახებ ერთობ პოპულარულია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ ამჟამად ამის არავის არ სჯერა და ყველამ იცის, რომ ამ დაავადების უკან ინფექცია დგას მეთქი, თან ამ ყველაფერს რომ ვამბობდი ვცდილობდი, პალატებში არსებულ წითელ ბუშტებზე და ზეწრებზე არ მეფიქრა. შევატყვე ბოლომდე არ დააკმაყოფილა პასუხმა და მორიდებით მკითხა თუ შეიძლებოდა პაციენტთებთან გასაუბრება, აქ უკვე სამართლიანი აღშფოთება გამოვხატე და მზრუნველი ტონით ვუთხარი რომ ეს ინფექციები ძალიან გადამდებია და ვერ შეგიშვებთქო, რაზედაც მყისიერი პასუხი მივიღე რომ ვაქცინირებული იყო რამდენიმე თვის წინ, მეც არ დავიბენი და ნიშნის მოგებით საბუთი მოვთხოვე, რამდენიმე წამში ცხვირწინ „ამაფარეს“ დამადასტურებელი დოკუმენტი სადაც ეწერა რომ ჩუტყვავილაზეც კი ვაქცინირებული იყო, აქ ისევ ფიქრებმა წამიღო, ეეჰ ნეტავ ჩემ ქვეყანაში როდის იქნება ჩუტყვავილას ვაქცინა ხელმისაწვდომი-თქო, თუმცა თავს უფლება არ მივეცი ფუჭ ფიქრეებში დიდხანს დავრჩენილიყავი, რადგან ახალი არგუმენტი მქონდა მოსაფიქრებელი, უცებ გონება გამინათდა და ვუთხარი, აბა პაციენტებთან მათი თანხმობის გარეშე როგორ შეგიყვანო ჩემო კარგოთქო, ისიც არ დაიბნა ისევ ისე გულთბილად გამიღიმა და მიპასუხა იქნებ თხოვოთ და თანხმობა მიიღოთ რამდენიმესგან მაინცო, რა მექნა მივხვდი რომ დავმარცხდი, თან შინაგანად მეც მაინტერესებდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ყველაზე ნაკლებ ბუშტებიანი პალატები ავარჩიე და ავუხსენი საქმის ვითარება, რაზედაც პაციენტების თანხმობა საკმაოდ ადვილად მივიღე, ჩვენი სტუმარი სათანადოდ გამოვაწყეთ და არჩეულ პალატებში შევედით, თან მჯეროდა რომ ყველა ჩემი შერჩეული პაციენტი უარყოფდა „ბატონების“ მითს და დაადასტურებდა რომ გადამდები ვირუსული ინფექცია ჰქონდათ, თუმცა პირველივე პალატაში სრული კრახი განვიცადე, ახალგაზრდა გოგონა იყო ჩუტყვავილით, რომელმაც ინგლისური კარგად იცოდა და საკმაოდ მხატრულად აუხსნა როგორ დაუბრძანდა ბატონები ჯერ მის ძმას, შემდეგ გადმობრძანდა მასთან და ახლა ელოდება მათ წაბრძანებას ბოქსირებულ განყოფილებაში, ჩვენმა სტუმარმა ნიშნის მოგებით გამომხედა საუბრის ბოლოს , 1:0 ოო თითქოს მანიშნებდა, შემდეგ პალატებშიც იგივე განმეორდა, ბოლო პალატის წინ 3:1 ვაგებდი, მაგრამ იმედს არ ვკარგავდი იქნებ ერთი ბურთის სხვაობით მაინც წავაგო-თქო, მახსოვს ბავშვი იყო წითელათი, დედა და ბებიაც იყვნენ პალატაში, გამოჯანმრთელებისკენ მიდიოდა ამიტომ საკმაოდ ხალისიანად დაგვხვდა პაციენტი, თუმცა წითელას დამახასიათებელი მაკულო -პაპულოზური ელემენტები ჯერ კიდევ კარგად ემჩნეოდა, ენობრივი ბარიერის გამო მე ვუთარგმნიდი ჩვენს სტუმარს თუ როგორ დაემართა, როგორ მოვიდნენ ჩვენთან კლინიკაში და მედპერსონალი როგორი ყურადღებით ექცეოდა, მეც იმედი ჩამესახა, რომ ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ დამთავრდებოდა, მაგრამ თურმე სულ ტყუილად მიხაროდა, საუბრის ბოლოს დედამ ბებიას გადახედა და გვითხრა, დედაჩემი საღამოობით უღიღინებდა „ ბატონები მობრძანებულან“ ( უძველესი სარიტუალო სიმღერა) და ალბათ ამიტომ არ გაგვირთულდა და მალე უკვე სახლში გაგვიშვებენო, ჩემი სტუმარს შევხედე რომ სიხარულით აენთო თვალები და მთხოვა მეთარგმანა, ბებიამაც დაიწყო სიმღერა, საკმაოდ სასიამოვნო ხმით, ჩემი სტუმრის დიდი პატივისცემის მიუხედავად თარგმანზე უარი განვაცხადე, ინგლისურის არასათანადო ცოდნის მიზეზით, რის შემდეგაც მომღერლის თანხმობით ჩვენმა მკვლევარმა აუდიო ჩანაწერი გააკეთა. გულთბილად დაემშვიდობა იქ მყოფთ და ორივემ დავტოვეთ პალატა, შევატყვე საკმაოდ კარგ განწყობაზე იყო, რასაც ჩემზე ვერ იტყოდით, ისევ გულთბილად გამიღიმა და მითხრა შენ არ იდარდო, ჩვენც გვაქვს მსგავსი ტრადიციებიო, დამემშვიდობა და წავიდა. მას შემდეგ ამ ისტორიას ღიმილით ვიხსენებდი ხოლმე, სანამ კოვიდი გამოჩნდებოდა და პანდემია დაიწყებოდა, რომელმაც ყველას დაგვანახვა, რომ თუნდაც ასეთი ერთი შეხედვით „უწყინარი“ მითები მეცნიერების, მედიცინის მასში ჩართული ადამიანების დისკრედიტაციას იწვევს და ხელს უწყობს არაჯანსაღი აზრის გაბატონებას, რომელიც საბოლოო ჯამში აზიანებს ქვეყანას და თითოეულ ჩვენგანს“, - წერს ალექსანდრე გოგინავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს მოერიდეთ კონფლიქტს, ახალ ნაცნობობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, რისკს“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„შენზე უარესი რამეც არსებობს, სიკვდილო, თუნდაც ეგ შარვალი ჭრელად შეღებო და ცხვირზე კლოუნის ბურთი დაიმაგრო! დედაჩემის ის ღიმილი შენზე საზარელია“ - გიორგი კეკელიძე
🔵„ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები ნუ ინერვიულებთ - მთავარია თავი არ დავარტყი...“ - რა შეემთხვა ნიკა ქავთარაძეს