Digest Logo

„ეს პირველი ქართული ფრესკაა, რომელზედაც ქალია გამოსახული... დღეს მძიმე მდგომარეობაშია და გადაუდებელი აღდგენა სჭირდება“ - რა ფოტოს ავრცელებს გოგა ჩანადირი

1684493794
გოგა ჩანადირი

ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, სოციალურ ქსელში ფოტოსურათს ავრცელებს და თურქეთის ისტორიულ მხარე ტაოში მდებარე ქართული სალოცავის შესახებ წერს, რომ ძეგლი დღეს მძიმე მდგომარეობაშია და გადაუდებელ აღდგენას საჭიროებს.

„ტაოში ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარი ოთხთა მდებარეობს. თურქულად დორთკილისეს უწოდებენ.

"დორთ" ოთხს ნიშნავს, "კილისე" - ეკლესიას.

აგებულია მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში, დავით კურაპალატის დროს.

ოთხთა ეწოდა იმის გამო, რომ მეოთხე დიდი ტაძარი აიგო ტაოში იშხნის, ოშკისა და პარხალის შემდეგ.

ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში პარხალისა და ურბნისის ტაძრებთან ერთად უდიდეს ბაზილიკად ითვლება.

თქმულების მიხედვით, ტაძარი ააგო უცნობი მეფის ასულმა თამარმა, იმის ნიშნად, რომ მამის ძალდატანებითი მცდელობის მიუხედავად უარი თქვა ისლამის მიღებაზე და ქრისტიანად დარჩა.

მშენებლობის დასასრულებლად მან თმა შეიჭრა და გაყიდა.

ამ ტაძრის საკურთხეველის სარკმელის თაღზე ფრესკაა, სადაც სწორედ ოთხთაა გამოსახული.

ტაძარი ხელში უჭირავს ქალს. ხოლო თუ ფოტოს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ მისი თავის ზემოთ, შარავანდედში მკრთალად ოთხთას გამოსახულება მეორდება.

ფრესკას ლურჯ ფონზე სიონი (ႱႭ||ႬႨ – ს(ი)ონი) აწერია (მიიჩნევა, რომ ეს სიონის გაპიროვნებაა (პერსონიფიკაციაა).

არის ვარაუდი, რომ სწორედ თქმულებაში ნახსენები თამარია გამოსახული. თუმცა, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორების ნიკოლ და ჟან-მიშელ ტიერების აზრით, ეს შეიძლება იყოს წმინდა ეკატერინე ან წმინდა ელენე.

სხვათა შორის, ეს პირველი ქართული ფრესკაა, რომელზედაც ქალია გამოსახული ტაძრის მოდელით და საერთოდაც, ვერ ვიხსენებ, რომ მსგავსი ფრესკა სადმე იყოს.

გადმოცემა ამბობს, რომ ტაძარში თამარის ანაბეჭდიც არის.

მასვე ჰყოლია თეთრი ზღაპრული რაში, რომლითაც ერთ დღეში შეეძლო საკმაო მანძილით დაშორებული ოთხივე ტაძრის ნახვა.

ოთხთა არამხოლოდ უდიდესი ტაძარია, აქ უდიდესი სამონასტრო კომპლექსიც იყო სემინარიის ჩათვლით.

დღეს მძიმე მდგომარეობაშია და გადაუდებელი აღდგენა სჭირდება“,- წერს ჩანადირი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ზღვა დააშრო“ - ნეკა დოროყაშვილი მალდივებიდან თამამ ფოტოებს აქვეყნებს

🔵 ნეკა დოროყაშვილმა იმიჯი შეიცვალა - „ახალი გოგო, ახალი ცხოვრება, ახალი კონტრაქტები“

🔵 „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ავტობანის გვერდულა ხაზზე დგომა, არავისთვის და არასდროს, არც პოლიციისთვის“ - თამაზ ლომიძე