საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ახალგაზრდა თაობის ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი გამოეხმაურა და ცნობილი ვიდეო გაიხსენა, სადაც ერთ-ერთ რეგიონში ილია მეორე მოქალაქეს მანქანიდან ესაუბრება:
„ალბათ ერთი 20 წლის წინანდელი ვიდეოა - ქალი რომ ხვდება სოფელში და უწმინდესი ჯვარს სჩუქნის...
ეს ქალი გაჭირვებას უმალავს კათოლიკოსს, უმალავს კი არა, არ უნდა დაამძიმოს მისი სიღარიბით... არა, არ გვიჭირს ძალიანო. ახლა მარტოობაზე მიდგება ჯერი და არაო... უწმინდესო კი მარტო ვარ, მაგრამ ჩიტებს ველაპარაკებიო. ჩიტებს? ესმის ჩიტებს... ეტყვის პატრიარქი და გაუღიმებს.
ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ. ვერც ერთი რეჟისორი და ვერც ერთი ავტორი ვერ დადგამდა ამ სცენას. ასე ბუნებრივად უნდა ეთქვა - ჩიტებს?! ესმის ჩიტებს და გაეღიმა... მინდა ეს სულ მახსოვდეს“, - წერს ზაკ მირიანაშვილი.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
ასევე დაგაინტერესებთ: