Digest Logo

„გამოიყენეთ გმირები მათი ქცევის, მოტივების, ემოციების განსახილველად და გასაანალიზებლად“ - როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ემოციების გამოხატვა

1759501263
ნანა ფიფია

კლინიკური ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან პოსტს აქვეყნებს, სადაც ხსნის, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ემოციების გამოხატვა:

„როგორ ვასწავლოთ ბავშვს ემოციების გამოხატვა?

1. მოუსმინეთ ბავშვს.

იმისათვის, რომ ბავშვმა ისწავლოს ემოციების გამოხატვა, მნიშვნელოვანია, სწორედ მას მივცეთ ემოციების გამოხატვის თავისუფლება, შეფასების გარეშე და უსაფრთხო გარემოს შექმნის გზით.

2. აღიარეთ ემოციების მნიშვნელობა.

ყოველთვის ხაზი გაუსვით იმას, რომ ემოციების და გრძნობების გამოხატვა ეს ნორმალურია.
„მე ვხედავ და ვგრძნობ, რომ შენ ნაწყენი ხარ“, „ვიცი, რომ ეს უსიამოვნო ვითარებაა და შენ ამას განიცდი“.

3. არასდროს გააუფასუროთ ბავშვის გრძნობები/ემოციები.

„ეს ისეთი წვრილმანია“, „ მალე დაგავიწყდება, ეს ხომ ისეთი უმნიშვნელოა“. გახსოვდეთ, რაც თქვენთვის არის უმნიშვნელო, ბავშვისთვის - მეტად არსებითი და მოცულობითია.

4. შეიმუშავეთ ბავშვთან ერთად ემოციების ლექსიკონი.

„მე ბედნიერი ვარ“, „მე მიხარია“, „მე ნაწყენი ვარ“, „მე გაბრაზებული ვარ“. ბავშვს ხშირად დაუსვით კითხვები : „ როგორ განწყობაზე ხარ?“, „რას გრძნობ ახლა?“ და ა.შ.

5. ბავშვი ყოველთვის სწავლობს მშობლის მაგალითზე.

ბავშვი სწავლობს მშობლის/უფროსის ქცევაზე დაკვირვებით. მშობელმა უნდა გამოხატოს საკუთარი ემოციები/გრძნობები, შესაბამისი ფორმით. მაგალითად: „მიხარია, რომ აალაგე შენი სათამაშოები.მადლობა“, „იცი, მეწყინა რომ გაუფრთხილებლად ჩახვედი ეზოში. გთხოვ, შემდეგში, აუცილებლად გამაფრთხილე“.

6. ესაუბრეთ მულტფილმის/ფილმის გმირებზე.

უყურეთ ერთად მულტფილმებს/საბავშვო ფილმებს. გამოიყენეთ გმირები მათი ქცევის, მოტივების, ემოციების განსახილველად და გასაანალიზებლად. ჰკითხეთ ბავშვს, თუ როგორ მოიქცეოდა ის ამა თუ იმ ვითარებაში?

7. დაეხმარეთ ბავშვს „მე-პოზიციის“ ჩამოყალიბებაში. იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს ემოციების და გრძნობების გამოხატვა, მან უნდა ისწავლოს მათი გამოხატვა „მე-ს“ გამოყენებით.

მაგალითად: „მე ნაწყენი ვარ“, „მე არ მესიამოვნა“, „მე გახარებული ვარ“ და ა.შ. ასე ისწავლის ბავშვი საკუთარი დამოკიდებულების, აზრების, ემოციების და გრძნობების გამოხატვას გარკვეული მოვლენებისა თუ ფაქტების მიმართ“, - წერს ნანა ფიფია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ არ გინდა არ ისაუზმო! ისეთი საკვები მიიღე, რომ არ გშიოდეს და მთელი დღე არ იცმუცნაო“ - სანდრო გოგოხიას რეკომენდაციები

🎥 „ჩემი ბავშვობის დივა ქალბატონები“ - ლელა წურწუმია ნინი ბადურაშვილთან და ეკა კახიანთან ერთად აცეკვდა

„შვილის ყოლა არის მშობლების სუფთა წყლის ეგოისტური აქტი...“ - რას წერს ლევან შელეგია