მოქალაქე ფლორისტ, ცნობილ მებაღეს ზურა შევარდნაძეს შრომის ინსპექციაში უჩივის. მან განცხადება შრომის ინსპექციაში უკვე დაწერა და სათანადო რეაგირებას ელოდება.
როგორც მოქალაქე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, ზურა შევარდნაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიზეზი კი ის იყო, რომ სამსახურში ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, მიზეზი აინტერესებდა, რის გამოც მათ შორის თანამშრომლობა არ გაგრძელდა:
„ეს ამბავი დაახლოებით 5 დღის წინ მოხდა.
„გარდენია შევარდნაძესთან“ დავიწყე მუშაობა. მოვალეობაში შედიოდა გარე სივრცეში ყვავილების მოწესრიგება, სალარო აპარატთან ხალხის მომსახურება და გაყიდვა. თუ მარაგი გამოილეოდა, პომიდვრის და მარწყვის ჩითილები ამოგვქონდა დაბლა ეზოდან, საკმაოდ მძიმეები იყო. გვიხდიდნენ 100 ლარს, ვფიქრობ არც ცოტაა და არც ბევრი იმ საქმისთვის, რასაც ვაკეთებდი, ამაზე პრეტენზიაც არ მქონია.
თავიდან ამიყვანეს საცდელი ვადით, 1 კვირა, 7 დღის მერე, თავად არ მწერდნენ, წესით პასუხი უნდა ეთქვათ და ამიტომ მე მივწერე მენეჯერს, „რა ხდება-მეთქი“, სხვაგანაც ვმუშაობდი და არ მინდოდა საქმე იქაც გამეფუჭებინა და მომწერა, „მოკლედ, უნდა დაგემშვიდობოთო“. გამიკვირდა. ძალიან კარგად ვიცი ჩემი შრომის ფასი და ყველაფერს ვაკეთებდი რაც მევალებოდა. რაც არ მევალებოდა და ვხედავდი გასაკეთებელი იყო იმასაც ვაკეთებდი.
კითხვა დამებადა რა იყო მიზეზი. მეორე დღეს ისედაც უნდა მივსულიყავი ანაზღაურებაზე და მიზეზის გასაგებად მივედი ზურასთან. მენეჯერმა გაკვირვებული სახით მითხრა, „რა, საკმარისი არ იყო მე რომ გითხარიო?“ „არა -მეთქი, რადგან სამსახურში ზურამ ამიყვანა, მისგან მინდა მიზეზის გაგება-მეთქი“.
შევედით მის კაფეში, წინ დამიჯდა ზურა, გვერდით მენეჯერი. 3-4 ადამიანიც იყო ვაკანსიაზე მისული.
მშვიდად, წყნარად ვეკითხები: „გასაგებია, კი ბატონო არ გინდათ, მიშვებთ, მიზეზი რა არის-მეთქი“. მეუბნება: „არაფერი, საკმარისი არ არისო?“
„ხომ შეიძლება უბრალოდ პასუხი გამცეთ, მაინტერესებს მიზეზი-მეთქი“. ეს კითხვა მეორედ რომ დავუსვი, გაშლილი ხელით და გაფართოებული თვალებით, საშინელი აგრესია უცებ სახეზე, არ ვიცი როგორ გარდაიქმნა და დამიბრახუნა ხელი ძლიერად მაგიდაზე და გა@@ვი აქედანო.
ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, გავოგნდი, ვერ მივხვდი წამებში რა მოხდა, კითხვის გამო. შოკი იყო, მართლა. უცებ წამოვხტი და ვუთხარი, „თქვენ ნორმალური ხართ-მეთქი? უზრდელო“ მივაძახე და გამოვიხურე კარები.
ეს იმხელა შეურაცხყოფა იყო ჩემთვის, დღემდე აზრზე ვერ მოვსულვარ. იმ დღესვე წავედი შრომის ინსპექციაში და დავწერე განცხადება და იმედი მაქვს, თავის მოვალეობას შეასრულებენ“, - ამბობს მოქალაქე.
ასევე დაგაინტერესებთ: