Digest Logo

„გავვარდი სასწრაფოდ, გამოვრთე ტელევიზორი, ჩავაქრე შუქები, გამოვიტანე ჩემოდანი და დავიწყე რაღაცების ჩაყრა“ - სახალისო ისტორია, რომელმაც სოცქსელი დაიპყრო

1711526951
ნაკრების გამარჯვება

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა. 

გახარებული ქართველები ქუჩაში შეძახილებით და სიგნალებით ერთმანეთს ულოცავდნენ. როგორც აღმოჩნდა, ადამიანი, რომელიც ფეხბურთს თვალს არ ადევნებდა, ძალიან შეშინდა. ეგონა, რომ ქვეყანაში ომი დაიწყო და ბარგიც ჩაალაგა გასაქცევად.

სახალისო პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა:

„აუ, დედაჩემი მირეკავს ამ წუთს. ფოთშია ახლა და სახლში ზის, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ფეხბურთზე.
მიყვება: ვიჯექი მშვიდად,არხეინად. ვსვამდი ჩაის, ვუყურებდი ფილმს და ჩამთვლიმა. მოულოდნელად რაღაც არანორმალური ღრიალი ატყდა. გავვარდი, ფანჯარა გამოვაღე და ამ ძილბურანში ვხედავ, ყველა მხრიდან მანქანები დაქრიან სიგნალებით, ქუჩები გადაჭედილია, ხალხის ყვირილი, კივილი , სროლა, სირენები, პოლიციის მანქანები.

ვიყურები გაოგნებული, ვერ ვხვდები რა ხდება და გემის ხმა გავიგე, ნუ, გემის „გუდოკს“ ჰგავდა და ვსო, გადავწყვიტე ნამდვილად ომი დაიწყო და ზღვიდან დაგვესხნენ თავს.

გავვარდი სასწრაფოდ, გამოვრთე ტელევიზორი, ჩავაქრე შუქები, გამოვიტანე ჩემოდანი და დავიწყე რაღაცების ჩაყრა. ანაზდად, ქუჩიდან გოგოს წივილი მომესმა. გამოვვარდი გადარეული, ისევ მივვარდი ფანჯარას, ვუყვირი : შვილო, მითხარი რა გიჭირს , გამაგებინე რა ხდება ჩვენს თავს და ისიც გაყვირის უბედნიერესი: დეიდა მოვიგეთ, მოვიგეთ, გილოცავთ გამარჯვებას.

ახლა საერთოდ დავიბენი, ვდგავარ, ვერ ვაკავშირებ რა მოვიგეთ, ვის მოვუგეთ, ვის ვეომებოდით.

სანამ მე მეძინა რა დავატრიალეთ და რამდენი ხანი მეძინა საერთოდ. რამდენიმე წამი ვიფიქრე და რომ ვერ მივხვდი ვერაფრით, ვკითხე ვის მოვუგეთ შვილო და ფეხბურთი მოვიგეთო. მაშინ ამოვისუნთქე როგორც იქნაო. დედა, გილოცავთქო, იმან მეც გილოცავთო და ფანჯრიდან სულ ჰაეროვანი კოცნები ვუგზავნეთ ერთმანეთს ისე დავემშვიდობეთ და ახლა ვზივარ, ამ ჩალაგებული ჩემოდნით და ბარემ ხომ არ წამოვიდეო.

სად მირბოდი - მეთქი და ჯერ არ ვიცი, ხალხი სადღაც გარბოდა და გავყვებოდიო.
კიდევ კარგი, რომ არ გაგრიალდა იმ თავისი პატარა ჩემოდნით სადმე.

თან ისეთი კოხტა, კაუჩუკის ბორბლებიანი ჩემოდანი აქვს, თურქეთამდე ჩაირბენდა , რომ მოენდომებინა.

არ შემიძლია, დედა“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ქართველი ემიგრანტის ემოცია საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ - კადრები ამერიკიდან

„გუშინ გავიყენე, დღეს კი გავთბი იმ მზით, ლამაზად და სხვანაირად რომ ამოკაშკაშდა ამ დილით, რომელსაც ჩვენსავით მოუნდა გამარჯვების სიხარულის გაზიარება“ - გოგა ჩანადირი

„ემოციური თამაში იყო, თუმცა ოცნება ავიხდინეთ“ - მამარდაშვილი