
ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს.
მურღულია პოსტში წერს, რომ ცხოვრებაში კითხვებზე პასუხების გაცემა იოლი არაა - ერთი, უნივერსალური ჭეშმარიტება არ არსებობს, რადგან ყოველ კონკრეტულ კითხვაზე, კონკრეტულ დროს და გარემოებაში, მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს მართალი, დანარჩენი - მცდარი:
„წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში სამი კაცი-იდეა დგას.
ერთი შუბლშეკრულია და ჰქვია „ა რ ა ს დ რ ო ს“. მეორეს კითხვიანი ღიმილი დასთამაშებს სახეზე და ჰქვია „ხ ა ნ დ ა ხ ა ნ“. მესამე სიხარულს ასხივებს და ჰქვია „ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს“.
ისინი იმით არიან ცნობილნი, რომ თავიანთი სახელებით ადამიანთა კითხვებს გულწრფელ პასუხებს სცემენ.
ყოველ კითხვაზე პასუხის გაცემისას მხოლოდ ერთი მათგანია მართალი, დანარჩენი ორი კი ცდება. მაგალითად, სამთაგან რომელი ამბობს თავისი სახელით მართებულ პასუხს კითხვაზე: „როდის უნდა მოიქცეს კაცი ღირსეულად?“
რა თქმა უნდა - მესამე („ყოველთვის“).
აბა, პირველი („არასდროს") და მეორე („ხანდახან") ამ შემთხვევაში არ გამოდგება.
კიდევ ერთი მაგალითი:
„შეიძლება, კულტურულმა ადამიანმა ერი შეურაცხყოს?“. ცხადია, ამ კითხვას თავისი სახელით მართებულად პირველი კაცი („არასდროს") უპასუხებს - მეორე („ხანდახან") და მესამე („ყოველთვის") შეცდებიან.
გონიერთაგან ვის მოუვა აზრად თქვას:
„მოდით, შევთანხმდეთ და დავაკანონოთ, რომ ამ სამთაგან ყოველთვის პირველია (ან - მეორეა, ან - მესამეა) მართალი!“.
მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ეს აბსურდი იქნება - ყველაფერს მორგებული ერთადერთი უტყუარი მსჯელობა არ არსებობს. ქუჩიდან იმ სამი კაცის გაქრობა არ შეიძლება - ნამდვილი პასუხი ხომ უეჭველად ერთ-ერთ მათგანშია.
ერთსაც ვერ დატოვებ და ორსაც - შეიძლება სწორედ მესამეშია კონკრეტული კითხვის პასუხი.
კი, ასეა - ხან მართალს ამბობენ და ხან ცდებიან (ამჯერად მსჯელობას მეორე კაცი-იდეა მოუხდა).
ვერც იმას იტყვი, რომ მეორე ზომიერებაა და პირველი და მესამე კი - უკიდურესობები. ზომიერება თუ უკიდურესობა სამივეს თანაბრად ახასიათებს.
თუ რაღაც არასდროს ხდება - იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს და გარკვეული განზომილებები ან სხვადასხვა გამოხატულება არ აქვს.
იმას, რაც ხანდახან ან ყოველთვის ხდება, არ შეიძლება სტაბილური მახასიათებლები არ ჰქონდეს. მოკლედ, ქუჩაში ძალიან მრავალსახიანი კაცები დგანან. მათგან ყოველ ჯერზე, როგორც ვთქვით, მხოლოდ ერთია მართალი და დანარჩენი ორი ცდება.
როცა კითხვა დაისმის, სამივე ბუნებრივად და დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა განათლებული და გონიერი ადამიანი მიხვდება, რომლის სახელი გამოხატავს ჭეშმარიტებას ახლა და აქ.
ამიტომ ღირს სამყაროს შეცნობა და ცოდნასთან ზიარება - მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ იმის გარკვევაა, იმ სამთაგან, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, რომელია მართალი“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ სამოქალაქო ქორწინება ჟენევაში მოაწყვეს - ფოტოები ცერემონიიდან
🎥 „დაელოდეთ ძალიან მაგარ ამბავს ჩემგან...“ - რა სიახლეებია ნინი შერმადინის ცხოვრებაში