
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„რწმენა შობს შემეცნებას.
შემეცნება შობს განათლებას.
განათლება შობს ხედვას.
ხედვა შობს ინტერპრეტაციას.
ინტერპრეტაცია შობს თავისუფლებას.
თავისუფლება შობს არჩევანს.
არჩევანი შობს მოქმედებას.
მოქმედება შობს საქმეს.
საქმე შობს განვითარებას.
განვითარება შობს კეთილდღეობას.
კეთილდღეობა შობს ქველმოქმედებას.
ქველმოქმედება შობს განწყობას.
განწყობა შობს სიხარულს.
სიხარული შობს ემპათიას.
ემპათია შობს დახმარებას.
დახმარება შობს გადარჩენას.
გადარჩენა შობს იმედს.
იმედი შობს ღირსებას.
ღირსება შობს კაცს.
რა თქმა უნდა, ეს არ არის არც ერთადერთი ჩამონათვალი და არც გარდაუვალი თანმიმდევრობა.
მთავარია, ადამიანმა იფიქროს, რა ქმნის მის ნამდვილ და წარუვალ არსებას.
მხოლოდ ასე მივა ცხოვრების საზრისის შეგრძნებამდე და გაცნობიერებამდე.
ასწავლეთ ბავშვებს (ისე, ხანდაზმულებსაც შეუძლიათ სწავლა) კითხვების დასმა და პასუხებით ლოგიკური და ზნეობრივი სისტემის აგება.
არ შეიძლება, ადამიანის დაბადება შემთხვევითობა იყოს.
ის ღმერთის გეგმის ნაწილია - შესაძლოა, მეტ-ნაკლებად, უმნიშვნელო, მაგრამ მაინც შესამჩნევი.
შენი ცხოვრება არ არის ქაოსი - რომც ვერ ამჩნევდე და გრძნობდე, ის წესრიგია.
შენი სიცოცხლე, შენი შესაძლებლობები, შენი მიზნები, შენი ფიქრები, შენი საქმეები, შენი განწყობები, შენი სიყვარული, შენი სევდა, შენი ნება, შენი თავისუფლება - ეს ყველაფერი მილიარდობით ასეთ ადამიანურ სამყაროსთან ერთად ქმნის ისტორიას, რომელსაც ღმერთი თავიდან ბოლომდე მყისიერად ხედავს და ხანდახან (როცა საჭიროდ მიიჩნევს) წარმართავს კიდეც.
არის „მთელი“ და არის „ნაწილი“.
შენ დიადი მთელის ნაწილი ხარ, მაგრამ ეს ნაწილიც თავისი არსებობის განცდითა და საზრისით „მთელია“.
შენ არ ხარ ჩაკარგული წერტილი გონებამიუწვდომელი სიმრავლისა და მოცულობის სამყაროში.
შენი თავისუფლება სამყაროს თავისუფლების სახე და ნაწილია, ურომლისოდაც მას რაღაც აკლია.
და ეს „რაღაც“ განუმეორებელია, როგორც ყოველი კაცის არსება და ბედი ამ სამყაროში.
და გახსოვდეს, რომ ამ გონებამიუწვდომელ სიმრავლეს ქმნის და არსებობას უნარჩუნებს მხოლოდ სიყვარული.
ამ აზრს ეფუძნება ქრისტიანული საზრისი.
გაიხსენე ეს ყველაფერი, სანამ ლაპარაკსა და მოქმედებას დაიწყებ.
მაშინ შეიძლება იგრძნო, რომ თითის ტკივილისას მთლიანად შენ გტკივა და არა მხოლოდ თითს.
ამ სამყაროში, რომელიც ერთი ნებით შეიქმნა, ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება.
მარტო შენ არ ხარ სამყაროში.
სამყაროც არის შენში“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მუშაობა ღამის კლუბში, მუსიკალური ალბომი და უარი მდიდრულ ცხოვრებაზე - ვინ იყო პაპი ფრანცისკე
⭕ „რა კარგები ხართ“- ლუკა ლოჩოშვილი მეუღლესთან ერთად იტალიიდან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს