Digest Logo

„გვგონია, რომ თავისუფლება ნიშნავს „რაც მინდა იმას ვაკეთებ“, მაგრამ...“ - რას წერს ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი

1779897319
ნონა ხიდეშელი

ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი სწავლობს და იკვლევს აღმოსავლურ ფილოსოფიურ მოძღვრებებს, ანალიზურ ფსიქოლოგიასა და ადამიანის სულიერ სამყაროს. იგი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ხშირად განიხილავს ისეთ საჭირბოროტო თემებს, როგორიცაა მშობლების გავლენის როლი შვილებზე, როგორ შევამჩნიოთ და გავაცნობიეროთ ტრავმის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავისუფლებაზე საუბრობს:

„თავისუფლება არ არის მხოლოდ არჩევანის შესაძლებლობა. ის უფრო ღრმა მდგომარეობაა, როცა ადამიანი აცნობიერებს საკუთარ შინაგან იმპულსებს და აღარ ცხოვრობს ავტომატურად, შიშით ან გარეგანი მოლოდინებით.

ხშირად გვგონია, რომ თავისუფლება ნიშნავს „რაც მინდა იმას ვაკეთებ“, მაგრამ ფსიქოლოგიურად ეს მხოლოდ ზედაპირული ფენა შეიძლება იყოს.

ნამდვილი თავისუფლება იწყება მაშინ, როცა ადამიანი ხედავს, რა აიძულებს მას რაღაცის სურვილს, რომელი შიში, რა ძველი გამოცდილება, ან რა შინაგანი ხმა მართავს მის არჩევანს.

თავისუფლება ჩნდება იქ, სადაც ადამიანი საკუთარ ჩრდილს იცნობს. სანამ ჩრდილი არ არის გაცნობიერებული, ადამიანი თითქოს თავისუფალია, მაგრამ სინამდვილეში იმეორებს ერთსა და იმავე სცენარებს ურთიერთობებში, გადაწყვეტილებებში, ემოციებში.

თავისუფლება ასევე პასუხისმგებლობაა. არა როგორც ტვირთი, არამედ როგორც გაცნობიერება, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. როცა ამას ადამიანი ხედავს, იწყება ნელი, მაგრამ სიღრმისეული ცვლილება ,რეაქციის ნაცვლად ჩნდება არჩევანი, ავტომატიზმის ნაცვლად გაცნობიერება.

საბოლოოდ, თავისუფლება არ არის მიზანი, რომელსაც ერთხელ მივაღწევთ. ეს არის პროცესი — ყოველდღიური დაბრუნება საკუთარ თავთან, სადაც ადამიანი ნელ-ნელა ხდება უფრო გულწრფელი საკუთარ სურვილებთან, შიშებთან და სიყვარულთან“, - წერს ნონა ხიდეშელი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეიძლება გადაიქცეს არა ცოდნის შემოწმებად, არამედ საკუთარი ღირებულების „სასამართლოდ“ - ფსიქოთერაპევტი გამოცდის შიშზე

„დახურულ გონებასთან კამათი არ ღირს, ნებისმიერ ქაოსში ღირსება შეინარჩუნე, აკონტროლე საკუთარი თავი და არა სხვები“ - ფსიქოლოგის რჩევები

როგორ ვაცოცხლებთ ნეგატიურ სცენარებს ჩვენი ყურადღებით? - „ველი იკვებება ადამიანების პანიკით და სანაცვლოდ უფრო მეტ ნგრევას აპროვოცირებს“