Digest Logo

„შეიძლება გადაიქცეს არა ცოდნის შემოწმებად, არამედ საკუთარი ღირებულების „სასამართლოდ“ - ფსიქოთერაპევტი გამოცდის შიშზე

1779893671
მაგდა კოტრიკაძე

გამოცდის შიში ერთ‑ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური სირთულეა ბავშვებსა და მოზარდებში. ეს მხოლოდ ნერვიულობა ან მღელვარება არ არის, ხშირად შინაგანი დილემაა, რომელშიც ერთმანეთს ეჯახება წარმატების სურვილი და მარცხის შიში.

ბავშვისთვის გამოცდა შეიძლება გადაიქცეს არა ცოდნის შემოწმებად, არამედ საკუთარი ღირებულების „სასამართლოდ“, რაც ძლიერ ემოციურ დაძაბულობას იწვევს.

ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში გამოცდის შიში ხშირად აიხსნება შფოთვის კონცეფციით. ამერიკელი ფსიქოლოგები იერქსი და დოდსონი ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში აღწერდნენ, რომ შფოთვის ზომიერი დონე ადამიანს ეხმარება უკეთ შესრულებაში, მაგრამ როდესაც შფოთვა გადამეტებულია, ის რეალურად ამცირებს კონცენტრაციას და მეხსიერების ეფექტურობას. სწორედ ამიტომ ზოგი ბავშვი, რომელიც ყოველდღიურ სწავლაში კარგად ფუნქციონირებს, გამოცდაზე თითქოს „ყველაფერს ივიწყებს“.

ბავშვთა ფსიქოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ჟან პიაჟეს, რომელმაც გვიჩვენა, რომ ბავშვები ეტაპობრივად სწავლობენ ფიქრსა და თვითრწმენას. მისი თეორიის მიხედვით, უმცროსი ასაკის ბავშვები ხშირ შემთხვევაში საკუთარ შესაძლებლობებს ან ზედმეტად აფასებენ, ან აკნინებენ, რადგან რეალობის ობიექტური შეფასება ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ აქვთ. ამიტომაც მათთვის გამოცდა შეიძლება აღიქმებოდეს როგორც „საშიში მოვლენა“, რომელსაც ვერ აკონტროლებენ. მოზარდობის ასაკში, რასაც ლიევ ვიგოტსკისა და ერიკ ერიქსონის ნაშრომებიც უსვამს ხაზს, პიროვნების თვითიდენტობა და სოციალური შეფასების მნიშვნელობა ძლიერდება. სწორედ ამ დროს გამოცდის შიში ხშირად უკავშირდება არა მხოლოდ ცოდნას, არამედ იმას, თუ „რას იფიქრებენ სხვები მასზე“.

გამოცდის შიში პირდაპირ კავშირშია თვითშეფასებასთან და ე.წ. „ფიქსირებულ“ ან „ზრდით“ აზროვნებასთან. ფსიქოლოგი კეროლ დუეკი ამბობს, რომ ბავშვები, რომლებიც საკუთარ უნარებს აღიქვამენ როგორც შეუცვლელ მოვლენას („თუ ჩავიჭერი, ესე იგი არასაკმარისად ჭკვიანი ვარ“), უფრო ხშირად განიცდიან ძლიერ შფოთვას. ხოლო ისინი, ვინც შეცდომას სწავლების ნაწილად აღიქვამენ, გაცილებით ნაკლებად იძაბებიან. აქ მნიშვნელოვანია გარემოცვაც: თუ ოჯახი და სკოლა შედეგზე მეტად პროცესს აფასებს, შიშიც მნიშვნელოვნად მცირდება.

გამოცდის შიშს ხშირად ახლავს ფიზიოლოგიური სიმპტომები: აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, თავბრუსხვევა ან „ბლანკის ეფექტი“, როცა მოზარდი ვერ იხსენებს უკვე ნასწავლ მასალას. ნეიროფსიქოლოგიური განმარტებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ძლიერი სტრესი ააქტიურებს ამიგდალას, ტვინის იმ ნაწილს, რომელიც საფრთხეზე რეაგირებს და დროებით თრგუნავს ჰიპოკამპს, რომელიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. მარტივად რომ ვთქვათ, ტვინი გადადის გადარჩენის რეჟიმში და არ არის სწავლაზე ორიენტირებული.

გამოსავლები, რომელზედაც ფსიქოლოგები თანხმდებიან, პირველ რიგში დაკავშირებულია ემოციური რეგულაციის უნარის განვითარებასთან. მნიშვნელოვანია, ბავშვმა ისწავლოს საკუთარი შფოთვის ამოცნობა და მისი გარდაქმნა. სუნთქვითი ტექნიკები, მცირე პაუზები, სხეულის მოდუნება და ფიქრების გადალაგება მარტივი, მაგრამ ეფექტური გზებია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდის სიმულაციას, როდესაც ბავშვი წინასწარ ეჩვევა ამ ფორმატს, გაურკვევლობა მცირდება და უსაფრთხოების განცდა იზრდება.

მშობლებისა და მასწავლებლების როლი აქ გადამწყვეტია. თუ ზრდასრული მუდმივად უსვამს ხაზს შედეგს („უნდა მიიღო მაღალი ქულა“), ბავშვში შიში იზრდება. ხოლო თუ აქცენტი გადადის ძალისხმევასა და პროგრესზე, შფოთვა მცირდება და მოტივაცია იზრდება. ბავშვი პირველ რიგში მშობლის ემოციას „კითხულობს“, თუ მშობელი თავად ნერვიულობს ან კრიტიკულია, ეს მდგომარეობა ბავშვსაც გადაეცემა.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ასპექტი: გამოცდის შიში სრულიად ნორმალურია გარკვეულ დონეზე. პრობლემა იქ იწყება, როცა შფოთვა არ აძლევს ბავშვს თავისი რეალური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას. ამიტომ, გამოსავალი შიშის „მოშორება“ კი არა, მისი მართვაა.

საბოლოოდ, გამოცდის შიში შეიძლება აღვიქვათ როგორც სიგნალი, ბავშვს სჭირდება მხარდაჭერა, სტრუქტურა და რწმენა, რომ შეცდომა ან გამოცდაში დაბალი ქულის მიღება სამყაროს დასასრული არ არის. სწორედ მაშინ, როდესაც გარემო უფრო უსაფრთხო და გამამხნევებელი ხდება, შიში თანდათან გადაიქცევა მოტივაციად, ხოლო გამოცდა ცხოვრების ბუნებრივ ეტაპად და არა საფრთხედ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დახურულ გონებასთან კამათი არ ღირს, ნებისმიერ ქაოსში ღირსება შეინარჩუნე, აკონტროლე საკუთარი თავი და არა სხვები“ - ფსიქოლოგის რჩევები

როგორ ვაცოცხლებთ ნეგატიურ სცენარებს ჩვენი ყურადღებით? - „ველი იკვებება ადამიანების პანიკით და სანაცვლოდ უფრო მეტ ნგრევას აპროვოცირებს“

რატომ გვიზიდავს თვითდიაგნოსტიკა და სად გადის ზღვარი - რა საფრთხეებზე საუბრობს ფსიქოლოგი