Digest Logo

„გზას სამყაროსთან ერთად ჩვენც ვქმნით... სანამ არაფერი დამთავრებულა, შეგიძლია ღმერთს შენი საქციელით ელაპარაკო“ - გია მურღულია

1761110478
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს:

„დაბადება ერთი დიდი შესაძლებლობაა - იყო ადამიანი, დაბადების დღის აღნიშვნა კი საკუთარი თავისთვის ამ შესაძლებლობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ყოველწლიური შეხსენებაა.

ამ დღის ჩვეულებრივ მხიარულებას არაჩვეულებრივი ფიქრიც ახლავს - იმაზე ფიქრი, თუ რამდენად შეესაბამება შენი ცხოვრება სამყაროსა და სხვა ადამიანთა მოლოდინს, რომელიც შენთან ერთად იბადება.

ამ მოლოდინს ვერაფერი ცვლის და აღემატება - ცას არ ეშლება იმის განსაზღვრა, ვის რა მოსთხოვოს.
ბავშვობაში ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, როგორ უნდა გაუფრთხილდეს და უპასუხოს კაცმა ამ მოლოდინს.
ყოველთვის ვცდილობდი, ეს გამეთვალისწინებინა.

ვერ ვიტყვი, რომ მუდმივად ვახერხებდი ამას. იდეალური არავინ არის, შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ღმერთის მოტყუების მცდელობა, თვალთმაქცობა და დაუმსახურებელი სარგებლის მოხვეჭის მცდელობა ცუდი საქციელია, რომელსაც ძალიან მკაფიო და გონიერთაგან მოუსურვილებელი შედეგი მოსდევს.

დაბადების დღე დაშორება არის და მიახლოებაც. ყველამ იცის, რას შორდება და რას უახლოვდება. ამ გზის "საგზალი" რაციონალური და კეთილი საქმეებია - თუ თან გაქვს, ცის კეთილგანწყობა არ მიგატოვებს.
ასე ვიცი, ასე ვგრძნობ და ასე მწამს.

მადლობა ღმერთს ყველა ძვირფასი ადამიანისთვის, რომლებიც წუთისოფელში შემახვედრა. პატივს მივაგებ ღმერთის ნაჩუქარ ახალ დღეებს. არ ვიცი, რამდენი დარჩა, მაგრამ ის ვიცი, რომ მშობლებისა და ჩემი კარგი მასწავლებლების დარიგება არ დამავიწყდება. ვეცდები, რომ არ დამავიწყდეს.

ასე თუ არ მოხდა, ვერც ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს მოვთხოვ, რომ რაც მათ ვასწავლე, აღასრულონ.
ამ ჯაჭვის გაწყვეტა არ ვარგა - ცხოვრების საზრისის მემკვიდრეობითობა დაიკარგება.

დღეები მიდიან, დღეები მოდიან და დღეები რჩებიან. დრო დიდი მასწავლებელია.

მასზე აღმატებული მასწავლებელი ამბავია, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში უწყვეტად გარდაგვხვდება.
ეს ცოდნისა და რწმენის გვერდიგვერდ ყოფნით დაბადებული და განპირობებული თავგადასავალია, რომელიც უბრალოდ გზაა.

ამ გზას ღმერთიდან ღმერთისკენ მივყავართ. პატივი უნდა მივაგოთ გზას არყოფნიდან ზეყოფნისკენ. ამ გზას სამყაროსთან ერთად ჩვენც ვქმნით და ვირჩევთ. სანამ არაფერი დამთავრებულა, შეგიძლია ღმერთს შენი საქციელით ელაპარაკო.

მერე დუმილით ლაპარაკის დრო დგება. მანამდე კი - სალამი ადამიანებს! ერთად და სიყვარულით ყველაფერს ვუპასუხებთ და ვუშველით - უღმერთობის გარდა.

დანარჩენი გუშინაც ჩანდა, დღესაც ჩანს და ხვალაც გამოჩნდება. გზა, რომელსაც მზე არ ანათებს, ღამისკენ მიდის.
ის ღამეც გათენდება“, - წერს გია მურღულია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„თითქოს შემოდგომა კიდევ ერთხელ გვეტყვის: „არ გტოვებთ ჯერ, არა...“ - როგორ ამინდს პროგნოზირებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

რატი გაჩეჩილაძემ და კარინა ლისენკომ შვილი გააქრისტიანეს - ფოტოები ემილიას ნათლობიდან

🎥 მარიამ ბელქანიას წინასწარმეტყველება, რომელიც რამდენიმე დღეში ახდა - „ვინც შემოდიხართ და მლანძღავთ ყველას ასე სახეზე აგაკრავთ მტკიცებულებებს“