„ძალიან გთხოვთ, კედლიდან ღვინის ამოყვანის ინსტრუქციები არ მომწეროთ, ისედაც გრძელ გზაზე ვარ, თან მარტო საჭესთან - უნდა ჩავიდე და დღესვე უკან დავბრუნდე“ , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს და თავს გადამხდარ სახალისო ისტორიის შესახებ წერს.
„წარმოიდგინეთ, რომ შენთან სტუმრად არის გოგო. შეიძლება, საუკეთესო გოგოც კი საქართველოში და ამ გოგოს უცებ გაუტყდა ღვინის ბოთლი. ან შენ გაგიტყდა. შხეფები მიესხა კედელს და დააჩნდა.
ჩვეულებრივი ამბავი რა. ძალიან ჩვეულებრივი.სრულიად უწყინარი. და ამ დროს მთელი შენი ყურადღება კედელზე გადადის. ყელში გიჭერს. საშინელი მოუსვენრობა გიპყრობს.
ცდილობ, მთელი მონდომება დაახმარო და არ გააკეთო იგივე, რასაც დედაშენი იზამდა ამ დროს. არადა, ტრივიალური მატერიალიზმის ნასახი არ არის შენში.
არც ღვინის ბოთლის გატეხვაა სირთულე და არც კედელი.
სულ რომ სახლი დაგიწვას ვინმემ უნებლიედ, შეიძლება ხმა არ ამოიღო და ამ დროს ეს საშინელი ლაქა, რომელიც კედლიდან გონებას მიეცხო და ვეღარ იშორებ.
ერთი სული გაქვს, როდის წავა გოგო. და აჰა, წავიდა. მთელი ღამე წმენდ ყველა შესაძლო და ნაკლებად შესაძლო საშუალებით იმ საზარელ ლაქას. აი, გაბაცდა, მაგრამ მაინც აიჩნია.
ძლივს იძინებ მოუსვენრად და დილით შვიდზე ურეკავ დამხმარეს, რომ ეგებ დაგეხმაროს. ერთი სული გაქვს, აღდგეს ძველებური წესრიგი და მთლიანად მოირღვეს - ყველგან შეასხა ღვინო. თან წარმოიდგენ, რომ ბოლო-ბოლო, თუ არ ამოვიდა, გადავღებავ ან კარადას დავდგამ.
და იმ გოგოს მთელ ამ სცენას ატყობინებ. თან ზუსტად იცი, რას ფიქრობს ახლა ის: ,,მე ხომ სიყვარულის გამო არ ვეტყოდი ამას, მოვითმენდი, რომ გული არ ტკენოდა, ხელოვანი კაცი როგორი არამონატიკულია, წვრილმანებზე ფიქრობს, მე საერთოდ არც მახსოვს ის ამბავი".
და ის ცამდე მართალია.
მაგრამ შენც მართალი ხარ.
ამიტომაც ცხოვრობ მარტო“.- წერს კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: