Digest Logo

„იცით, რა განსხვავებაა ბურატინოსა და პინოქიოს შორის? - ახლა ზოგი იტყვის, საიდან რას თხრიო, ახლა ზღაპარშიც რუს ფაშიზმს ხედავო?“ - გუჯა ბიძია

1653466375
ბურატინო და პინოქიო

რეჟისორი გუჯა შვანგირაძე, რომელიც ფეისბუკზე „გუჯა ბიძიას“ ფსევდონიმითაა დარეგისტრირებული, ზღაპრის გმირებს, პინოქიოს, ბურატინოსა და რუსულ პოლიტიკას შორის პარალელებს ავლებს და ამ ყველაფერთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.

„იცით, რა განსხვავებაა ბურატინოსა და პინოქიოს შორის? ხო, ორივე ზღაპარი ხისგან გამოთლილ თოჯინაზეა,
მაგრამ ერთი ზღაპარი იტალიელმა დაწერა, მეორე კი რუსმა, და ბარემ აქვე ვიტყვი, რუსმა თემა მოჰპარა იტალიელს.

ხო, ბურატინო რუსია, პინოქიო კი იტალიელი, და არ ვიცი, რუსმა ავტორმა მიზანმიმართულად გააკეთა ეს, თუ უბრალოდ რუსულ მენტალობას ვერ გაექცა, და ასე გამოუვიდა, მაგრამ სწორედ ეს ეთნიკური სხვაობა განაპირობებს ამ ორი თითქოსდა ერთნაირი ზღაპრის ორ სხვადასხვანაირ მორალს.

ბურატინო გარბის პაპა კარლოს სახლიდან, სწავლა არ სურს, ცოდნა არ სურს, გამდიდრება სურს, მალვინა სურს, კარაბას-ბარაბასსაც მიტომ ეომება, მისი ადგილი სურს რომ დაიკავოს, და ძალაუფლება ჰქონდეს სხვა მისნაირ ხისგან გამოთლილებზე. ეგ სურს.

ახლა ზოგი იტყვის, საიდან რას თხრიო, ახლა ზღაპარშიც რუს ფაშიზმს ხედავო?
ასეთი ზღაპრების განამდვილების მეტს კი არაფერს აკეთებს რუსი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში.
და გითხრათ, სარაკეტო კომპლექსს „ბურატინო“ რომ დაარქვეს?
აი, რა ცინიზმია ახლა ეს?

ან იმ თაობას, ვინც ადრე ამ ზღაპარზე გაზარდეს, რა უთხრეს ამით,
სიკვდილის მთესველ რაკეტებს ბურატინო რომ დაარქვეს, რა უთხრეს, რომ თუ ვინმე ნებით არ იძლევა საკუთარ მიწას, ამ ბურატინოთი ძალით წავართმევთო?

ავღანეთში წვავდნენ რუსები ამ ბურატინოთი ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს, ახლა უკრაინაში წვავენ.
ხო, იმ ზღაპარში ხისთავიან ბურატინოს სუფთა რუსი ობივატელის ხასიათი აქვს.
პინოქიოს კი...

პინოქიოს კი უბრალოდ გაადამიანება სურს, არც ოქროს გასაღები უნდა, არც ოქროს მონეტები,
უბრალოდ ადამიანობა უნდა, და სხვის ადამიანობას რომ უყუროს ეს უნდა პინოქიოს.

რამ გამახსენა ეს ყველაფერი და იმ ხისთავიანების კანტორამ, ჩვენი კულტურის სამინისტრო რომ ჰქვია.
და შავ სიას გარდამავალი კომუნისტური დროშასავით რომ გადასცემს ყოველ ახალ მინისტრს.

2019 წლიდან დაწყებული, რამდენჯერმე მითხრეს უარი სცენის მოქირავებაზე, და რატომ? რატომ და არ ივიწყებდნენ ჩვენი სპექტაკლით „ჩაკრულო“, რო გავამათრახეთ, არ ივიწყებდნენ, რუსთაველის თეატრის დირექტორთანაც კონფლიქტს, რუსთაველის თეატრში ბანკირების ხინკალ-ფართის მოწყობა რომ გავუპროტესტეთ, სხვა ბევრ რამესაც არ ივიწყებდნენ არც ბურატინოები, არც მათი კარაბას-ბარაბასები, და უარს გვეუბნებოდნენ.
ნუ, პირდაპირ არა, მაგრამ სხვადასხვა რამეების მომიზეზებით, და აგერ ახლა, ერთი კვირის წინ ამ კანტორის დაქვემდებარებულ ერთი შენობის დირექციასთან ვიყავით, სცენის ქირაობა გვინდა ისევ, ისევ ჩვენი თეატრისთვის, ისევ იმისთვის, რომ გაზეთის, ინტერნეტპორტალის, და რადიო და ტელეგადაცემების გარდა თეატრის მეშვეობითაც ვცადოთ სიმართლის თქმა, და ობივატელის შერყევა, გაადამიანურება, ისევ იმის კეთება, რა დანიშნულებაც აქვს საერთოდ თეატრს, სივრცეს, სადაც შეიძლება ერთად მოუყარო თავი ყველაფერ ქართულს, ქართულ ლიტერატურას, მუსიკას, საერთოდ ქართულ ნიჭს, და მერე ხელოვნების საშუალებით ელაპარაკო მაყურებელს, და მოანდომო უფრო უკეთესი გახდეს, ვიდრე არის.

ამისთვის გვინდა სცენა, ამისთვის გვინდა თეატრი, თორე სხვა რამ რომ გვინდოდეს, ბიზნესში წავიდოდით, და გვეყოლებოდა ჩვენი ბურატინოებიც.

რა, ვერ მოვახერხებდით, თუ რა, მაგრამ არ ვქენით, ხო?
მოკლედ, დღეს სცენის მეპატრონესთან პასუხზე მივდივარ...
და იმ ჩინოვნიკებმა, ვისაც ეს თემა გეხებათ, და კარგად ვიცი, კითხულობთ, რასაც აქ ვწერ, - არც იფიქროთ უარის თქმა.

რადგან, რაც გვინდა, ადრე თუ გვიან მაინც ვაკეთებთ, და სისტემის ბურატინოებს გპირდებით, რომ კიდევ ერთხელ იცნობთ საკუთარ თავს, და კიდევ ერთხელ, ძალიან არ მოგეწონებათ“, - წერს რეჟისორი.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მე გოგოს მამა ვარ, ამიტომ ღმერთი არ გაგიწყრეთ და ჩემი შვილის ცხოვრებაში არავინ ჩაერიოთ“ - გოგოს მამის მანიფესტი

🔵„არ ღირს ზედმეტი ლაპარაკი, უმჯობესია მოუსმინოთ გარშემომყოფებს და გაითვალისწინოთ მათი რჩევები“ - ცაგარელი