მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს. ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებულ სხდომაზე საუბრობს.
მისი თქმით, ბავშვისთვის ყოველდღიურად გაზიანი სასმლის და ინდუსტრიული ტკბილეულის მიცემა - იგივეა, რომ მას საკუთარი ხელით უყიდო სიგარეტი, მოუკიდო და უთხრა: „მოწიე შვილო, ჯერ პატარა ხარ და არაფერი დაგემართება“:
„მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ სხდომა ჩაატარეს და ისეთ თემაზე დაიწყო ლაპარაკი, რომელსაც ბევრი მშობელი გაურბის. ვეცდები მოკლედ გადმოვიტანო... მათ დაიწყეს იმ გენების შესწავლა, რომლებიც დღეს სერიოზული რისკის ქვეშ არიან და იცით რა არის ყველაზე საინტერესო? ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ გარემო გახდა უფრო მტრული ან რადიაციამ მოიმატა. არა, ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანმა თავისივე ხელით, თავისივე ნებით გააუქმა ის ბუნებრივი მექანიზმები, რომლებიც ჩვენს წინაპრებს თაობიდან თაობამდე აძლიერებდა და გადარჩენაში ეხმარებოდა.
აქ საუბარი არ არის რაღაც აბსტრაქტულ გენურ მუტაციებზე, რომლებსაც ლაბორატორიებში იკვლევენ. საუბარია იმაზე, თუ როგორ ვაქცევთ ჩვენს ყოველდღიურ, თითქოს უწყინარ არჩევანს - ბავშვის აღზრდას, მის კვებას, მისთვის კომფორტის შექმნას - გენეტიკური სიგნალის ტოტალურ დამახინჯებად.
როდესაც მშობელი მუდმივად „ბავშვის ჭკუაზე დადის“, როცა ყველაფერს აკეთებს, რომ ბავშვი „პროსტა“ არ გაბრაზდეს, არ იტიროს, დისკომფორტი არ იგრძნოს და რამეზე არ გაღიზიანდეს - ეს არ არის ზრუნვა. ეგ არის საკუთარი თავის ზოგვა. ეს არის ეგოიზმი, შეფუთული „უზომო სიყვარულის“ სახელით. სინამდვილეში, შენ ბავშვს კი არ იცავ, შენს საკუთარ ნერვებს უფრთხილდები, რომ ზედმეტი თავის ტკივილი აირიდო და ამ დროს, მიკრო დონეზე, საკუთარი ხელით თიშავ ბუნებრივი შერჩევისა და განვითარების პროცესს.
შეხედე ბავშვს, რომელსაც არასდროს უწევს წინააღმდეგობის გადალახვა, რომელსაც ყველაფერი გამზადებული ხვდება და სიტყვა „არა“ არ გაუგია. ის ხომ საერთოდ ვერ სწავლობს სტრესის მართვას. მას ნულოვანი თვითკონტროლი აქვს. ვერ ავითარებს ელემენტარულ გამძლეობას, რომ ხვალ, როცა ცხოვრება სახეში გაარტყამს (და აუცილებლად გაარტყამს), ფეხზე დადგომა შეძლოს. გენეტიკურ დონეზე ეს იმას ნიშნავს, რომ ის სასიცოცხლო მექანიზმები, რომლებიც გამოწვევის დროს უნდა გააქტიურდეს და ორგანიზმი გააძლიეროს - უბრალოდ არ ირთვება. კუნთი, რომელსაც არ იყენებ, ხომ ჭკნება და ატროფირდება? ზუსტად იგივე მოსდის ბავშვის ფსიქიკასა და გენეტიკურ პოტენციალს.
ახლა ამ ყველაფერს დავამატოთ მეორე, კიდევ უფრო საზიზღარი ფენა - კვება.
ის ფერადი გაზიანი სასმელები, ის თვალისმომჭრელად შეფუთული ტკბილეული, ის ულტრაგადამუშავებული საწამლავები, რითაც სავსეა მაღაზიები და რომელსაც ასე უხვად ვყიდულობთ ჩვენი შვილებისთვის - რა თქმა უნდა არ არის უბრალოდ „გემრიელი წახემსება“. ეგ არის პირდაპირი, სისტემური დარტყმა ორგანიზმზე. ეგ პროდუქტები გატენილია სიმინდისგან მიღებული მაღალფრუქტოზიანი სიროფით და ისეთი ქიმიით, რომელსაც ბუნება საერთოდ არ იცნობს.
როდესაც ბავშვი ამას ყოველდღიურად იღებს, მის სხეულში კატასტროფა ტრიალებს: იწყება ღვიძლის ქრონიკული გადატვირთვა, ინსულინის რეგულაცია მთლიანად იშლება, ცხიმოვანი ქსოვილი დროზე ადრე გროვდება და, რაც მთავარია, ხდება ტვინის დაპროგრამება სწრაფი, იაფი სიამოვნების ძიებაზე. ის ხდება დამოკიდებული, ზუსტად ისე, როგორც ნარკომანი.
აქვე უნდა გავიხსენოთ „ფასტ ფუდიც“ - ის „მაკდონალდსის“ ტიპის სასადილოები, სადაც „ბედნიერი მენიუ“ კი არა, ქრონიკული ანთების, სიმსუქნისა და ჰორმონალური კოლაფსის რეცეპტი იყიდება. ის ბურგერის ღვეზელი, რომელიც დამზადებულია ანტიბიოტიკებით გაჟღენთილი, ხელოვნურად მოყვანილი ხორცისგან; ის კარტოფილი, რომელიც ტრანს-ცხიმიან ზეთშია შემწვარი; ის „ნაგეტსები“, რომლებშიც ხორცი სულ მცირეა, დანარჩენი კი - კანის, მყესებისა და სახამებლის წებოვანი მასა - ეს ყველაფერი ბავშვის ორგანიზმს ისევე ანადგურებს, როგორც ტკბილი სასმელები, მაგრამ ბევრად უფრო კომპლექსურად. ცხიმოვანი ქსოვილი ისე სწრაფად გროვდება, რომ ღვიძლი ვეღარ უმკლავდება; იმუნური სისტემა იმდენად სუსტდება, რომ ბავშვი მუდმივად ავადმყოფობს; ტვინის ქიმია კი ისე იცვლება, რომ ნორმალური, ჯანსაღი საკვები მისთვის "უგემური" ხდება. ესეც იგივე ხაფანგია: მშობელი შვილს "ახარებს", რეალურად კი მის ჯანმრთელობას სისტემატურად ანადგურებს.
და აი აქ მივედით იმ შედარებამდე, რომლის გაგონებაზეც ბევრ მშობელს ალბათ ცივმა ოფლმა უნდა დაასხას, მაგრამ ეს სიმართლეა და უნდა ითქვას.
ბავშვისთვის ყოველდღიურად გაზიანი სასმლის და ინდუსტრიული ტკბილეულის მიცემა - იგივეა, რომ მას საკუთარი ხელით უყიდო სიგარეტი, მოუკიდო და უთხრა: „მოწიე შვილო, ჯერ პატარა ხარ და არაფერი გემართება“. მაგრამ რეალობა კიდევ უფრო სასტიკია - სიგარეტი გაცილებით, გაცილებით უფრო ნაკლებად მავნებელია, ვიდრე ეს ინდუსტრიული, ლამაზად შეფუთული საწამლავები.
გაგიკვირდათ? მოდი ლოგიკურად შევხედოთ. სიგარეტი ნელა აზიანებს ფილტვებს და შედეგს ათწლეულების მერე გაჩვენებს. მაგრამ ის შაქრის ბომბები, და ფასტფუდები რასაც ყოველდღე აჭმევთ, ბავშვის მეტაბოლიზმს ანგრევს ახლავე, ამ წამს. ის ურტყამს ჰორმონალურ ფონს, ანგრევს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას, აჩლუნგებს ტვინის განვითარებას და ათი წლის ბავშვებს უჩენს მეორე ტიპის დიაბეტს და გაცხიმოვნებულ ღვიძლს - დაავადებებს, რომლებიც ადრე მხოლოდ 60 წლის ლოთებს ემართებოდათ. მაგრად ტეხავს, არა? სიგარეტზე მშობელი ინსტინქტურად გიჟდება, იგინება, "რას ამბობ, ბავშვიაო" ამბობს და მეორე წუთში, სრულიად მშვიდი სახით, ტკბილი შხამით სავსე ბოთლს აჩეჩებს ხელში. იმიტომ რომ ეს "მიღებულია" იმიტომ რომ ეს ნაგავი ლამაზად არის შეფუთული და ტელევიზორში არეკლამებენ...
ორივე შემთხვევაში ზიანი გროვდება უხილავად, დამოკიდებულება ყალიბდება ნელა, მაგრამ შაქრის და ქიმიის შემთხვევაში შედეგი ბევრად უფრო ფატალური და მასშტაბურია. შენ ყოველდღე ნელ-ნელა "აუქმებ" მის ჰორმონალურ ბალანსს.
ეს ყველაფერი ერთ დიდ, საზარელ სურათს კრავს. როცა ბავშვს არ აძლევ პასუხისმგებლობას - ეს იგივეა, რომ მას საკუთარი ფეხით სიარულს უშლიდე და მერე გიკვირდეს, რატომ ვერ დარბის. როცა ყველაფერს უმარტივებ - ეს იგივეა, რომ რეალურ სამყაროს აცლი, ილუზიაში, რაღაც ვარდისფერ ბუშტში ამყოფებ და მერე, როცა ეს ბუშტი გასკდება, ეს ბავშვი ცხოვრების პირველივე რეალური პრობლემის წინაშე დაიმსხვრევა.
გენური დეგრადაცია არ ხდება მხოლოდ ხმაურით, აფეთქებებით და სირენებით. ის ხდება აი ასეთ რბილ, თბილ კომფორტში. არავინ ამჩნევს, როგორ სუსტდება ორგანიზმის რეგულაცია. არავინ ამჩნევს, როგორ ქრება გამძლეობა. არავინ ამჩნევს, როგორ იცვლება ნორმა და როგორ ვეჩვევით სუსტ, დაავადებულ, უნებისყოფო თაობებს.
და იცით რა არის ამ ყველაფერში ყველაზე საშიში და სამარცხვინო? ის, რომ ამ დანაშაულს ჩვენ "სიყვარულს" ვეძახით.
მაგრამ მოდი ვაღიაროთ - სიყვარული, რომელიც ზიანს აყენებს, სიყვარული, რომელიც ადამიანს აჩლუნგებს და აუძლურებს - არ არის სიყვარული. ეს არის შენი საკუთარი დისკომფორტის შიში, რომელიც აღზრდის სტილში გადაგიტანია. სიმართლე უხეშია და პირდაპირ უნდა ითქვას: ბავშვს, რომელსაც ყველაფერს აძლევ, სინამდვილეში ართმევ ყველაზე მნიშვნელოვანს - შესაძლებლობას, რომ განვითარდეს და შედგეს როგორც სრულფასოვანი, ძლიერი ადამიანი.
გენები არ მუშაობს ავტომატურად. მათ არ აინტერესებთ შენი კეთილი ზრახვები. მათ სჭირდებათ სტიმული: შრომა, წინააღმდეგობა, შეზღუდვა, მოძრაობა, გამოწვევა. თუ ეს ყველაფერი არ არის - გენები უბრალოდ "იძინებენ".
და როცა მთელი თაობები ასე იზრდება, შედეგი აღარ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია. ეს ხდება საზოგადოებრივი კატასტროფა. ჩვენ ვიღებთ საზოგადოებას, რომელმაც არ იცის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს ნებისყოფა და რომელიც ელოდება, რომ ვიღაც ყოველთვის მოუტანს „ტკბილეულს“.
ამიტომ, სანამ მორიგ ჯერზე შვილს იმ ტკბილ საწამლავს უყიდი, ან სანამ მის მაგივრად გადაჭრი პრობლემას, რომ „პროსტა“ არ იწვალოს, საბოლოო კითხვა დაუსვი შენს თავს და გულწრფელად უპასუხე:
როდესაც ბავშვს აძლევ იმას, რაც მას იმ მომენტში უნდა - ნამდვილად მის ძლიერ მომავალს აშენებ, თუ უბრალოდ შენს საკუთარ ცხოვრებას და ნერვებს იმარტივებ?
იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში - შენ ზრდი დამოუკიდებელ, ჯანმრთელ, ძლიერ ადამიანს. მეორე შემთხვევაში კი - საკუთარი ხელით, „სიყვარულის“ სახელით, ქმნი სუსტ ორგანიზმს, რომელსაც რეალობა ადრე თუ გვიან უმოწყალოდ დაანგრევს. არჩევანი შენზეა“, - წერს ვატო მსხილაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: