Digest Logo

„ჯერჯერობით ძალა სულ ძალადობს და ეგოს სურვილები ბატონობენ სხვებისაზე...“ - რას წერს გია მურღულია?

1748013337
გია მურღულია

ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.

ამჯერად იგი მორიგ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სამყაროს ბევრი მხრიდან ომი, ნგრევა, უბედურება და დაღუპვა ემუქრება, მაგრამ თუნდაც ამ დილას ვიღაც სახლს აშენებს, ვიღაც ხეს რგავს, ვიღაც ბავშვებს ასწავლის, ვიღაც ავადმყოფს კურნავს, ვიღაც გონიერ და მშვენიერ წიგნს წერს, ვიღაც წესრიგს იცავს, ვიღაც საკვებს ამზადებს, ვიღაც ტანსაცმელს კერავს, ვიღაც კი უბრალოდ მღერის.
ეს ყველაფერი სიცოცხლის ბრძოლაა თავისი თავის გადასარჩენად.

და არა მხოლოდ გადასარჩენად, არამედ იმისთვისაც, რომ ადამიანმა ღმერთისგან მინიჭებული სახე არ დაკარგოს და „ხვალ“ უკეთესი იყოს, ვიდრე არის „დღეს“.

სიცოცხლე და სიკვდილი დიდი ხანია ერთმანეთს ებრძვიან. ამ ომს დასასრული არ უჩანს.

ყველა თავის სიმართლეს ღაღადებს და ის აუცილებლად უნდა ეწინააღმდეგებოდეს სხვებისას, რათა დაპირისპირების ღუმელში საწვავი არასდროს გამოილიოს.

ერთადერთი, რაც კაცობრიობის სანატრებელია, სხვადასხვა სიმართლის თანაარსებობაა.
ამის მთავარი საფუძველი (სამწუხაროდ - უეჭველი განადგურების შიშთან ერთად) განათლება და კულტურაა.

ერთხელ იან ფლემინგმა თქვა: „იცხოვრე და აცალე სხვებს სიკვდილი“.

სიკვდილამდე მშვიდად მისვლაც სანატრელი აქვთ კაცობრიობასა და ადამიანს.

ისტორია შეუწყვეტლად ქსოვს თავის არსებობას.

ყველა თაობა სხვადასხვაგვარად წყვეტდა გადარჩენის თანამდევ პრობლემას.

ასე იყო თუ ისე, დღემდე მოვედით.

იმედია, გონიერი გული გაიმარჯვებს მხოლოდ საკუთარ სურვილებას აყოლილ ვნებებზე.
თუმცა ჯერჯერობით ძალა სულ ძალადობს და ეგოს სურვილები ბატონობენ სხვებისაზე.

და მაინც:

სახლი უნდა აშენდეს.
ხე უნდა დაირგოს.
ბავშვებს უნდა ასწავლონ.
ავადმყოფები უნდა განკურნონ.
გონიერი და მშვენიერი წიგნები დაიწეროს.
წესრიგი უნდა დაიცვან.
საკვები უნდა მომზადდეს.
ტანსაცმელი უნდა შეიკეროს.
ვიღაცამ კი იმღეროს.
რატომ?
ეს სიცოცხლეა და იმიტომ.
რაც ღმერთმა დაბადა, ადამიანისგან ვერ განადგურდება“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეშია

⭕„ექიმის რჩევის გარეშე, მათი გამოყენება არ შეიძლება...“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე წონის დასაკლებ ინიექციებზე?

⭕ „შემოაქვს დაბრკოლებები, შეფერხებები...“ - რა გავლენა ექნება სატურნისა და ვერძის ტრანზიტს, ასტროპროგნოზი ხათუნა ნოელისგან