კარმა და გენეტიკა ასტროლოგიაში „გვარის პროგრამები“ - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი აკაკი გოგოლაძე გვიზიარებს.
ასტროლოგი ხსნის, რატომ უმართლებს ზოგიერთ ადამიანს მარტივად და რატომ აწყდება ბევრი ადამიანი ცხოვრების განმავლობაში უამრავ პრობლემას:
„კარმა და გენეტიკა ასტროლოგიაში „გვარის პროგრამები”.
ასტროლოგიაში ნებისმიერ ასპექტს (კარგსაც და ცუდსაც) ვიღებთ ჩვენი კარმული გამოცდილებების ხარჯზე. დაძაბული ასპექტები გვიჩვენებს სულს რა სფეროებში აქვს დაშვებული შეცდომები და როგორ უნდა გამოასწოროს იგი, მაგალითად მთვარის ნეგატიური ასპექტი სატურნთან, ხშირად მეტყველებს რომ ადამიანმა ოდესღაც უარი თქვა ზრუნვაზე, ოჯახურ თემებზე, შვილების ყოლაზე (თუ შესაბამისი სახლებიცაა ჩართული) რის გამოც ამ ცხოვრებაშიც სირთულეებს აწყდება აღნიშნულ საკითხებში
პოზიტიური ასპექტები კი გვიჩვენებს კარმულ დამსახურებებს, მაგალითად იუპიტერის ტრინი ვენერასთან, შეიძლება მეტყველებდეს რომ ადამიანი წინა ინკარნაციაში იყო კეთილი, გულუხვი და ხელგაშლილი, რის გამოც დაჯილდოვდა ამ ასპექტით და უმართლებს ახლა ფინანსებში და ურთიერთობებში. სწორედ რუკის კარმულად წაკითხვა ხსნის, რატომ იბადება ზოგი ადამიანი დაზიანებული ასპექტებით და უწევს ბევრი წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებების გადალახვა და ზოგ ადამიანს რატომ უმართლებს უფრო მარტივად რაღაცებში.
არსებობს კარმული წერტილებიც, რომლებიც უფრო გამოკვეთილად გვიჩვნებენ კარმულ საკითხებს, მაგალითად ლილიტი, კვანძები, სატურნის მდგომარეობა და მე-4 მე-12 სახლები. ნებისმიერი ადამიანი იბადება გარკვეული სახის კარმული გამოცდილებით და ამოცანით, რომელიც ახლა აქვს შესასრულებელი, რასაც კარმული კვანძები გვიჩვენებენ, თუმცა, არსებობს საგვარელო კარმაც.
სული დაბადებამდე თვითონ ირჩევს ადგილს, რა გარემოებებში უნდა დაიბადოს და რომელი ოჯახია მისი ევოლუციისთვის უკეთესი. შესაბამისად, როდესაც ერთ კონკრეტულ გვარში ვიბადებით, გადმოგვეცემა ის გამოცდილებებიც, რაც ჩვენი გენეტიკის ხაზშია, ზოგ ადამიანს კი ძალიან აქტიური აქვს „ოჯახური კარმა” ზოგს კი ნაკლებად.
ხშირად ხდება, როდესაც გვარში მეორდება ასტროლოგიური მდებარეობები და ასპექტებიც კი, ხშირად ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ კონკრეტული მდებარეობა არ მუშავდება სწორად. მაგალითად საგვარეულოში ყველა ქალს (4 თაობას) ჰყავს მთვარე ვერძში, გამოკითხვით კი დადგინდა, რომ საგვარეულში ქალებს უწევდათ ლიდერობა და ყველა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და კაცის ენერგია ხშირად დათრგუნული იყო ან სულ არ იყო.
როგორ უნდა მოხდეს ამ ჯაჭვის გაწყვეტა?
ასეთმა ქალებმა უნდა ისწავლონ დამოუკიდებლობა, წინ წამოსწიონ საკუთარი მე და დრო დაუთმონ პირად განვითარებას და არა ოჯახური პრობლემების საკუთარ თავზე აღებას, უნდა ისწავლონ მოდუნება, არ აკონტროლონ ყველაფერი და სხვასაც მისცენ საშუალება რომ რაღაც გააკეთონ.
ასევე შემხვედრია მაგალითი, სადაც საგვარეულოში კაცებს ყველას მზისა და პლუტონის კვადრატი ჰქონდა, სადაც ასევე მეორდებოდა პრობლემები, თითქმის ყველა იყო აგრესიული, დესტრუქციული და ძალადობისკენ მიდრეკილი, ჯაჭვის გასაწყვეტად კი საჭიროა, ამ გვარის კაცებმა ისწავლონ ენერგიისა და იმპულსების მართვა და სწორად გამოყენება.
ნატალურ რუკაში ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებას აღწერს მე-4 სახლი (IC) რომელიც რუკის ყველაზე ღრმა წერტილია და ითვლება რუკის საძირკველად. გარდა იმისა რომ მე-4 სახლი დაკავშირებულია ჩვენს ოჯახურ ცხოვრებასთან ასევე გვიჩვენებს ინფორმაციას თუ როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და რამდენად ძლიერია გვარი და გენეტიკა.
ასევე მე-4 სახლი ხშირად აღწერს უშუალოდ ჩვენს წინა განსხეულებას, კვანძები კი უბრალოდ რომელიმე ცხოვრების აქტუალიზირებულ კარმას აჩვენებს. როდესაც მე-4 სახლში მოხვედრილია კეთილი პლანეტები (ვენერა, მზე, იუპიტერი) ან კარგად ასპექტირებული პლანეტები, ასეთი ადამიანი გრძნობს რომ აქვს მყარი საყრდენი, რომ მას უმაგრებს ზურგს ოჯახი და გვარის ძალა, შესაბამისად უყვარს სამშობლო და ადგილი სადაც დაიბადა.
მე-4 სახლში მოხვედრილი ბოროტი ან დაზიანებული პლანეტები კი მეტყველებს რომ ადამიანს აქვს საგვარეულო კარმა, რაღაცაზე აქვს სამუშაო ოჯახს, შეიძლება დაძაბული ურთიერთობა იყოს მშობლებთან და ნეგატიურად იყოს განწყობილი იმ გარემოებების მიმართ სადაც დაიბადა.
ყველაზე კარმული სახლი კი არის მე-12 სახლი, რომელიც გვიჩვენებს ადამიანის გენეტიკურ არქივს, რაც ოჯახმა „ვერ გადახარშა” ხშირად მე-12 სახლს ასევე მოიხსენიებენ როგორც „სულის ნაგავსაყრელს”.
მე-12 სახლი აღწერს ადამიანის დაფარულ ნაწილს, ფარულ მტრებს, ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მიდრეკილებას გასაიდუმლოებული საკითხებისადმი.
ხშირად მე-12 სახლი აქვთ გამოკვეთილი ისეთ ადამიანებს ვის სანათესავოშიც, ვიღაც გარიყულია, არ ახსენებენ, იჯდა ციხეში ან მენტალურად იყო ავად, შესაბამისად ვიღაც გვარში შეიძლება ატარებდეს ამ გარიყული ნათესავის ბედს, გამოკვეთილი ჰქონდეს მე-12 სახლი და გრძნობდეს მუდმივ ჩაკეტილობას და მარტოობას მაშინაც კი როცა ხალხშია, ასეთ დროს სულს მცდელობა აქვს დააბრუნოს მივიწყებული წინაპარი ოჯახის ხსოვნაში.
ასეთ დროს აუცილებელია (თუ ვიცით ვისზეა ლაპარაკი) ადგილი დავუბრუნოთ გვარში გარიყულს და გავემიჯნოთ მის ბედისწერას.
მე-12 სახლი ასევე აღწერს მუცლადყოფნის პერიოდს და ორსულობისას მიღებულ ტრავმებს, რაც გამოიხატება მე-12 სახლის გამოკვეთით უკვე დაბადებულ ბავშვში.
ხშირად მე-12 სახლი ასევე აღწერს ნიჭებსა და კაპიტალს, რომელიც დაგროვებულია გვარში და არ/ვერ გამოვლინდა. მაგალითად ვენერა ნეპტუნის შეერთება მე-12 სახლში, დედას კარგი ხმა აქვს მღერის, თუმცა ვერ მოახდინა ამ ნიჭის რეალიზაცია, ახლა კი ბავშვს ეძლევა ამისი შესაძლებლობა“, - წერს აკაკი გოგოლაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ გირჩევთ ახალი ურთიერთობის დაწყებას“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი