ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„ხიდი ყოფს თუ აკავშირებს?
რა თქმა უნდა, ყოფს, რადგან მანძილს მკაფიოდ აფიქსირებს.
რა თქმა უნდა, აკავშირებს, რადგან მისი დახმარებით მეორე ნაპირზე გადასვლა შეიძლება.
ერთ რაღაცას ორი - ურთიერთგამომრიცხავი ფუნქცია აქვს.
ორივე თვალსაჩინო და ადვილად აღსაქმელია, თუმცა უცნაურად კი თანაარსებობს.
თუ დავაკვირდებით, ამქვეყნად ყველაფერი ასეა - ზღვით დაწყებული და კოვზით დამთავრებული.
ყოველი საგანი, მოვლენა თუ ფიქრი ორ ცნობიერებას აკავშირებს და თიშავს კიდეც.
ზღვა რომ აცალკევებს, ისეთი უნდა, მაგრამ ნავი რისთვის არსებობს?
კოვზით იმას იღებ, რაც შენ მიღმაა, მერე კი შენამდე მოგაქვს.
თან არც ის დაგვავიწყდეს, რომ "ზღვა კოვზით დაილევა".
არც ის დავივიწყოთ, რომ სიტყვა "დაილევა" შესმასაც ნიშნავს და დაცოტავებასაც.
ქვიშაც აცალკევებს და აკავშირებს.
ცაც...
"ირმის ნახტომიც"...
მთაც...
ტექსტიც...
სიყვარულიც...
საკომუნიკაციო ენაც...
მანქანაც...
გაბედულებაც...
შიშიც...
წარმოსახვაც...
დუმილიც...
ეს ყველაფერი თავისთავად ასეთია, თუ ჩვენსა და ჩვენით გარდაისახება ასეთად?
ალბათ პირველიც არის და მეორეც - ხანდახან ბუნებას ერთი მიზანი აქვს ხოლმე.
თბილისში ბევრი ხიდია.
მხოლოდ მტკვარზეც არა.
ხიდები ადამიანთა გულებსაც აკავშირებს.
...თუ ყოფს?“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ალექსანდრე გაქრისტიანდა...“ - ფაცაციების ოჯახური კადრები
⭕„სასწაულად გიხდება ეს ფერები...“ - ლიზა ყენია წითელ კაბაში პოზირებს