ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ, სტატუსს აქვეყნებს, სადაც ხრესილის ბრძოლაზე წერს;
„ყოველი წლის ამ დროს, მუდამ დიდი ემოციით ვივსები! დღეს ხომ 14 დეკემბერია, რომელიც ყველა ქართველში უნდა იწვევდეს სევდასთან, ბრაზთან და დუღილთან ერთად, გამარჯვების მოტივაციას!
რომ არა 14 დეკემბერი და ხრესილის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა, საქართველო არ და ვერ იქნებოდა საქართველო! ძალიან ტრაგიკული, მძიმე და ტანჯვით სავსე ცხოვრება აქვს გამოვლილი დიდებულ ქართველ მეფეს „სოლომონ I-ს“. ადამიანს, რომელსაც საკუთარი დედა, ბიძები, ერისთავები და ნათესავები განუდგნენ, მარტო შეეჯახა ტყვეთა სყიდვის უაზროდ დიდ კამპანიას და ოსმალურ იმპერიას. რითაც შუაზე გაჭრა საბოლოოდ დასავლეთ საქართველოში მათი თარეში და ქვეყანას წოდება შეუნარჩუნა.
ზუსტად, 268 წლის წინ, 1757 წლის 14 დეკემბერს, ქართველთა ლაშქარმა იმერეთის მეფის სოლომონ I-ის სარდლობით სასტიკი დამარცხება აგემა ოსმალთა იმპერიას და სამუდამოდ ამოძირკვა თურქთა სახსენებელი იმერეთიდან!
როგორც მემატიანე გადმოგვცემს XVII საუკუნის დასაწყისში საქართველო ოსმალეთის იმპერიის ყმობაში იმყოფებოდა, რასაც თან ერთოდა მათი გარნიზონების ჩაყენება ქართველთა სტრატეგიულ ციხე-სიმაგრეებში!
იმ დროისთვის კი, იმერეთის, გურიის და აფხაზეთის მეფეები ახალციხის ფაშის ვასლები იყვნენ. მარტო სამეგრელოდან ყოველწლიურად 12 ათასზე მეტი ქალ-ვაჟი გაჰყდავთ! ფაქტობრივად, იცლებოდა საქართველო!
ჭაბუკი სოლომონი 1752 წელს გამეფდა. ახალგაზრდა მეფე დაუპირისპირდა ქვეყნის მოღალატეებს, აკრძალა ადამიანებით ვაჭრობა და არც მეტი არც ნაკლები - ოსმალთა უღლიდან გამოსვლა განიზრახა!
სულთანმაც არ დააყოვნა და „დიდი სერასქირი გოლა ფაშა“ გამოაგზავნა სოლომონის დასასჯელად. ყველაზე საშიში კი ის იყო, რომ ამ დროს, სულთანმა ფაშას დასავლეთ საქართველოს სრული ანექსია დაავალა, რაც გულისხმობდა ყველა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას და ფაქტობრივად, გამუსულმანებას!
მძიმე და უკიდურესად რთული ჟამი დაუდგათ ქართველებს, ახლა მათი მიზანი რიგით ომში მოწინააღმდეგის დამარცხება კი არა, გენერალური ომის წარმოება იყო, რითაც ფესვში უნდა მოეჭრათ ოსმალთა სახსენებელი!
ოსმალთა სარდლები: დიდი სერასქირი გოლა ფაშა, ქემხა ფაშა, ალი ფაშა, მოღალატე ლევან აბაშიძე და როსტომ რაჭის ერისთავი, ფოთის ფაშა, ქუთაისის ფაშა კიკიანი, შორაპნის, ცუცხვათის და ბაღდათის ციხისთავები.
იმერეთის ლაშქარი: სოლომონ I, პაპუნა წერეთელი, აფხაზთა მთავარი ხუტუნია შერვაშიძე, კაცია დადიანი, ბერი წულუკიძე, ფიცის კაცთა გვარდიის სარდალი ბესო ლორთქიფანიძე, ქაიხოსრო აგიაშვილი, გიორგი აბაშიძე, ზურაბ მიქელაძე და მეფის ძმა არჩილი.
თურქეთი: 30 ათასი შემოსული არმია, 11 ათასი მეომარი იმერეთის ციხეთა გარნიზონებიდან და 10 ათასამდე მოღალატე ქართველი!
ქართველები - 11 ათასი რეგულარული არმია, 5 ათასი დამატებითი შენაერთები.
ოსმალთა არმია დიდი სერასქირი გოლა ფაშას სარდლობით ახალციხეში იცდიდა და საჭირო მომენტს ელოდებოდა. თურქთა ბედი მაშინ გართულდა, როცა სოლომონის ბრძანებით მნიშვნელოვანი ობიექტები დაკარგეს და გენერალურ ომამდე, ბრძოლები დათმეს.
დეკემბრის პირველ რიცხვებში მტერი იმერეთში შემოიჭრა, სოლომონმა ჯერ პარტიზანული ბრძოლები წამოიწყო, გოლა ფაშაც ქუთაისში შემოვიდა, სოლომონი კი მოულოდნელ დატყმებს არ წყვეტდა მტრის შესასუსტებლად!
13 დეკემბერს ოსმალები ხრესილის ველზე დაბანაკდნენ, აქვე მოვიდა სოლომონის 11 ათასიანი მხედრობა, პარალელურად, მისი ბრძანებით გაანადგურეს ოსმალთა გზაში შემორჩენილი ჯარები! შუა ღამისას, კი ქართველთა ჯარი ხრესილთან საომრად სრულად დაეწყო!
ქვეით ლაშქარს სარდლობდა ბერი წულუკიძე, ფლანგებზე იდგა კავალერია, მარცხნივ პაპუნა წერეთლის, ხოლო მარჯვნივ კი სოლომონის სარდლობა, რომელსაც მხარს უმაგრებდა აფხაზთა ცხენოსანი რაზმი ხუტუნია შერვაშიძის მეთაურობით!
მამლის პირველ ყივილზე იერიში დაიწყო ბერი წულუკიძის ქვეითმა შენაერთმა, ცხენოსანი რაზმებიც ეკვეთნენ ოსმალებს, გათენებამდე ვერცერთი მხარე ვერ აღწევდა წარმატებას. როგორც იქნა, ჭაბუკმა სოლომონმა მიაღწია ალი ფაშამდე და ხმლის ერთი დარტყმით წააგდებინა თავი! ამის შემყურე მტერი შედრკა, ქართველებს იმხელა მოტივაცია მიეცათ რომ მტრის რიგები შეანგრიეს პაპუნა წერეთელმა და ბერი წულუკიძემაც, ქართველებმა ყოველი მხრიდან მოიმწყვიდეს ოსმალები და პირწმინდად გაანადგურეს!
ბრძოლის ველზე დაიხოცნენ: დიდი სერასქირი გოლა ფაშა, ქემხა ფაშა, ალი ფაშა, ბაშა აღა და ლევან აბაშიძე!
ამ ომით, მეფისა და მისი ერთგული მეომრების დახმარებით საქართველოს დღეს საქართველო ჰქვია!
მეფეო, შენ მაშინ მხოლოდ იმერეთს კი არა, მთელ საქართველოს იცავდი! შენი გონება - ერი იყო, ხოლო მკლავი კი ქვეყნის გაერთიანება! შენ მარტო იმერეთის კი არა, ბედკრული - მთელი საქართველოს მეფე იყავი კახთ ბატონ ერეკლესთან ერთად!
ღმერთმა ნუ მოუშალოს საქართველოს შენისთანა ვაჟკაცები! ომს პირველი იწყებდი და უკანასკნელი ტოვებდი! არ ახარებდი არავის, ვინც კი ქართველს სტამბოლის ბაზარზე ყიდდა! ბევრსაც თვალდათხრილი გაუშვებდი, რომ ხალხს სცოდნოდა რა მოუვიდოდა მას, ვინც საქართველოს შვილს მოსტაცებდა!
მეომარო, უშიშარო, სამაგალითოვ, პატრიოტო, ქვეყნის და სარწმუნოების ერთგულო მცველო, ღირსეულო ქართველო და თითით საჩვენებელო ქრისტეს მხედარო! მშვიდად განისვენე მეფეო. ჩვენ კი იქიდან ნუ მოგვაკლებ ლოცვას და შემწეობას, რომ ამ რთულ წლებში კვლავაც ბევრმა იჭექოს ქვეყნის გასახარისად!
ხრესილობა 2025 - გილოცავთ! წერილი 14 დეკემბრისა“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: