Digest Logo

„კიბო ჰქონდა და ექიმებმა უთხრეს, თუ შვილს გააჩენდა, მაშინვე დაიღუპებოდა... გაუჩენია გოგო და ერთ თვეში გაფრენილა“ - ნანა აკობიძე ტრაგიკული ისტორიაზე წერს

1661000776
ფოტოფოტოფოტო

ჟურნალისტი  ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში იტალიელი დედისა და მისი შვილის ტრაგიკულ ისტორიაზე წერს. მისი თქმით, ორსულობის პერიოდში გარდაცვლილს ექიმებმა უთხრეს, რომ თუ გოგოს გააჩენდა, მოკვდებოდა.

„ერთი ლამაზი იტალიელი გოგო დადის ჩვენთან - ჩემი თინეიჯერი ბიჭის მეგობარი. ყოველ მოსვლაზე მეხუტება, „მეკნუტება", როგორც ჩემი შვილი ამბობს. მე კი, უჟმური, მის ასაკში ჩემს ქალიშვილსაც რომ არ მოვფერებივარ წესიერად, რამდენიმე სიტყვას ვეტყვი იტალიურად, მათ შორის ბელლისიმას და ვუბრუნდები ისევ ჩემს საქმეს, ბავშვებს ხელს არ ვუშლი - ჩემი ჭკუით.

ამ ზაფხულს, ამერიკიდან რომ მოვდიოდი, სულ რამდენიმე ადამიანს წამოვუღე საჩუქარი. მათ შორის ამ გოგოს - შოკოლადი ეყვარება -მეთქი და გემრიელი ნაკრები შევარჩიე. რა კარგად აღზრდილი ბავშვია -თქო, მერე ვამბობდი: ისეთი მადლიერება გამოხატა ერთი შეკვრა შოკოლადის გამო, ისე გაბედნიერდა, ისე ჩამეხუტა...
ამ ზაფხულს წასულია და პერიოდულად მოკითხვას აბარებს ჩემს შვილს. სხვათა შორის, დედამისიც ჟურნალისტი და მწერალი იყოო, - ამასწინათ მითხრა. რატომ „იყო"-მეთქი.

მშობიარობის შემდეგ დაიღუპა: კიბო ჰქონდა და ექიმებმა უთხრეს, თუ შვილს გააჩენდა, მაშინვე დაიღუპებოდა. თუ არ გააჩენდა, ჰქონდა შანსი, რომ კიდევ ეცოცხლა. მან კი გაჩენა გადაწყვიტაო.

დავგუგლე გვარ-სახელი. ულამაზესი ქალი - სულ რაღაც 37-ის. მესამე შვილზე ფეხმძიმობისას დაუდგენიათ კიბო. არათუ აბორტი - მკურნალობაზეც უარი უთქვამს, ნაყოფისთვის რომ არ ევნო. გაუჩენია ეს ჩვენი გოგო და ერთ თვეში გაფრენილა... სახელი თვითონ შეურჩევია გოგონასთვის: შეუძლებლის შემძლე წმინდანის.
„ჩვენ რომ შუა საუკუნეებში ვცხოვრობდეთ, ახლა მასზე, როგორც წმინდანზე, ისე ვისაუბრებდითო,“ - წერია წიგნში, რომელიც მის ხანმოკლე, მაგრამ ლამაზ ცხოვრებაზე, დედის თავგანწირვის შეგნებულ არჩევანზეა გამოცემული.
დაბრუნდება მალე საქართველოში ეს საჩუქარი-გოგო და ივლის ისევ ჩვენთან.

მომეკნუტება.

წინასწარ მეშინია: შევძლებ, ჩახუტებისას არ შევიმჩნიო, როგორ ამიდუღდება გული ჩაბრუნებული ცრემლისგან, ბრაზისგან, ბოღმისგან, უსამართლობისგან?
შევძლებ, ისე შეუმჩნევლად გავზარდო მისადმი სითბოს, ყურადღების და შოკოლადის დოზები, რომ არ შევეხო, არ მივუახლოვდე იმ ტერიტორიას, სადაც მხოლოდ დედამისის აქვს (არ)ყოფნის უფლება?!.
ძნელი იქნება, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება: ის ისეთი ლაღია, ისეთი ლამაზი, და ისე უყვარს შოკოლადი და ჩემი შვილი...“, - წერს ნანა აკობიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵მარკუს მეტრეველი 10 წლით უფროს ქალზე დაქორწინდა - ნახეთ, სად გაიცნო მომღერალმა მისი რჩეული და რას ჰყვებოდა მასზე თვეების წინ

🔵„ნახევარ უკრაინას ჩვენ ვაჭამეთ, პროდუქტებს და ფულს აქედან ვუგზავნით, არიქა მშიერია ხალხიო და ესენი ტანგების საყიდლად „შოპინგზე“ დადიან?!“ - ნათია ბერიძე

🔵„ჩვენ ვირჩევთ მშვიდობის დამცველ ხელისუფლებას და მშვიდობის გარანტად ქცეულ ბიძინა ივანიშვილს!“ - ხათუნა ხოფერია