„კუჭი სავსე მაქვს, მაგრამ საჭმელზე მაინც ვფიქრობ“, - ეს ფრაზა თქვენთვის ნაცნობია?
მიზეზი ყოველთვის „სუსტი ნებისყოფა“ არ არის. ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად გვხვდება ტერმინი food noise.
ეს სამედიცინო დიაგნოზი არ არის. ტერმინი აღწერს საკვებთან დაკავშირებულ ხშირ, განმეორებით და არასასურველ ფიქრებს, რომლებიც ადამიანისთვის შეიძლება შემაწუხებელი გახდეს.
2025 წელს Nutrition & Diabetes-ში გამოქვეყნებულ ექსპერტულ ნაშრომში აღნიშნულია, რომ უფრო ინტენსიური food noise ზოგჯერ რუმინაციას, ხშირ, ძნელად გასაკონტროლებელ ფიქრს, შეიძლება ჰგავდეს.
მაგალითად:
• ჭამა ჯერ არ დაგიმთავრებიათ და უკვე ფიქრობთ, რას შეჭამთ შემდეგ;
• ახლახან ჭამეთ, მაგრამ კონკრეტულ დესერტზე ფიქრი მაინც არ გტოვებთ;
• საკვებზე ფიქრი მუშაობის ან დასვენების დროს გიფანტავთ ყურადღებას;
• დღის დიდი ნაწილი გადის იმაზე ფიქრში, რა, როდის და რამდენი უნდა ჭამოთ.
შიმშილი სხეულის ბიოლოგიური სიგნალია, food noise კი საკვებთან დაკავშირებული ფიქრი, რომელიც შეიძლება მაშინაც არსებობდეს, როცა ფიზიოლოგიურად არ გშიათ.
ამიტომ კითხვას: „რატომ მინდა ჭამა?“ ზოგჯერ ღირს დავუმატოთ: „ახლა ნამდვილად მშია, თუ უბრალოდ საჭმელზე ვფიქრობ?“.
საკვებზე ფიქრი თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს. საყურადღებო ხდება მაშინ, როცა ეს ფიქრები მუდმივი ხდება და ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი დოზითაა.
რატომ ჩნდება food noise?
ერთი უნივერსალური მიზეზი არ არსებობს და ეს თემა ჯერ ადრეულ ეტაპზეა შესწავლილი.
საკვების რეკლამამ, სურნელმა ან თვალწინ დადებულმა კერძმა შეიძლება ფიქრი გაააქტიუროს. ზოგჯერ ამას შიმშილიც ემატება, ზოგიერთ ადამიანში კი მკაცრმა დიეტამ ან ხანგრძლივმა შეზღუდვამ შეიძლება საკვებზე ყურადღება გააძლიეროს.
თუმცა food noise მხოლოდ გარემოს სიგნალებით არ აიხსნება. ის შეიძლება საკვების, ჭამის კონკრეტული დროისა და ფიზიოლოგიური შიმშილის გარეშეც გაჩნდეს და ყოველთვის არც კონკრეტული კერძის სურვილია. ზოგჯერ ფიქრები ასეთია:
„სწორად ვჭამ?“
„საკმარისია?“
„ახლა უნდა ვჭამო თუ მოვითმინო?“.
სწორედ ეს მუდმივი შინაგანი დიალოგიც შეიძლება გახდეს food noise-ის ნაწილი.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმ მომენტში, როცა ძლიერი სურვილი ჩნდება?
სცადეთ რამდენიმე წამიანი პაუზა.
არ არის საჭირო სურვილთან ბრძოლა. უბრალოდ ერთი ამოსუნთქვა და მერე გადაწყვეტილება.
ჰკითხეთ საკუთარ თავს:
1. ბოლოს როდის ვჭამე?
2. სხეულში შიმშილის ნიშნებს ვგრძნობ?
3. ნებისმიერი საჭმელი დამაკმაყოფილებდა, თუ მხოლოდ ერთი კონკრეტული პროდუქტი მინდა?
4. რას ვგრძნობდი მანამდე: ბრაზს, დაღლას, მოწყენილობას თუ დაძაბულობას?
ეს დიაგნოსტიკური ტესტი არ არის. ეს არის მარტივი სავარჯიშო, რომელიც გვეხმარება, ავტომატურ რეაქციამდე რამდენიმე წამით გავჩერდეთ.
კიდევ რამდენიმე პრინციპი: ნუ გამოტოვებთ კვებებს.
რეგულარული, სრულფასოვანი კვება მნიშვნელოვანია. სწორად შერჩეული ცილის და ბოჭკოს რაოდენობა და ხარისხი ხელს უწყობს დანაყრების შეგრძნებას. მეტი მოქნილობა, ნაკლები აკრძალვა.
თუ მთელი დღე ძალიან ცოტას ჭამთ ან კონკრეტულ საკვებს ხანგრძლივად კრძალავთ, ზოგიერთ ადამიანში მასზე ფიქრი შეიძლება გაძლიერდეს. ამიტომ „ამ კერძს არასოდეს შევჭამ“ საუკეთესო სტრატეგია არ არის.
იზრუნეთ ძილზე.
ძილის ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მადაზე და საკვების მიღების რეგულაციაზე. food noise-ზე მისი გავლენა ცალკე შესწავლას საჭიროებს.
დააკვირდით სტრესს. თუ საკვები მუდმივად დაძაბულობის შემცირების საშუალებად იქცა, მხოლოდ კვების მოდელის შეცვლა შესაძლოა საკმარისი აღარ იყოს. ჭამის დროს - ჭამა.
ტელეფონის, სამუშაოსა და სხვა გამფანტავი ფაქტორების გარეშე. ყურადღება მიაქციეთ გემოს, ტექსტურას, სურნელსა და დანაყრების შეგრძნებას.
რატომ გახდა food noise განსაკუთრებით აქტუალური GLP-1 პრეპარატების ეპოქაში?
GLP-1-ის მომხმარებლები ხშირად აღწერენ გამოცდილებას, რომელსაც დაახლოებით ასე გამოხატავენ:
„თავში სიჩუმე ჩამოვარდა“.
ამ გამოცდილებამ food noise-ის მიმართ სამეცნიერო და საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
ეს ცნება ჯერ ახალია: მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, ზუსტად როგორ განსხვავდება food noise ჩვეულებრივი საკვებთან დაკავშირებული ფიქრებისგან და რა მექანიზმები განაპირობებს მას.
ევროპის სიმსუქნის კონგრესზე (ECO 2026) პოსტერის სახით წარმოდგენილ დაკვირვებით კვლევაში 417 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. ერთ თვეში food noise ორივე ჯგუფში შემცირდა, თუმცა იმ მონაწილეებში, რომლებმაც ქცევით პროგრამასთან ერთად GLP-1 პრეპარატი ახლახან დაიწყეს, შემცირება უფრო დიდი იყო.
ეს ასოციაციაა და არა მიზეზობრიობის დასტური.
ამიტომ მხოლოდ food noise-ის არსებობა GLP-1 პრეპარატის დაწყების მიზეზი არ უნდა გახდეს. GLP-1 პრეპარატის დაწყების საკითხი ექიმთან ინდივიდუალურად წყდება.
თუ საკვებზე ფიქრები ყოველდღიურ ცხოვრებას გიშლით და თან ახლავს:
• კონტროლის დაკარგვა;
• განმეორებითი ჭარბი ჭამის ეპიზოდები;
• ძლიერი დანაშაულის განცდა;
• კომპენსატორული ქცევები (მაგალითად, ღებინების გამოწვევა ან ჭამის შემდეგ მკაცრი შიმშილობა),
საჭიროა პროფესიული შეფასება.
საჭმელს თქვენს ცხოვრებაში თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ის ცხოვრების რიტმს არ უნდა არღვევდეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რომელ ნიშნებს ეწყებათ მაგნიტური მიზიდულობისა და ვნებიანი საუბრების პერიოდი?
⭕სილამაზის და ჯანმრთელობის კალენდარი ოქტომბერში - ეკა კვარაცხელიას რეკომენდაციები