Digest Logo

„ლარი არ დარჩა ამის საყიდლად! შემეზიზღა ის ჩემსავით ღატაკი მოლარე ბიჭიც, ისედაც შეწუხებულს და დამძიმებულს თავი კიდევ უფრო უხერხულად აგრძნობინა“ - რას წერს თამო კეშელავა

1661774761
თამო კეშელავა

ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მაღაზიაში გადამხდარ ამბავზე წერს, რომელიც სოციალურად დაუცველ ქალს ეხება. 

„მაღაზიაში შევედი, კანტიკუნტად იყო ხალხი. დიდხანს არჩევდა ერთი ქალი პროდუქტს.
სოციალური ბარათით ატარებდა.

კარგად ემსახურებოდა მოლარე, ცოდვას ვერ ვიტყვი, კარგი ბიჭია.
ნაწილი გაატარა ბარათით, რაც ვერ იყიდა ბარათით, მეორე სალაროსთან გადაიტანა. სოციალურებს ცალკე სალარო ემსახურებათ, მხოლოდ ერთი ... როგორც ძველ ფილმებშია, ფერადკანიანებისთვის რომ ცალკე განყოფილებებია...

ყველა სალაროსთან რომ იდგეს თითო აპარატი, მაგ ხარჯის გაწევა მაღაზიას არ უნდა და სახელმწიფო ფულის აღება - კი.

გადავიდა მეორე სალაროსთან და მესმის კონსულტანტს ეკითხება:

- ეს პარკები გაუძლებს?
- გინდათ მოგცეთ 2 ფასიანი პარკი?
- კი...
არ გაუძლებს, ანუ...
სოციალურ სალაროსთან სხვა პარკში იდება პროდუქტი, უფრო თხელში, წარწერაც არა აქვს...
იმ პარკში იდება, ნეტავი, აკრძალული რომ არის? არ ვიცი...

- პარკში ხომ იცით, მე არ ჩავალაგებ - გამომწვევად ეჭიმება მეორე მოლარე.
- ვიცი, პასუხობს მშვიდად.
- ფული აქ უნდა დადოთ - ისევ წინასწარ უთანხმებს მოლარე და თითით იმ ადგილს უჩვენებს, სადაც ფული უნდა დადოს!
- ვიცი, არ ვარ პირველად მაღაზიაში, ისევ მშვიდად პასუხობს ქალი!
გავერიდე...

მეც დავიღალე, ალბათ, ჩხუბით...
გავერიდე და ვფიქრობდი, ეს ბიჭიც ხომ ჩვენსავით გაჭირვებულია, ეს ბიჭიც ხომ კაპიკებზე მუშაობს, მისთვისაც დამღა რატომ არის სიღატაკე!

როდემდე შეიძლება ღატაკ ქვეყანაში ასე სამარცხვინო იყოს სიღატაკე!
არ არის სამარცხვინო, არა, ყველამ უნდა ვთქვათ, რომ არ არის სამარცხვინო, ჩვენ არ ვიპარავთ, კაცს არ ვკლავთ, არ ვმრუშობთ - ჩვენ მხოლოდ ვშრომობთ და ვინც მხოლოდ შრომობს, ჩვენს ქვეყანაში ის ვერ მდიდრდება, უკუღმაა ჩვენი ქვეყანა მოწყობილი!

მოვბრუნდი და სალაროსთან ტუალეტის ქაღალდი დამხვდა! ისევ! ვისაც ძველი პოსტი ახსოვს, მიხვდება!

იმ ქეციანი 30 ლარიდან ჰიგიენის საშუალებების ყიდვა არ შეგიძლია და სხვა ფული არ დარჩა, ამიტომ აუცილებელი იყიდა, საარსებოდ, პირდაპირი მნიშვნელობით, საარსებოდ აუცილებელი!

ლარი არ დარჩა ამის საყიდლად! შემეზიზღა ის ჩემსავით ღატაკი მოლარე ბიჭიც წამით, მხოლოდ წამით - იმისთვის რომ ისედაც შეწუხებულს და დამძიმებულს თავი კიდევ უფრო უხერხულად აგრძნობინა!
მერე ზიზღი სხვა გრძნობამ შეცვალა და შემეცოდა, ისიც ხომ ღატაკია და სწორედ, თავისი სიღატაკის დასამალად იქცევა ასე, რადგან, ჯერ კიდევ არ იცის, რა არის სირცხვილი და რა არა!

მერე გავიფიქრე, რომ ამ მაღაზიაში აღარ შევალ, მაგრამ ის ბიჭი? მეორე მოლარე? თავაზიანი? პარკშიც რომ ჩაულაგა და დაეხმარა? ზურა ჰქვია, მგონი!
ზურას გამო შევალ.

მე და ზურა უკვე ორნი ვართ!ვაჟაც კარგი ბიჭი ჩანდა. მე, ზურა და ვაჟა, სამნი ვართ უკვე.
კიდევ ვიღაც შემოვა იმ მაღაზიაში ჩვენნაირი, ვინც იცის, რომ სიღატაკე სირცხვილი არ არის და იქნებ, ერთ დღეს ხუთნი ვიყოთ!

ხუთნი ერთი მაღაზიისთვის უკვე ბევრნი ვართ! ხუთი ადამიანის ერთნაირმა ქცევამ შესაძლოა ყურადღება მიიქციოს!
ვინ იცის! ცდად ღირს! ჯერ ხომ არავის უსინჯავს ზღვის კოვზით დალევა! სიღატაკე სირცხვილი არ არის!
სირცხვილი ისაა, ჰიგიენის საშუალებების ყიდვის უფლება რომ არ აქვს სოციალურად დაუცველს სოციალური ბარათით!

სირცხვილი ისაა, 21-ე საუკუნეში, ტუალეტის ქაღალდი რომ ითვლება ფუფუნებად! (აღარ ვსაუბრობ, ზეფუფუნების საგნებზე: საპონზე, შამპუნზე, სარეცხ ფხვნილზე). თუ ფუფუნების საგანია ტუალეტის ქაღალდი, საჯარო მოხელეებმა თქვენი ფულით იყიდეთ!

რამდენი ათასი ლარი იხარჯება სამინისტროებსა და მერიებში ტუალეტის ქაღალდში?
რამდენი ათასი ლარი იხარჯება წლიურად ჩვენი ფული, იმისთვის რომ კომფორტულად მოისაქმოთ?
და უკვე მეორედ ვხედავ, როგორ ტოვებს სალაროსთან სოციალურად დაუცველი ოჯახი ტუალეტის 50-თეთრიან ქაღალდს და შერცხვენილი გადის მაღაზიიდან!

მოსაქმების უფლებაც რომ მარტო მდიდრებს აქვთ, იმ ქვეყნის შვილებს სიღატაკის არ უნდა გვრცხვენოდეს!
აი, ხმას რომ არ ვიღებთ და თავჩახრილნი ვიძურწებით, თითქოს ჩვენი ბრალი იყოს - მაგის კი, მაგ ამბის კი უნდა შეგვრცხვეს!“, - წერს თამო კეშელავა.

 

ასევე დაგაინტერესებთ👇

„გვარის შეცვლა ჯერ კიდევ „რუბინში“ თამაშისას ურჩიეს - მაღალ დონეზე რომ ითამაშო, კომენტატორები ვერ გამოთქვამენო“ - გურამ მეგრელიშვილი კვარაცხელიაზე

„ყველაზე მეტად ნერვიულობდა, როცა ცხვირში პატარა ნივთებ გაჩხერილ ბავშვებს მოუყვანდნენ“ - მოგონებები ექიმ ბებიაზე, რომელმაც უამრავი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

„ძალიან შეწუხებული ვარ, გავბრაზდი, ვინერვიულე... ტელევიზიის ლანძღვა-გინებას ნუ დამიწყებთ“ - რატომ იხდის ინგა გრიგოლია ბოდიშს