Digest Logo

„წყალი არ გაუვიდოდა მის ნათქვამს“ - ზურაბ შევარდნაძე უცნაური ნიჭით დაჯილდოებულ წინაპარზე გვიამბობს

1782284482
ზურაბ შევარდნაძე

ცნობილი ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში საოცარ საგვარეულო ისტორიას აქვეყნებს. იგი მკითხველს უცნაურ, თუმცა უაღრესად საინტერესო წინაპარს, თავისი დიდი ბებიის, მარგალიტას მამას, კირილე წულაძეს აცნობს, რომელიც სოფელ ჭანჭათში ცხოვრობდა და გამორჩეული, მისტიკური ნიჭით იყო დაჯილდოებული.

როგორც შევარდნაძე წერს, კირილე ბაბუა ფიზიკური შრომით ვერ გამოირჩეოდა და ხშირად ავადმყოფობდა კიდეც, თუმცა უფლისგან განსაკუთრებული უნარი ჰქონდა ბოძებული, უშეცდომოდ შეეძლო ახალი სახლებისთვის საუკეთესო სამოსახლოს შერჩევა და მიწისქვეშა წყლების პოვნა.

„კირილე წულაძე ჩემი დიდი ბებიას მარგალიტას, მამა იყო. ჭანჭათში ცხოვრობდენ.

კირილე ბაბუა მორჩილი ტანის, კაი შესახედი, მოვლილი წვერულვაშიანი კაცი ყოფილა. მოწესრიგებული ჩაცმა ყვარებია, დიდი აბრეშუმის ფუშკულიანი, მწიფე ალუბლისფერი ყაბალახით დადიოდა თურმე. დიდად ფიზიკურად შემძლე ვერ ყოფილა, ხშირად ავადმყოფოფდა, უფრთხოდა ორპირ ქარს, დამგრილავსო ამბობდა თურმე. ზაფხულს მთაზე ატარებდა, კვირკობის თვის ბოლოს ჩამოდიოდა ბარად. არც ყანა ჰქონია, არც ბახჩა და არც საყოლი ჰყოლია რამე. ჩემი შეძლების კაციზა ზედმეტი ბარგიაო ამბობდა თურმე.

ცოდნა და უნარი ჰქონია იმფერი მარტო რჩეულს რომ უბოძებს გამჩენი ღმერთი.

არც ჭანჭათში და არც იმ ახლო მახლო სოფელში სახლი არ დაიდგმებოდა ისე სამოსახლო ადგილი კირილე წულაძისთვის რომ არ ეჩვენებიათ. მოვიდოდაო, გადახედავდა, გადმოხედავდა, დააკვირდებოდა მზე საიდან ამოდის, საით ჩადის, საწვიმარი მხარე საიდანაა, ეზოს საწრეტი და წყლის საძგერი საიდანააქ.

ნათელმხილველივით სანთელს დაანთებდა, ალს დააშტერდებოდა და დააკვირდებოდა ქარი საიდან უბერავს, მთელ დღეს დაყოფდა ოჯახთან ერთად, ყველას თბილად გამოელაპარაკებოდა და ნასადილევს არჩეულ სამოსახლოს მოუწონებდა ან დიუწუნებდაო. საბჯენ ჯოხს ხელით დააწვებოდა და მიწაში ბოლომდე დაასობდა თითქოს ყველას უმტკიცებდა არც ისე სუსტი ვარო. იმ ადგილას უნდა დაედგათ სახლი სადაც ჯოხს ჩაარჭობდა. წყალი არ გაუვიდოდა მის ნათქვამს, იმ ალაგზე აშენებული სახლის პატრონს არც ქარის უნდა შეშინებოდა, არც თოვლის არც მოვარდნილი ღვარცოფის.

შეთავაზებულ გასამრჯელოსაც დიდი მადლიერებით მიიღებდა, გულითადად მადლობას გადაიხდიდა და ულევ სიხარულს, მოჩხოროზის სიმრავლეს უსურვებდა ახალ დასასახლებელ ოჯახსო. მისი დალოცვა კურთხევასავით იყო და ყველა ცდილობდა მარტო მისი რჩევა კი არ მიეღო, ახალი სამოსახლო დაელოცინებია კირილესთვისო მიამბო ერთხელ მისმა დისშვილიშვილმა ეთერი გოგუაძემ.

ჭის ადგილის და წყლის პოვნა სცოდნია კიდევ, სადაც ჩხირს ჩაარწობდა უტყუარი იყო, იქ წყალი აუცილებლად ამოვიდოდა ჭაში. ისეც ყოფილა, რომ რამდენიმე მეტრის გათხრიდა პატრონი და წყალი მდინარესავით შემოედინებოდა ჭაში თურმე. კირილეს მონაძიები ჭა არც აგვისტოში დაშრებოდა და ოჯახს ცივი წყალი სულ ჰქონდა თურმე.

მადლობას რომ გადაუხდიდენ იტყოდა მორიდებით, მე რა სამდლობელი ვარ, ეს ცოდნა ღმერთმა მომცა, გამჩენელმა მარგუნა, სხვაი აფერი არ ვიცი, საქმე მე არ შემიძლია და ასეა მთლად ღმერთი მის გაჩენილ შვილს ხომ არ გასწირავდა აბაო...

კირილე ბაბუას ას შვიდი წელი უცხოვრია, ხარს ურქენია, ფერდი დაზიანებია და ჭრილობა ვეღარ მოშუშებია.
მონაყოლის, მონაყოლის მონაყოლია ეს ამბავი და ეგება ბევრი რამე აკლია ან მიმატებულია, მაინც მომინდა დამეწერა ამ უცნაურ მაგრამ საინტერესო წინაპარზე“, - წერს ზურაბ შევარდნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დახურეთ ის, რაც უკვე ფუნქციონირებას ასრულებს“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„შეცდომების ხელოვნება: რატომ არის მარცხის მიღება ნამდვილი სიმწიფის ნიშანი?“ - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 „ორივეს სიცილი აგვიტყდა მსგავსებაზე, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით“ - ნინი შერმადინი ქალიშვილთან ერთად პოზირებს