Digest Logo

„მარტიდან მოყოლებული ნაკრები განათებული საქართველოა, ამაყი, თვითმყოფადი, არავის მსგავსი და საკუთარი ხელწერის მქონე“ - ნიკოლოზ ტაბატაძე

1726035645
ნიკოლოზ ტაბატაძე

ქართველმა ფეხბურთელებმა ალბანელები  ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან ანგარიში 71-ე წუთზე გახსნა. საჯარიმოს გარედან უზუსტესი დარტყმით საქართველოს ნაკრები 1:0 დააწინაურა. 

ერთა ლიგაზე ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა. თამაში კი თბილისის დროით 10:45 საათზე დაიწყო.

აღნიშნულ თამაშს და ქვეყნის სიხარულს სოციალურ ქსელში სპორტის ჟურნალისტი ნიკოლოზ ტაბატაძე გამოეხმაურა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებს განათლებული საქართველო უწოდა.

„ოდესმე მაინც შეგხვდებოდათ ვიდეოები, როგორ ზეიმობს ბუენოს-აირესი არგენტინის ნაკრების გამარჯვებას. ქუჩის კამერები კორპუსიდან გამოსულ ყიჟინასა და ჟივილ-ხივილს აფიქსირებენ, ხალხი იოგებს არ უფრთხილდება, ერი ფეხბურთით ცხოვრობს.

ბუენოს-აირესი ჩვენგან ძალიან შორსაა. შორს იყო ეგ თავდავიწყებაც, რისი გამოწვევაც მხოლოდ ამ თამაშს შეუძლია, თუმცა დაუჯერებელმა ხალხმა ყველაფერი დასაჯერებელი გახადა. ჯვაროსნებმა ბუენოს-აირესი თბილისში ჩამოიტანეს.

ფეხბურთის ყურების ჩემი საყვარელი გარემო მარტოობაშია. ყველაზე დიდი კაიფია, მხოლოდ შენ, ეკრანი და შენი საყვარელი გუნდი. არც ყურადღება გეფანტება, სურათის ბოლომდე აღქმაში ხელსაც არაფერი გიშლის. მოკლედ, იდეალური პაემანია.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეგეთი გარემო დღეს მქონდა. კლასიკური სვლაა, განსაკუთრებული რიტუალების გარეშე ტელევიზორთან მოკალათება და ფეხბურთელებთან ცალმხრივი კომუნიკაცია. მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ღია ფანჯრებიდან შემოსულ, ათეულობით ბავშვის ცინცხალ და გულწრფელ ემოციებს ვერ აცდებოდი, ვიღაცის მიერ ჩაკვესთვის ნაკარნახევი სიტყვა - „პასი“ გაგაღიმდებდა და შესვენებაზე „მე ვარ საქართველოს“, ან „საქართველოა“-ს აჰყვებოდი.

კარგია, რადგან შენარ ხარ მარტო, ჩვენ სულ ვართ ერთად, ერთ ძლიერ მუშტად, ერთ ძლიერ ერად...

თამაშის მერე ახმაურებული ქალაქი ხომ ტრადიციად გვექცა. მანქანები, სიგნალები, ცოტა ფეიერვერკებიც იყო. და რა მაგარია ეს ამბავი. ვინ თქვა, რომ ახალი ტრადიციები ცუდია, ან არ უნდა დავამკვიდროთ?!

ყოველი ასეთი თამაშის შემდეგ ვრწმუნდები, რომ საქართველო ამ გრძნობას იმსახურებდა. ყოველთვის გვაკლდა, როგორც D ვიტამინი და ფეხბურთისგან წამოსულ მზის სხივებს მთელი სხეული ხარბად მივუშვირეთ. თან სულ ეს ქვეყანა ვიყავით, ყველა საზომითა და პარამეტრით. ოღონდ 90-იანების შავი დროისა არ იყოს, მაგასაც გრაფიკით გვაწვდიდნენ. ხან გადაკვიკეტავდნენ, ხან გამოგვირთავდნენ, ეპიზოდურად გვახარებდნენ და რასაც სინათლის შუქზე მოვასწრებდით, მეხსიერებაში ვიბეჭდავდით.

და ახლა სულ სინათლეა. 26 მარტიდან მოყოლებული ეს ნაკრები განათებული საქართველოა. ამაყი, თვითმყოფადი, არავის მსგავსი და საკუთარი ხელწერის მქონე.

საქართველოს ნაკრები არ არის ერთი კაცის გუნდი. მთელი თანავარსკვლავედის კრებულია, გამოკვეთილი ლიდერებით, უერთგულესი ჯარისკაცებით და ყველაზე კაშკაშა მნათობით, ზურგზე შვიდი ნომრით. შესაძლოა, რომ ვიღაც უფრო მოგწონდეს, ვინმეს პირად ისტორიას გულშემატკივრობდე, ვიღაცის უნარები აღგაფრთოვანებდეს, მაგრამ ეს ნაკრები ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არაა. არ არის მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი, რაც უბრწყინვალესი ამბავია.

თან რა რთულად მისაჩვევია სიახლე, როცა თეატრალური დასი თბილისური სპექტაკლის შემდეგ ტირანაში მიდის, უმძიმესად შესაგუებელ გარემოში მშვიდ, რაციონალურ ფეხბურთს თამაშობს, საკუთარ სტილსაც იცავს და სახლში გამარჯვებული ბრუნდება. გოლ გაუშვებლად.

ეს სტაბილურობა, ეიფორიით გამოწვეული თავბრუდახვევის უგულებელყოფა, ჩვენთვის ჯერ კიდევ შესაჩვევი ცივსისხლიანობა და მიჯრით მოპოვებული გამარჯვებების გემო მალე ჭკუიდან გადაგვიყვანს. ოღონდ ამ პერსპექტივას მთელი ერი ხელს ვაწერთ.

ქოჩორა მართლა სუპერგმირია, თანაც ულამაზესი სახელწოდებით - „კაპიტანი საქართველო“. უბანში თამაშის ბავშვური წლებიდან ყველას გემახსოვრებათ ერთი გულიანი ბიჭი, ასფალტის სტადიონზე ბრძოლაში თავს რომ არ იშურებდა და მთელ არსებას მოედანზე ტოვებდა. ეგ ბიჭია გიორგი. მეტოქის გაფუჭებულ მომენტს ყვირილით რომ იზეიმებს, თანაგუნდელის სიხარულს ყველაზე მძაფრად რომ გამოხატავს და იმედგაცრუებული მეგობრის გამხნევებას რომ ვერავინ დაასწრებს. ასე მგონია, რომ ყველა ემოციაში მარკო ტარდელის ვნებასა და ჟინს ატევს.

ჰოდა, ისე როგორც არასდროს, ახლა შეგვიძლია ვთქვათ - საქართველო ფეხბურთით სუნთქავს. თამაშიდან თამაშამდე. ბილეთების რიგის დრამებამდე. ახალბედა ქომაგების შეყვარებამდე. ზუთხების და „კლუჩების“ გაზიარებამდე.

და ეს ყველაფერი უმშვენიერესია.

ააა, და ალბანეთში სიტყვა ჯოჯოხეთის მნიშვნელობა არ იციან. ბევრს იმუქრებიან, დაპირებებს ვერ ასრულებენ და კომპლექსებს სულმდაბლად გამოხატავენ. ჩათვალეს, რომ ჰიმნის შეურაცხყოფა ვინმეს რამეს დააკლებდა, მაგრამ 71-ე წუთზე მიხვდნენ, რომ მწარედ შეცდნენ.

არ იყო ლამაზი...

ჩვენ ეგრე არ მოვიქცეთ. ევროპულ ქალაქებში უკვე ძალიან ვუყვარვართ, გვაფასებენ და ჩვენი დანახვისას იღიმიან. მათ შორის ჩვენი საქციელების გამოც. კარგ ქართულ ფეხბურთს რაინდული ჟესტებიც შევაშველოთ, ჰიმნს თავი დავანებოთ და ამ უღირსობაზე პასუხი თამაშის დროს გავცეთ.

ჰოდა, ძალიან მინდა, რომ ბუენოს-აირესი ბევრჯერ გამახსენდეს. შინ თუ გარეთ მოპოვებულმა გამარჯვებების სიხარულმა კორპუსებიც შეძრას და ღამის სიხარულის ალიბით, მეორე დღეს სამსახურში ცოტა დაგვაგვიანდეს“, - წერს ნიკოლოზ ტაბატაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ალერგია, მოწამვლა, ურთიერთგაგების სირთულე, არასაჭირო და გამოუსადეგარი ოპტიმიზმი“ - 11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

🎥 „ნიჭიერის“ერთ-ერთ გამომსვლელს სცენაზე ხელი სთხოვეს - კადრები ჩაწერიდან

⭕მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - ამინდის განახლებული პროგნოზი