დღეს, 17 ნოემბერს 58 წლის ასაკში პოეტი, მსახიობი და რეჟისორი ალექსანდრე (საშა) გველესიანი გარდაიცვალა.
სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლანა ბიბილურიძე ეხმაურება და ალექსანდრე გველესიანთან ინტერვიუს იხსენებს:
„მახსოვს, ეს ბლიცინტერვიუ რომ ჩავწერე საშა გველესიანთან,მაშინვე გააზიარა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
ინტერვიუს ერთ-ერთი კითხვა მის ყველაზე დიდ ოცნებას შეეხებოდა.
პასუხად კი მითხრა:
„მინდა მქონდეს საკუთარი ჭერი“.
ეს პასუხი მაშინაც გულზე მომხვდა და დღეს, როცა საშა გველესიანი ცოცხალი აღარ არის, კიდევ უფრო მტკივნეულად ჟღერს.
რა უცნაური და სევდიანია ცხოვრება… ადამიანები, რომლებიც სიტყვებით სამყაროს ქმნიან, ლექსებით ეპოქას ტოვებენ, სხვებს ფიქრისა და განცდისკენ უბიძგებენ, ზოგჯერ საკუთარ ოცნებას ვერ ისრულებენ.
და კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც ახლა განსაკუთრებით სევდიანია:
„ოდესღაც აღმოაჩენთ - აღარ ვარ.“
დღეს აღმოვაჩინეთ…
და დაგვრჩა მისი სიტყვები, ლექსები, მოგონებები და ეს პატარა ინტერვიუ, რომელშიც ადამიანიც ჩანს და პოეტიც.
ღმერთო, ნურავის მოაკლებ საკუთარ ჭერს, მშვიდ თავშესაფარს და იმ უბრალო ბედნიერებას, რომელიც ზოგჯერ ადამიანისთვის ყველაზე დიდი ოცნებაა.
ნათელი თქვენს სულს, საშა“, - წერს ლანა ბიბილურიძე.
ცნობისთვის, ალექსანდრე გველესიანს გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული - „ქარის წისქვილები“ „სულ ცოტა...“, „ლექსები“, „ასათიანის 22“ და „მე-დიდი დათვი“.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: