ჟურნალისტი ეკა წივწივაძე, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ, რომელსაც მინიმუმ 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ფეისბუკის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს თუ რამდენ რა ემოციები გამოიწვია მასში ამ ტრაგიკულმა მოვლენამ.
„გოგონას ცხედარი მამამ ამოიცნო...
დედა დგას ტრაგედიის ადგილზე და ქალ-ვაჟს ჯიუტად ელოდება...
ახალგაზრდა მამაკაცი ტალახში სამ პატარას ეძებს, ცოლსაც...
დასასვენებლად ჩამოსული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს და მისი სამი ვაჟი არ ჩანს...
მინდა ყველა დაკარგული ტყეში იყოს გახიზნული, შიშისგან გონება და გზა ჰქონდეთ არეული და მაშველმა ან დრონებმა იპოვონ, სამშვიდობოს გამოიყვანონ... მერე ჰოლივუდმა მათზე ფილმი გადაიღოს, ხომ არის ბევრი მაგალითი დაღუპულები რომ ეგონათ და გადარჩნენ?! ...
ეს პოსტი არ არის იმაზე თუ რატომ არ გვყავს 21-ე საუკუნეში ღამის ხედვიანი ვერტმფრენები; რატომ აცვია ამ დროს ჩინოვნიკს ბახილები; რატომ აშენდა სასტუმროები იქ სადაც მეწყერსაშიში ზონაა; რატომ იჩეხება ტყე; ეს არ არის პოსტი იმ ადამიანებზე ვინც საიტის რეიტინგისთვის წუთში ერთხელ წერს, რომ რომელიღაც დაკარგული კონტაქტზე გამოვიდა, გადარჩენილები იპოვეს...
მე არ ვწერ იმათზე ვინც ახლა ეცნობა გეოლოგების ორი წლის წინანდელ დასკვნებს; არც გეოლოგებზე ვწერ, რომლებიც ახლა ამბობენ რომ ორი წლის წინ საშიშროებას გრძნობდნენ და განგაში არ ატეხეს; არც იმათზე ვწერ პროფაილის ფოტოებს რომ ცვლიან და ბანკეტებიდან ფოტოებს აზიარებენ.
მე ჩემ თავზე ვწერ...
დედა დგას და თავის ქალ-ვაჟს ელოდება არადა ბიჭის ცხედარი უკვე უპოვიათ.
მე კიდევ ვდგავარ და ხარბად ვკოცნი ჩემი გოგო -ბიჭის ხელებს, ფეხებს, სახეს, თვალებს და მრცხვენია იმ სიხარულის, რომლითაც მიხარია, რომ ჩემი შვილები არ იყვნენ შოვში.
მრცხვენია იმ სიმშვიდის გრძნობის მე რომ არ ვარ ახლა იქ და მე რომ გადავრჩი.
მრცხვენია იმის რომ არც არაფერი შემიძლია და ზეგ როცა ,,ყველას იპოვნიან, “ როცა გზები აღდგება და საინფორმაციო ველი სხვა ამბებით აჭრელდება, მე დამავიწყდება ეს ამბავი, ისე როგორც დამავიწყდა 13 ივნისი, მიუხედავად იმისა რომ მთელი ღამე ადგილზე ვიყავი, დახოცილ ლომებს შორის დავდიოდი და ძალიან ახლოდან ვუყურე ტრაგედიას.
დამავიწყდება ისე როგორც სხვა ბევრი ტრაგედია დამავიწყდა, რომელიც ჩემი თვალით ვნახე და ჩემი ხელით დავწერე ამბავი ან სიუჟეტი.
მრცხვენია იმის რომ რამდენიმე დღეში ამ გაუბედურებულ ხალხს მარტო დავტოვებთ თავიანთ პირად ტრაგედიასთან და რამდენიმე წელში ამ ადგილზე ჩვენ თვითონ წავალთ დასასვენებლად.
დროს აძლევ დროს და ის გავიწყებს ყველაფერს - ამაში არის ცხოვრების მშვენიერებაც და მისი სიმახინჯეც.
ტრაგედიის დღეებში ყველანი მადლობლები ვართ იმის რაც გვაქვს, გვყოფნის ყველაფერი რაც გაგვაჩნია, მეტიც, ვხდებით რომ გაცილებით მეტი გვაქვს ვიდრე გვჭირდება; აღარ გვინდა ბრძოლა იმისთვის რა გვექნება ათი წლის მერე და ღმერთს მადლობას ვწირავთ დღევანდელი დღისთვის. ღმერთიც გვახსენდება ამ დღეებში და მერე მალევე გვავიწყდება სამწუხაროდ.
მე არ ვიცი რას ვისწავლით გლობალურად ამ უზარმაზარი ტრაგედიიდან, შევცვლით რამეს თუ არ შევცვლით, გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას თუ არ გავაძლიერებთ, დავუჯერებთ ჩვენზე ჭკვიანებს თუ ისევ ჩვენი თავი გვეგონება ყველაზე ჭკვიანი...
რადგან ეს პოსტი ეგოისტურად ჩემ თავზეა
მე ერთს მინდა რომ მადლიერების გრძნობა არ დავკარგო და ხვალ სამყაროს მილიონ ცდუნებაში არ დამავიწყდეს, რომ ყველაფერი რაც მაქვს გაცილებით მეტია ვიდრე რეალურად მჭირდება და არ დამავიწყდეს ქვის მთლელიც რომ ვიყო ქვა უნდა ვთალო მთელი პასუხისმგებლობით და სიყვარულით, სადმე რომ არ დაგორდეს და რაღაც ახალი ტრაგედია არ გამოიწვიოს“, - წერს ეკა წივწივაძე.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
სტიქიის ზონიდან უკვე 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები...“ - სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი ნათესავებს ეძებს
🔵წითელი ჯვრის საზოგადოება შოვში მყოფ მოხალისეებს და დაზარალებულებს მიმართავს
🔵„დღეს არ ვარგა საფინანსო ოპერაციები, კაპიტალდაბანდება, თმის შეჭრა“ - მიხეილ ცაგარელი