
ლალი მოროშკინას ცხოვრებამ უამრავი დარტყმა მიაყენა, ისე, რომ რამდენიმეჯერ მოუხდა თავიდან დაწყება. იყო იმედგაცრუება და ურთულესი ეტაპები, თუმცა, არ დაცემულა და იმედი არასოდეს დაუკარგავს. თუ როგორ ჩააბარა მან ცხოვრებისეული გამოცდები, რა იყო მისთვის ყველაზე რთულად გადასატანი და ცხოვრების რა ეტაპზეა ახლა, ამას, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ლალი მოროშკინა: ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან ბევრი თავგადასავალი, ბევრი ცხვირის წამტვრევა, როგორც ჭკვიანი ებრაელები ამბობენ: ცხოვრების დასაწყისში არ უნდა გაგიმართლოს, იმისთვის, რომ გაზულუქებული არ მიხვიდე ცხოვრების ბოლომდე. მე, საკმაოდ ბევრი დაბრკოლება შემხვდა და მიმაჩნია, რომ ამან გამაძლიერა, მაქცია ძალიან ძლიერ ადამიანად, უკვე ცხოვრების მეორე ნახევარში. ცხოვრების პირველ ნახევარში ასეთი ნამდვილად არ ვიყავი. თუმცა, ყველა დაბრკოლების მერე კატასავით ვდგებოდი, ზურგზე არასოდეს ვვარდებოდი. ეს არის მთავარი, რაც ყველა ადამიანმა უნდა შეძლოს. ყველა განვითარებას დასაწყისში აუცილებლად ახლავს რთული პერიოდი და გამოცდა. ღმერთი ყოველთვის გაძლევს შანსს, შენი თავი გამოცადო და ღმერთი იპოვო. მე ბევრჯერ მქონდა მსგავსი სიტუაცია და რომ არა რწმენა, უბრალოდ, ფეხზე ვერ დავდგებოდი, თუნდაც, ფიზიკურად, მაგალითად, ურთულესი ავარიის შემდეგ. რომ არა რწმენა, დღესაც ეტლზე ვიქნებოდი მიჯაჭვული. რომ არა რწმენა, ძალიან ბევრ რამეს ვერ შევძლებდი და თუ ამ გზაში ღმერთი ვერ იპოვე და ჩათვალე, რომ შენ არ გიმართლებს და მორჩა, ეს ანტიღმერთის გზაა.
– ანუ, მიგაჩნია, რომ ცხოვრებისეული ურთულესი გამოცდები წარმატებით ჩააბარე?
– ახლა, შემიძლია, დასკვნა გავაკეთო და გეტყვით, რომ ორმოცდაათი წლის ადამიანს უნდა შეეძლოს, გადახედოს ცხოვრებას. რაც მე გაგონილი მაქვს: უნდა გააჩინო შვილი, დარგო ერთი ხე მაინც და ააშენო სახლი, ამას თუ მივყვებით, ზედმიწევნით შევასრულე – სახლებიც ავაშენე, შვილებიც გავაჩინე და ხეებიც დავრგე (იცინის). ასე რომ, თუ ამ აზრს გავყვებით, ცხოვრებისეული გამოცდები წარმატებით ჩავაბარე.
– და მაინც, როდის იდგა შენთვის ყველაზე რთული პერიოდი, როდესაც თითქოს, სამყარომ ზურგი გაქცია და ცხოვრებამ ყველაზე მძაფრი ფსიქოლოგიური ან, თუნდაც, ფიზიკური დარტყმა მოგაყენა?
– როცა დილეგში ვიყავი, მისინჯავდნენ კბილს, რქას, ნერვს, გამძლეობას და ასე შემდეგ, თხუთმეტი დღე ვიყავი უშუქოდ, საჭმლის გარეშე, ადვოკატის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იყო და იყო მეორე რთული პერიოდი, რეაბილიტაცია ავარიის მერე, როცა ექიმები შანსს არ მაძლევდნენ... ამასთან შედარებით, ყველაფერი დანარჩენი წვრილ-წვრილი ტკივილებია. ეს იყო პირდაპირ ეგზისტენციალური საფრთხე, როცა ან გადარჩები, ან - არა. სიკვდილს ბევრჯერ გადავრჩი და თავიდან დავიბადე. ზოგადად, მგონია, ყველა ადამიანი ყოველდღე იბადება. ყოველდღე შეიძლება, რაღაც მოხდეს, წამში შეიცვალოს შენი ცხოვრება. ამას წინათ, დილაუთენია მოვდიოდი კახეთში და დილის შვიდ საათზე საოცარი ღვარცოფი წამოვიდა, ისეთი, რომ ჩაიტანა ნახევარი მთა. ფაქტია, წამებში გამოვასწარი და გადავურჩი სიკვდილს. შეიძლება, ჩახვიდე აუზში და ვეღარ ამოხვიდე. ანუ, სულ მგონია, ღმერთის ხელი ურევია, რამდენი ხანი უნდა კიდევ გამყოფოს აქ და არ ჩაგიხუტოს და არ წაგიყვანოს იქ. სხვათა შორის, ამასაც მარტივად ვუყურებ. სიკვდილთან უნდა იმეგობრო. სიკვდილი გარდაუვალია, სამუდამოდ ხომ ვერ დავრჩებით ცოცხალი?
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
წყარო: tbiliselebi.ge