Digest Logo

„მიტევება სისუსტე კი არა, ღირსებაა...“ - რას წერს გია მურღულია

1770009383
გია მურღულია

ფილოლოგიის დოქტორი, მწერალი გია მურღულია სოციალურ ქსელში ემოციურ და ფილოსოფიურ ტექსტს აქვეყნებს, სადაც მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ქალებზე - დედაზე, მეუღლეზე, შვილზე, შვილიშვილებსა და მეგობრებზე საუბრობს.

„ჩემი ძვირფასი ქალები:

1. დედა - ის იყო (და წლების წინ წასვლის მიუხედავად ახლაც არის) ჩემი მზრუნველი მშვენიერება. მან მაჩვენა და მასწავლა, რომ სამყარო შეიძლება კეთილი და ლამაზი იყოს. მისგანვე ვიცი, რომ მიტევება სისუსტე კი არა, ღირსებაა. მისი ფოტო ჩემს წიგნების თაროზე ყოველდღე ღიმილით მლოცავს სახლიდან გასვლის წინ.

2. მეუღლე - მან დაბადა ჩემში სიყვარული და აგერ უკვე 49-ე წელია, მიჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს ერთგული და ყოველთვის თანამდგომი მეგობრობა, რომელიც ერთ „მთელს“ ქმნის. მას დავუწერე: „ვინც გინდა აკაკუნებდეს, ჩემთვის კარს იქით შენა ხარ“.

3. შვილი - ის მაგრძნობინებს, რა ბედნიერება მოაქვს პასუხისმგებლობას, რომელსაც სულის სინათლე ბადებს. მახსოვს, როგორ ჩამიჯდებოდა კალთაში და მაინცდამაინც მისთვის შეთხზულ "მამიკოს ზღაპრებს" ისმენდა. ახლა ცოტა ორმოცსაც გადასცდა, მაგრამ ის ფაფუკი სითბო არსად წასულა და ვერც ვერასდროს წავა.

4. შვილიშვილები - მათზე ლოგიკური ლაპარაკი შეუძლებელია - ისინი რაციონალურობისა და ემოციის მიღმა არიან. რა სიტყვები, რა ფრაზები და რა ტექსტები?! მათი ერთი გაღიმებისთვის ღირს სიცოცხლე. ამ ნათქვამს ბებიებისა და ბაბუების გარდა ვერავინ გაიგებს. შვილიშვილი იმ კართან დგას, რომლის იქითაც ღმერთის სამყოფელია.

5. მეგობრები - ლამაზები, ჭკვიანები, სანდოები, შეხუმრებულები, უღალატოები, დახვეწილები, გემოვნებიანები. „გაიძულებენ“, რომ ეცადო - მეორე დღე წინას სჯობდეს.

P.S. და უბრალოდ მშვენიერი ქალი?

ის დასაჯერებელს ხდის დაუჯერებელ ფრაზას:

„წეღან გვერდზე ანგელოზმა ჩამიარა“, - წერს გია მურღულია.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

„სავსემთვარეობა აძლიერებს განცდებს, სურვილებსა და შინაგან ხმას“ - 2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 როგორ დაიწყო საქართველოს სულიერი გარდაქმნა 17 საუკუნის წინ - ქვეყნის გაქრისტიანების ისტორია