Digest Logo

„მხოლოდ ძმას აქვს ილიასთვის სიტყვის მიშველების უფლება ბრძოლისას...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

1739088336
ალექსანდრე თოფურია

„დედა და ილია“ - ამ სათაურით მკითხველმა, რთული ცხოვრების მავთულხლართებით სავსე გზის გამარჯვებულ გაგრძელებაზე წიგნი იხილა. ბიოგრაფიულ ლიტერატურაში, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას დედის ცხოვრებაა გადმოცემული, აფხაზეთიდან - ალიკანტემდე. ინგა ბენდელიანი-თოფურიას, რთული, ბრძოლით სავსე გზა და დაკარგული აფხაზეთის დაბრუნების იმედი, მწერალმა გიორგი კეკელიძემ ერთ წიგნში გააერთიანა. წიგნის დაწერის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ჩემპიონი ილია თოფურია სამშობლოში მშობლებთან ერთად დაბრუნდა. ინგა ბენდელიანი-თოფურიას ისტორიის მთხრობელი გიორგი კეკელიძე გახდა, პროექტის მხარდამჭერი კი - SMH Sports-ი.

გიორგი კეკელიძე ამჯერად წიგნიდან ამონარიდს აქვეყნებს, რომლითაც ალექსანდრე თოფურიას გამარჯვებას ეხმაურება:

„მატადორს ვეღარავინ აჩერებდა. ვერც ხარი. ვერც ადამიანი. ვერც ხარი და ადამიანი ერთად. და რომ ვერ აჩერებდა, აქ სანდროს ძახილის ძალაც იყო. მხოლოდ ძმას აქვს ილიასთვის სიტყვის მიშველების უფლება ბრძოლისას. და ქართულად უყვირის: მიდი, ბიჭო! მიდი, კარგო ბიჭო!

ალექსანდრე მომავლის მებრძოლია. საოცრად ესთეტური და ლაღი. გახსოვთ? ბავშვობაში ცეკვავდა. და ისე იბრძვის, თითქოს ცეკვავსო ახლაც. ქართული ცეკვაც დიდწილად ბრძოლისაა - დაზვერვის, მოგერიებისა და უცაბედი თავდასხმების კრებული - მსუბუქი, გენიალური მონასმებით. და სანამ საკუთარ საჩემპიონო გზას გაუყვება, მანამდე ძმას ესაყრდენება.
....
ასეთი იყო ამ ბიჭების გზა რუსთავიდან: ,,ცალკე ფილმის კადრია მაშინდელი საქართველოს პატარა სპორტსმენების წონის გდების მეთოდი. ბიჭები მაღაზიებში საყოფაცხოვრებო ცელოფნის პარკებს ყიდულობდნენ. ვისაც ამ პარკების ყიდვის ფული არ ჰქონდა, ვისაც ჰქონდა - ის უნაწილებდა. მერე დაჭრიდნენ და ტანზე იხვევდნენ ცელოფანს, რომ ოფლი გამოსვლოდათ. ილიას და სანდროს ზოგიერთ თანატოლზე ცოტა მეტი შეეძლოთ - ინგა და ზაზა სამშობლოდან ხომ ამიტომაც წავიდნენ. შესაბამისად, მეგობრების ცელოფნები მათზე იყო. შეიკრიბებოდნენ რომელიმე სარდაფში, წვებოდნენ და ოფლს იდენდნენ. ოფლს იდენდნენ და ხმამაღლა ოცნებობდნენ - „მე მსოფლიო ჩემპიონი გავხდები!“ ამბობდა ერთი. „მე ოლიმპიადას მოვიგებ!“ - მეორე. მესამე ამბობდა, რომ ორივე გახდებოდა - მსოფლიოც და ოლიმპიურიც. მეოთხეც იმავეს ამბობდა, ოღონდ ამატებდა: „და ბევრი ფული რომ მექნება, იცით, რას ვიზამ?!“

წონის გდება წინასწარ დიეტასაც ნიშნავს. დიეტა - მოთმენას. მოთმენის ძალა კი სპორტსმენის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ერთხელ ასეც მოხდა. სავარჯიშოდ მიდიოდნენ. გზაზე პატარა ტაძარია. იქ როცა ჩაივლიდნენ, სულ ჩერდებოდნენ, პირჯვარს გადაიწერდნენ და მიწას ცალი ხელით ეხებოდნენ. ეს იყო მათი უცილებელი რიტუალი. ჰოდა, ერთხელაც, როცა დარბაზისკენ მიმავალ სანდროს და ილიას გაუსაძლისად შიოდათ, პირჯვარი გადაიწერეს, დაიხარნენ და რას ხედავენ - 50 ლარიანი გდია. ეს ფული მაშინ მთელ სახინკლეს გასწვდებოდა, მეგობრებთან ერთად. განა მხოლოდ სახინკლეს, კომპიუტერების ფულიც მორჩებოდა. კომპიუტერები იმ დროში ერქვა საგანგებო ადგილს, სადაც ხუთი-ექვსი Playstation-ი იდგა და ერთი საათით თამაში ლარი ღირდა. თამაშობდნენ დიდწილად Gran Turismo-ს და Tekken-ს. ეგ საათი უდრიდა სამოთხეს მაშინდელი ბავშვებისთვის. მოკლედ, საცდური დიდი იყო, ვარჯიში გაეცდინათ. ერთმანეთს გადახედეს. და უცებ, ორივემ თითქმის ერთად გააქნია თავი - არა! გზად მათი ბიძა ცხოვრობდა და გადაწყვიტეს, მასთან შეენახათ ნაპოვნი უზარმაზარი განძი - მთელი 50 ლარი. შეენახათ, რომ მოთმენა გაადვილებოდათ. და წავიდნენ ვარჯიშზე“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მაქვს ამბიციები, მაგრამ სხვა რამისთვის ვჩხუბობ“- ალექსანდრე თოფურიას პირველი კომენტარი UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ

⭕„წარმატებული მომღერალი ბიჭი...მის გარდაცვალებას გავიგებთ...“ - გოგა მანია შოკის მომგვრელ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

⭕როგორი ამინდია 9-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი?