Digest Logo

„მხოლოდ პასიური სიყვარული არ კმარა - პატიოსანი მსახურებაა საჭირო“ - რას წერს გია მურღულია

1772000709
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს გასაბჭოების შესახებ წერს: 

„დღეს 25 თებერვალია - საქართველოს გასაბჭოების დღე.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა დიდი სიხარულით აგზავნიდა ავად მოსახსენებელ ტელეგრამას („თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!") სერგო ორჯონიკიძე კრემლში და დავფიქრდეთ ორ პატარა ტექსტზე, რომლებსაც აქ შემოგთავაზებთ.

თავდაპირველ სამხედრო მარცხს იმდროინდელი მთავარსარდალი, გენერალი ილია ოდიშელიძე ასე უხსნიდა ნოე ჟორდანიას:

„ჯარი დამარცხდა იმიტომ, რომ იყო დანაწილებული, შეერთება ვერ მოასწრეს. დანაწილება კი მოახდინა დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის თავმჯდომარემ აკაკი ჩხენკელმა დეკემბერში“.

რამდენიმე კანონიერი კითხვა იბადება:

• რატომ იყო „დანაწილებული“? - კი "მოახდინა" აკაკი ჩხენკელმა, მაგრამ განსაკუთრებით მიხვედრილებმა მდგომარეობა რატომ არ გამოასწორეს?

• რატომ „ვერ მოასწრეს“ - გვიან მიხვდნენ, თუ ორგანიზაციული გონება ან სინდისი არ ეყოთ?

• სად იყო და რას აკეთებდა დაზვერვა - განა თვეებით (თუ მეტით არა) ადრე ცხადი არ იყო, რომ საქმე სამხედრო კონფლიქტით დასრულდებოდა?

• რატომ მიიჩნევა, რომ სხვაზე პასუხისმგებლობის გადაბარება ადამიანს თავისი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს? ან, საერთოდ, ვინმემ აგო პასუხი ამაზე?

• და ბოლოს: სად არის უფროსი ოფიცრის ღირსება?

სამშობლოს გააზრებული დაცვა სჭირდება და არა - უკან მიდევნებული ლამპარივით - გაუკეთებელ საქმეთა მიზეზების მოძიება.

მეორე ციტატა გამორჩეულ ქართველ გენერალს - გიორგი მაზნიაშვილს ეკუთვნის.

თავის "მოგონებებში" ის გაოგნებით იხსენებს 1925 წლის 24 თებერვალს თბილისის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას:

„ტფილისის დაცვა ისეთი დიდი საკითხია, რომ მისი გადაწყვეტა ასე მიჩქარებით, ასე დაუფიქრებლად ვერაფრით ამეხსნა. იმ კრებაზე, რომელზეც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამც თუ არ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომლებიც ფრონტს თვალით დავყურებდით, რომლებმაც კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგისა და ჩვენი ძალები, მათი და ჩვენი სულიერი განწყობა, არამედ არც კი შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენა არც კი ინებეს“.

1925 წლის 25 თებერვალს, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა განზომილება აქვს და მხოლოდ ორი მცირე ტექსტით ამ მოვლენის სრულფასოვანი გააზრება შეუძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალებს საქმის რეალური არსის გამომჟღავნების საინტერესო უნარი აქვთ - ხანდახან წვეთში ზღვა ჩანს.

ჩვენ კი, ქართველები, უნდა დავფიქრდეთ - ასე რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მხოლოდ კარგი გვინდა მისთვის, ზოგჯერ (გადამწყვეტ მომენტებშიც კი) რატომ არ ვითვალისწინებთ ხოლმე ელემენტარული საღი აზრისა და სიტყვა „პასუხისმგებლობის“ მოთხოვნებს?

მხოლოდ პასიური სიყვარული არ კმარა - პატიოსანი მსახურებაა საჭირო“, - წერ გია მურღულია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„შესაძლებელია კამათი საყვარელ ადამიანებთან, უმჯობესია დღე საოჯახო საქმეებს დაუთმოთ“ - ეკა კვარაცხელია 25 თებერვლის ენერგიებზე

„ხელსაყრელია ქორწილი, ბიზნესის გახსნა, დოკუმენტების ხელმოწერა“ - 25 თებერვლის პროგნოზი ფენ-შუის სპეციალისტისგან

„ბედნიერი იყავი ჩემო მაგარო, საოცარო, ყოჩაღო...“ - როგორ ულოცავს სალომე ბაკურაძე ლაშა ბასლანძის შვილს დაბადების დღეს