„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია. „პარტენოპეიმ“ სტუმრად „უდინეზესთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ისტორიაში მესამედ დაეუფლა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს.
აღნიშნულის შემდეგ, სანამ ქალაქში დიდი ზეიმი გაიმართებოდა, გასახდელში ერთი სახალისო ამბავი მოხდა, რაზედაც სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინი წერს.
„ვინც ერთხელ მაინც ყოფილა იტალიაში, სტადიონზე, იცის, როგორ მკაცრად მოწმდება ვინ, სად, როგორ და როდის შედის.
მიუხედავად ამისა, უდინეში, სადაც „ნაპოლი“ ფაქტობრივი ჩემპიონი გახდა, ნეაპოლელი ფანი, სალვატორე, ფეხბურთელების გასახდელში ისე შეიპარა, ვერავინ ვერაფერი შეამჩნია.
ცრემლებამდე ვიცინე რომ ჰყვებოდა:
„ნი ვიჟუს” (ეს მე მოვთარგმნე ასე ) ეფექტი გამოვიყენე. მატჩი რომ დამთავრდა ქვემოთ ჩავედი, ტელეფონიდან თავი არ ამიწევია, ჯიუტად მივდიოდი წინ. ასე მივადექი გასახდელს. გასახდელში რომ შევედი, ჯერ კიდევ არავინ იყო, ფეხბურთელები ისევ მინდორზე ზეიმობდნენ. პირველი ლობოტკა შემოვიდა, მხოლოდ ტრუსები ეცვა, ხელში შარფი და მაისური ეჭირა, ვთხოვე მოეცა. მერე ქამარი ცოტა შევიხსენი, რომ საჩუქრები შარვალში დამემალა.
ცოტა ხანში კვარა, კიმი და დანარჩენები შემოვიდნენ. ყველა ერთად მღეროდა, მეც მათთან ერთად ვხტუნაობდი, როგორც მათიანი, ისე აღვნიშნავდი გამარჯვებას. ვის რა მაისურს ვართმევდი აღარ ვიცი, თავი პატარა ბავშვი მეგონა ატრაქციონების პარკში, სანამ რაჰმანიმ არ შემამჩნია. მომიბრუნდა და სიცილით მითხრა - „შენ ვინ კაცი ხარ”?!
დაცვამ გასასვლელისკენ წყნარად გამომაცილა. ერთი სურვილი მაქვს, რაჰმანი ვნახო და ვუთხრა, რომ მე ვიყავი“.
მიყვარს ნეაპოლელები“, - წერს ნინა მამუკაძე-სორდინი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ქალღმერთი, ქალი კაშკაშა“ - ეკა კახიანის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა