Digest Logo

„მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე“ - შალვა კეკელია იუბილარია, დეკანოზი 47 წლის გახდა

1750161293
შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია იუბილარია, იგი 17 ივნისს 47 წლის გახდა.

მამა შალვა კეკელია სამეგრელოში, მრავალშვილიან ოჯახშია დაბადებული და გაზრდილი. თავად სამი შვილის მამაა. ამბობს, რომ ახალგაზრდობიდან ბერობა უნდოდა, მაგრამ მომავალი მეუღლის, ქეთი ხუსკივაძის, გაცნობამ ოჯახის გარეშე ცხოვრება გადააფიქრებინა.

მამა შალვას დაბადების დღესთან დაკავშირებით, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ოფიციალურ გვერდზე მისალოცი ტექსტი გავრცელდა:

„დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენი ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შალვა კეკელიას მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე“, - წერია თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დაიჯესტი“ კი  გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

„ბაბუა სულ ამბობდა, მონაწილეობა მაქვს მიღებული ტაძრის დანგრევაშიო და, იცით, რას გულისხმობდა? ჩვენს სოფელში ტაძარია დანგრეული. მიყვებოდა, როცა ანგრევდნენ, 14 წლის ვიყავი და სახლიდან ვერ გამოვედი, ვერ შევეწინააღმდეგე, რადგან ბავშვი ვიყავი და შემეშინდა. მინდოდა, ტაძრის შუაში დავმდგარიყავი და ის ნანგრევები მე დამყროდა თავზე, მაგრამ მაშინ ამის ძალა არ მეყოო. ამიტომ მთელი ცხოვრება თვლიდა, რომ ისიც თანამონაწილე იყო იმ ტაძრის დანგრევის.

წლების წინ, ღვთის მადლით, ჩვენი სახლის წინ ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ბაბუაჩემი ძალიან ბრძენი კაცი იყო და ყველა მას ეკითხებოდა აზრს სხვადასხვა საკითხებზე. ეს ტაძარი მერაბ გაბუნიამ ააშენა. მისი მამა, იოველ გაბუნია, კომუნისტი იყო და ამის გამო ბაბუა და ის ერთმანეთს ხმას არ სცემდნენ. კომუნისტების დროს მიწები ჩამოგვართვეს და დაპირისპირება ჰქონდათ. ამ დროს ორივე ძალიან უყვარდა მთელ სოფელს. იველიც ძალიან კარგი ადამიანი იყო.

ბაბუამ როცა დაინახა, ტაძრის მშენებლობა დაიწყო და საძირკველი ჩაეყარა, მაშინ შეხვდა იველ გაბუნიას, ჩაეხუტა და უთხრა, მთელი ცხოვრება დაპირისპირებულები ვიყავით და შენზე კარგი კაცი ამ სოფელში არავინ ყოფილა. მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება შენმა შვილმა აასრულა და ღვთისმშობლის ტაძარი აგვიშენაო.

ამ ტაძრის საძირკვლის კურთხევაზე საქართველოს პატრიარქი იყო ჩამობრძანებული. პატარა ვიყავი და ხეზე ამძვრალი ვადევნებდი თვალს და ფოტოებს ვიღებდი. ძალიან მომინდა პატრიარქთან ახლოს მისვლა.

ხალხში შევიპარე და უწმინდესთან მივედი. ვუთხარი, დამლოცეთ-მეთქი. დამლოცა და ლოცვანი მაჩუქა – შვიდგზის ლოცვები. ეს იყო ჩემი პირველი ლოცვების წიგნი. მერე მერაბ გაბუნიამაც მაჩუქა ლოცვების წიგნი და იმ პერიოდიდან დავიწყე ლოცვა.

შინაგანად სულ მქონდა ღმერთთან ყოფნის სურვილი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ეს რა იყო და არც არავინ მყავდა გვერდით, ვინც სასულიერო ცხოვრებას ამიხსნიდა.

დედაჩემის მამა რომ გარდაიცვალა, მის ცხედარს ვუვლიდი. დედაჩემის მეგობარმა მითხრა, შენ ახლა ბაბუას ვერაფერში ეხმარები, ფსალმუნები წაუკითხე, მარხვა დაიცავიო.

ეს ის დრო იყო, სამხედრო აკადემიაში რომ ვაპირებდი ჩაბარებას. აფხაზეთის ომი ახალი დამთავრებული იყო და ძალიან მინდოდა, აფხაზეთში წავსულიყავი. ომი რომ დაიწყო, გაპარვა ვერ მოვახერხე, პატარა ვიყავი. დედაჩემის მეგობარმა მითხრა, სამხედრო აკადემიაში კი არა, სასულიერო სემინარიაში ჩააბარეო. მითხრა, რომ მოძღვარი უნდა მყოლოდა, ქრისტიანულად უნდა მეცხოვრა.

შობის მარხვა მოდიოდა. მაშინ ჩამოვიდა ჩვენს სოფელში გამოცდილი პედაგოგი – ლია სალაყაია. იგი დადიოდა სოფელ-სოფელ და ადამიანებს გალობას ასწავლიდა, თან ესაუბრებოდა. ჩვენს სკოლაშიც მოვიდა და მან უფრო მეტად გამიღვიძა სემინარიაში ჩაბარების სურვილი, ბევრი რამ მიამბო.

ისე მივედი სასულიერო სასწავლებელში, არაფერი ვიცოდი. არ ვიცოდი, ლოცვები თუ ხუცურად უნდა წამეკითხა. მალე ვისწავლე ხუცურის კითხვა, ჩავაბარე სემინარიაში და სტიქაროსანიც გავხდი. სემინარიაში რომ მივედი, გავიცანი მამა გიორგი ზვიადაძე, რომელიც ჩემი მოძღვარი გახდა. ის პირველი სასულიერო პირი იყო, რომელმაც გულში ჩამიხუტა და თბილად მომექცა.

მამა გიორგი მაშინ გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა და გიორგობა დღეს, 6 მაისს პირველად იქ ვეზიარე. ზიარების წინ მამა გიორგი გაჩერდა, შემომხედა და მითხრა, ახლა ქრისტე უნდა ჩაგაბარო, შენ მიიღე ქრისტე და მას არასოდეს უღალატოო. ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა ჩემზე…

გლდანიდან ტრანსპორტით სემინარიაში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ ავტობუსში ვერ გავჩერდი, ჩამოვედი და ფეხით წავედი საულიერო სემინარიამდე“.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უზარმაზარ, ძალიან დიდ იასამანს ვაჩუქებდი, დიდი ტრაილერით სავსე ვარდებს და იასამნებს“ - ზაზა კოლელიშვილი ლიკა ქავჟარაძეზე

ქეთო თოფურიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს - „სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან წარმატებები გქონდეს“

🎥 „ერთად ვვარჯიშობთ, ვამზადებთ საჭმელს, ვშლით სუფრას, ვალაგებთ...“ - ეთერ ლიპარტელიანი მეუღლის როლზე ისტორიულ გამარჯვებაში