18 თებერვალი შესანიშნავი დღე აღმოჩნდა ქართველებისთვის.
UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ჰყავს. MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.
ხოლო,UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, რაც საბოლოო ჯამში ბრძოლა მერაბის სრული დომინაციით დასრულდა.
ბიჭების ამ წარმატებას სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების მხრიდან არ წყდება კომენტარები, სტატუსები თუ ფოტოები, ყველანი ბიჭების გამარჯვებას ზეიმობს.
გთავაზობთ ცნობილი ადამიანების გამოხმაურებებს, აღნიშნულ თემაზე:
„მთელი საქართველო ამაყია თქვენი გამარჯვებებით!
ილია, გილოცავ ჩემპიონობას, მერაბ, შენ საჩემპიონო ბრძოლა წინ გაქვს. მიხარია, რომ თქვენი გამარჯვება და ეს სიხარული დარბაზში ვიზეიმე,“- წერს ზაზა ფაჩულია.
„ორი დღეა ვინ ვის ურტყამს კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ეს ბიჭები საქართველოს ისტორიას რომ წერენ, ამას კი ვხვდები“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
„ვოლკანოვსკების ოჯახში თუ რამე ქამარი გაქვთ დაიდოს. გილოცავ ილია, გილოცავ მერაბ, გილოცავ საქართველო,“ - წერს გიორგი გაბუნია.
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კი ინსტაგრამის სთორზე ილიას და მერაბის ფოტოს აქვეყნებს და ასე ულოცავს:
„ამ დილას ჩვენმა ბიჭებმა - ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა დიდი გამარჯვებები მოიპოვეს.
ჩვენი ქვეყნისთვის ეს დასაფასებელი წარმატებაც არის და შესანიშნავი ემოციაც - საქართველოს ძალიან უხდება ასეთი ერთსულოვანი (ზოგიერთთა ქილიკი, რა თქმა უნდა, მხედველობაში მისაღები არ არის) სიხარულის გამოხატვა!
ხომ თითქოს არაფერი - სპორტია მერე, რა მოხდა?!
რა მოხდა და - მნიშვნელოვანი რამ:
ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს და დაადასტურეს, რა შეუძლია მიზანსწრაფულ, შრომისმოყვარე, მაღალი მიზნების დამსახველ ქართველს!
ისინი მაგალითები არიან იმისა, თუ რას ნიშნავს საკუთარი საქმის სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა - წარმატება გარჯისა და მუდმივი დახვეწის, სრულყოფისკენ სწრაფვის გარეშე არავისთან მიდის.
ეს დღეები ჩვენი სპორტსმენები ყველგან იმარჯვებენ.
საქართველოს სჭირდება ასეთი გამარჯვებები და პოზიტიური განწყობა - ჩვენ ბევრ საქმეში (პოლიტიკაში, ეკონომიკაში, განათლებაში, კულტურაში) გვმართებს შემართების, მიზნისკენ რაციონალური სწრაფვის, ვექტორული ენერგიის გამოვლენა და საჯარო დემონსტრირება.
დღეს გამთენიისას ნამდვილი ქართული სული მერაბმა და ილიამ წარუდგინეს მთელ მსოფლიოს - პატივისცემა და აღიარება მათ ამისთვის!
არც ღმერთი, არც ერი და არც კაცი უყურადღებოდ არ დატოვებენ იმ შესანიშნავ შეგრძნებას, რაც მათ აჩუქეს ჩვენს სამშობლოს.
გაუმარჯოს საქართველოს და ქართველებს!“ - წერს გია მურღულია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გაჭირვებული ოჯახი, ფარული სიკეთეები და ქორწილის უცნობი დეტალები - ბიძინა ივანიშვილი იუბილარია
⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ