Digest Logo

„მთელი ტანით აცახცახდა და ავტოსადგომზე შეშლილივით ჩაირბინა“ - ამონარიდი წიგნიდან, რომელიც ილია თოფურიას დედაზე იწერება

1721116179
გიორგი კეკელიძე

ესპანეთში მოიხაზა ბოლო კონტურები წიგნისა, რომელიც მსოფლიოს დაუჯერებელ ისტორიას მოუყვება ქალზე, რომლის შვილიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქალზე, რომელმაც სოხუმიდან ალიკანტემდე დიდი და ტრაგიკული გზა გაიარა და ამ გამარჯვების თანაზიარი გახდა.

აღნიშნული წიგნი ინგა ბენდელიან-თოფურიაზე, UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას დედაზე იწერება.

წიგნიდან მიღებული ჰონორარის ნაწილი, ქართველი გმირის, აგვისტოს ომის დროს ტრაგიკულად დაღუპული, გიორგი ანწუხელიძის შვილებს დაენიშნებათ.

წიგნიდან ამონარიდს მწერალი, წიგნის ავტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„2012 წელს ინგამ და ზაზამ ბავშვების ესპანეთში ჩაყვანის უფლება მიიღეს.

ზაზა სტამბოლში წავიდა დასახვედრად. სამი დღე იქ ელოდა. თურქეთიდან მანქანით დაიძრნენ. მადრიდი. ვალენსია. ალიკანტე.

ინგა მთელი კვირა აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა გზაზე თვალმიშტერებული. მე მგონია, რომ თუ ადამიანი ჯოჯოხეთში მოხვდება, მას უსასრულო ლოდინი მიესჯება. არაფერია მოლოდინზე მტანჯველი რამ, თუნდაც უმძიმეს განაჩენს ელოდე. თვითონ განაჩენი გირჩევნია ასრულდეს, ვიდრე ლოდინი გაიწელოს. ასეთია ადამიანი. ასეთია ფიქრი. მოტორის ყველა ხმა ღერ სიგარეტს წამებში ამთავრებდა. ხელები ჯიუტად უკანკალებდა.

მორიგი აივნის დღე საღამოვდებოდა, როცა ზაზას მანქანა გამოჩნდა. ინგა მთელი ტანით აცახცახდა და ავტოსადგომზე შეშლილივით ჩაირბინა. ჩაირბინა და ცეკვავდა.

ცეკვავდნენ ბავშვებიც. ცეკვავდა ზაზაც. უმუსიკო იყო ეს ცეკვა. არის ცეკვა, რომელსაც მუსიკა არ სჭირდება. ყველაზე დიდი სიხარულის ცეკვაა ასეთი, თან ხედავ და თან გესმის კიდეც - ხმადაც გამახსოვრებდა.
და დაიწყო:

წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც ალიკანტეს ბაღებში დადის და თუ სპორტსმენის მსგავსს დალანდავს ვინმეს, ყურებზე აკვირდება - ეგებ და მოჭიდავეა. მოჭიდავის ყურებს ხომ ერთი სპეციფიკური ნიშანი აქვს - შესამჩნევად გადატეხილია. და ამას რომ წარმოიდგინეთ, დაუმატეთ ისიც, რომ ერთ დღეს ინგამ მართლა იპოვა ასეთი კაცი. კაცი ძაღლთან ერთად იდგა და თავისთვის ფიქრობდა.

- გამარჯობა. ბოდიში, ალბათ ასე უცნაურად არავინ გაგიცნიათ, მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხოთ, მოჭიდავე ბრძანდებით?
- ვიყავი - გაიღიმა კაცმა - ახლა სხვას სპორტს მივსდევ.
- მაშინ გკითხავთ ამასაც; ხომ არ გეგულებათ ალიკანეტში დარბაზი, სადაც კიოკუშინკაიში ავარჯიშებენ?
- თქვენთვის გინდათ? - იხუმრა კაცმა.
- ჩათვალეთ რომ კი, მე და ჩემი ბიჭები ერთნი ვართ.
- კიოკუშინკაი არა - კვლავაც გაიღიმა კაცმა - მაგრამ არის ცნობილი ცენტრი, სადაც ჯიუ-ჯიცუს და გრეპლინგს ასწავლიან. მისამართს მოგცემთ.
ჯიუ-ჯიცუ შერეული ორთაბრძოლების იაპონური სახეობაა, გრეპლინგი კიდევ ჯიუ-ჯიცუს ევროპული სახეცვლილება.
ზაზამ - შესანიშნავი არჩევანიაო.

ასე დაიწყო კლიმენტ-კლუბის ერა. და დაიწყო იმით, რომ ბიჭები იქ დამხვედრმა ჰამლეტ პერეს დიასმა გასინჯა.

სიტყვა, რომლითაც შესაფასეს ილია და სანდრო, უცხო არ ყოფილა - ,,გამორჩეული’’. ხორხე და აუგუსტინი დაუდგნენ მწვრთნელებად. თავიდან ზაზა დაჰყვებოდა შვილებს თარჯიმნად, თუმცა ერთხელ ძმებმა განაცხადეს, მარტო ვივლითო. წავიდნენ და ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრები მოიტანეს.

ილია ამბობდა, რომ გზა, რომელზედაც მოხვდა, სახლში მიიყვანდა. მან ეს სახლი რუსთავში ააშენა - მაშინ, მეგობრის სარდაფში, ცელოფნის პარკებში გახვეული რომ იგდებდა წონას. ეს სახლი მწვერვალზე იდგა და კარზე ჩემპიონი ეწერა. ილიას ამ სახლში უნდა ეცხოვრა. ილია სულ ჩემპიონი უნდა ყოფილიყო. ასე გადაწყვიტა ერთ ცხელ, მოსაწყენ დღეს, საქართველოს ერთ არც მთლად პატარა ქალაქში.

ბიჭებმა თქვეს, რომ უკვე დიდები არიან და რომ ბევრ რამეს თვითონ მიხედავენ. მაგალითად სპორტული სამოსისთვის საჭირო ფულს. სასტუმროს პლაჟზე შეზლონგებს ალაგებდნენ და იმავე სასტუმროში, რომლის სახელიც Meliá Alicante  სხვადასხვა საქმეში ეხმარებოდნენ იქაურ მენეჯერს. მერე ვარჯიშზე მიდიოდნენ და საღამო ისევ სასტუმროში ბრუნდებოდნენ. მეპატრონემ იოლად შეამჩნია ძმები და საუკეთესო ველოსიპედები უყიდა.
ოცნებები ნელ-ნელა სურვილებად იქცნენ. სურვილებად და მიზნებად.

ილია პირველად ოქტაგონზე რომ გავიდა, ფეხზე ძლივს დადგა, რადგან ტატამს იყო დაჩვეული, მაგრამ უცნაურად მალე იგრძნო სიმყარე. და მიხვდა, რომ სწორედ ესაა მისი დედამიწა, რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს. მისი მიზიდულობის მთავარი ცენტრი.

მალე მადრიდში არნოლდ შვარცენეგერი ჩამოვიდა. შვარცენეგერი ის კაცია, ოთხმოცდაათიანებში და ბარემ მერეც, მისი ერთი პლაკატი მაინც, საქართველოში, ყველა ბიჭის საწოლთან რომ იყო გაკრული. ლეგენდარულმა ტერმინატორმა ტრადიციული ტურნე ჩაატარა ესპანეთში - Arnold Fighter. და ეს შეჯიბრება ილიამ მოიგო. არის კიდეც ფოტო შემორჩენილი - გახარებული ილია და გაღიმებული შვარცენეგერი - კაცი ბავშვობის კედლიდან.
მერე გახარებული ილიას ფოტოები გამრავლდა. ქამრები. თასები. მედლები. დიპლომები - საგანგებო თაროები უიმედოდ ჩაიზნიქნენ.

მატადორი დაუმარცხებელი იყო, თუმცა მაშინ არ ერქვა მატადორი. სახელის ამბავსაც საკუთარი ისტორია აქვს, როგორც ყველაფერს, რასაც ამ წიგნში გადააწყდებით. ილიას ბავშვობაში ანტონიო ბანდერასის გმირის ის სიმღერა ჰქონდა აკვიატებული, როდრიგესის Desperado რომ იხსნება. ხომ გახსოვთ ეგ სცენა? გიტარა, როგორც საკრავი. გიტარა, როგორც იარაღი. ხომ ჰგავს რაღაცის სახელს - ,,ბრძოლების ხელოვნება’’. ჰგავს. მერე გაიგო, რომ კაცს, ანტონიო ბანდერასს, სხვა ფილმებშიც უთამაშია და მათგან ერთს, Desperadom-მდე ბარემ ათი წლით ადრე გადაღებულს - Matador - ჰქვია. ალმოდოვარი. მერე წაიკითხა, რომ მატადორი იგივე ტორეადორი იყო, ხარებთან მებრძოლი კაცი. მერე, უკვე დიდ მარაქაში გარეულს, ჰკითხეს, რა იქნებოდა მისი საბრძოლო ზედმეტ სახელი და ილიამ დაუფიქრებლად უპასუხა: El Matador.

მაგრამ, ეს იყო მერე.

მანამდე კლიმენტ-კლუბის ოფისში UfC - ის ზარი გაისმა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქართველობა - მსოფლიოში ყველაზე მაგარი ხალხი... რატომ? უყურეთ ვიდეოს და მიხვდებით“ - გიორგი კალანდია

„ყველაფერი გიხდება“ - შორენა ბეგაშვილის საოცნებო მოგზაურობა გრძელდება

🎥 ლეილა ყიფიანი იუბილარია - კინოვარსკვლავის ცხოვრების უცნობი ფაქტები