Digest Logo

„მუშაობდა დღეში 12 საათი, კვირაში 6 დღე. ათრევდა უმძიმეს ტომრებს, თლიდა ასობით კგ კარტოფილს“ - რას წერს ნუცა სურგულაძის დედა

1694934089
ნუცა სურგულაძე

„მასტერშეფის” გამარჯვებულ ნუცა სურგულაძის დედა  ნინა პერტენავა სოციალურ ქსელში შვილის შესახებ წერს და იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როდესაც ნუცა კარიერის აწყობას და საოცნებო პროფესიის შესწავლას ცდილობდა.

„ახლა არის კვირა დღე, დილის 8 საათი, უკვე 3 საათია ნუცამ გაიღვიძა და მუშაობს თავის საყვარელ სამზარეულოში. რატომ ვწერ ამას? იმიტომ, რომ ნუცას აქვს საოცარი უნარი ყველა თავისი ოცნება აქციოს რეალობად, მაგრამ ხშირად არ ჩანს თუ როგორი შრომის ფასად აკეთებს ამას.

16 წლისამ გადაწყვიტა თავისი ოცნების პროფესია ესწავლა, თან ესწავლა ამ დარგის საუკეთესო პროფესიონალებისგან. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყვეთ ხელი, რომ გაცვლითი პროგრამით წასულიყო საფრანგეთში.

ნუცა იმდენად მოტივირებული იყო, რომ ყოველგვარი გამოცდილების გარეშე პირველივე გასაუბრებაზე აიყვანეს გორდონ რამზის რესტორანში. მუშაობდა დღეში 12 საათი, კვირაში 6 დღე. ყოველ ღამე ერთად ვტიროდით ტელეფონზე საუბრის დროს, იმდენად რთული იყო მისთვის ეს სამუშაო. რომ იყო არასრულწლოვანი და სუსტი - ეს არაფერს ნიშნავდა, მას სთხოვდნენ ისევე, როგორც სხვა თანამშრომლებს (ერთადერთი გოგო იყო უზარმაზარ კოლექტივში) ნუცა ათრევდა უმძიმეს ტომრებს, თლიდა ასობით კგ კარტოფილს, ძლიერი ქიმიკატებით ხეხავდა და წმენდდა ყოველ დღე იატაკებს, კედლებს, გაზქურებს, მოკლედ ყველაფერს. როცა გადაიყვანეს ბოსტნეულის დაჭრაზე - დაჩეხილი ჰქონდა თითები, ცხელ კერძების მომზადებისას - უამრავ დამწვრობას იღებდა, ვევედრებოდი რომ ასე ნუ წვალობდა და წამოსულიყო, მაგრამ იმდენად უყვარდა და აინტერესებდა ეს პროფესია, რომ ბოლომდე შეძლო ესწავლა ყველაფერი იმდენად კარგად, რომ საუკეთესო ინტერნად დასახელდა და მიიღო მუშაობის შეთავაზება მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნისგან. იქ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები იყო, მეტი მოთხოვნა და მეტი პასუხისმგებლობა. შუაღამისას, ეკონომიის მიზნით ფეხით ბრუნდებოდა სახლში, ზოგჯერ წვიმაშიც, ღონედაცლილი და გამოუძინებელი კი დილის 8-ზე ადგილზე იყო და არც ერთი დღე არ გაუცდენია.

ჩემთან არავის აკრიტიკებდა, არ წუწუნებდა, თან მაწყნარებდა, რომ ძალიან ძლიერი იყო და ყველაფერს მიაღწევდა. ეგრეც მოხდა... მას შესთავაზეს გრძელვადიანი კონტრაქტი პარიზში, თავის საოცნებო პოზიციაზე, სხვა დროს რომ 2 წელი მოუწევდა ამ პოზიციამდე მუშაობა. მაგრამ ნუცა ჩამოვიდა საქართველოში, გამოცადა საკუთარი თავი მასტერშეფში და გაიმარჯვა, იმიტომ, რომ 24 საათი ტესტავდა რეცეპტებს, სვამდა გემოებს, სხვა არაფერზე ფიქრობდა.

მახსოვს ფინალში სანამ გამოაცხადებდნენ გამარჯვებულს, კინაღამ გული წამივიდა ემოციებისგან. შემდეგ ძალიან ვხალისობდი კომენტარებზე, სადაც ხალხი სრული სერიოზულობით წერდა, რომ დედამ ჩაუწყო გამარჯვებაო (მე ასეთი ძლევამოსილი და ყველა ერთად უპრინციპოები რომ ვეგონეთ). მე ძალიან მჯეროდა მისი გამარჯვების, მხოლოდ მე მჯეროდა.

ნუცა, ისევე როგორც მე წლების წინ, დაბრუნდა საქართველოში, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყანაში დააბანდოს, ჩამოიყვანა საუკეთესო შეფი საფრანგეთიდან და უმაღლესი სტანდარტების დაცვით, ააწყვეს თავისი საქმე. უამრავი სირთულე გაიარა, წინ კიდევ ბევრი სირთულე ექნება, მაგრამ ნუცა ჩემთვის ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერი ნატვრა რეალობად შეიძლება აქციო მაშინაც კი, როდესაც ეს თითქმის შეუძლებელია. გადადგით ნაბიჯი საკუთარი მიზნისკენ და არ გაფლანგოთ დრო მიზეზების ძებნაში ან გარემოებების დადანაშაულებაში, თუ რატომ ვერ მიაღწიეთ მიზანს“, - წერს ნინა პერტენავა.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„არანორმალური სისწრაფით ჩაიქროლა ვიღაც ახლად აღზევებულმა მდაბიომ“ - რა შეემთხვა ნათია ფანჯიკიძეს

🎥 „მელოდეთ“ - მიშა მესხი სოციალურ ქსელში გამოჩნდა

🔵მსახიობი ანკა ვასაძე „ფორმულას“ დილის გადაცემის წამყვანი გახდა